„გლდანის ე.წ. პატარა ტბას მალე სარეკრეაციო ზონად გადავაქცევთ“ – გიგა გიგაშვილი

„გლდანის ე.წ. პატარა ტბას მალე სარეკრეაციო ზონად გადავაქცევთ“ – გიგა გიგაშვილი

272
გაზიარება

გლდანის ე.წ. პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს. ტბა ბუნებრივი წარმოშობისაა, მისი სიგრძე 300, ხოლო სიგანე 170 მეტრია. იმისათვის, რომ იქ სტუმრობა ყოველი მოქალაქისთვის სასურველი იყოს,  ტბის მიმდებარედ პარკი მოეწყობა და არსებული ტერიტორია მთლიანად შეიცვლის იერსახეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „იმედის“ ეთერში გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა ისაუბრა.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გლდანის ე.წ. პატარა ტბას მალე სარეკრეაციო ზონად გადავაქცევთ, სადაც, როგორც მეთევზეებს, ისე რიგით დამსვენებლებს შეეძლებათ სტუმრობა და დღის სასიამოვნოდ გატარება. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, ის განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენ ევროპის საბჭოსთან ერთად შევქმენით პლატფორმა, რომელიც საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს. პლატფორმის შესაბამისად, ჩვენ გავმართეთ შეხვედრები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, საფრანგეთსა და უკრაინაში, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე ადგიობრივი თემისა და გამგეობის წარმომადგენლები, მოსახლეობასთან ერთად. საბოლოო საჯარო განხილვას, დაახლოებით, 100 ადგილობრივი მოსახლე დაესწრო, სადაც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით პროექტის კონცეფციაზე, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ ამ ტერიტორიის პროექტირების შესახებ ტენდერი გამოვაცხადეთ.

როგორც იცით, ამ სივრცეში საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხვდება ინერტული ნარჩენები, რაც აბინძურებს მიმდებარე ტერიტორიას. პირველ რიგში, უნდა გასუფთავდეს მთელი ეს ზონა, ხოლო შემდგომ დაიწყოს კეთილმოწყობის სამუშაოები. აქ მოეწყობა გასართობი სივრცეები, ველობილიკი, განათებული სასეირნო ბილიკები, რაც ამ ადგილს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სივრცედ აქცევს გლდანის მოსახლებისთვის.

ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ადგილობრივებს ჰქონდათ, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ადგილი მოემსახურება აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ კატეგორიას, მათ შორის გართობის, დასვენებისა და ვარჯიშის მსურველებს. ჩვენ ვცდილობთ ყველა ის ატრაქცია შევთავაზოთ მოსახლეობას, რომელიც მათთვის იქნება სასურველი.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ სივრცის დასუფთავების სამუშაოები გულისხმობს არა მხოლოდ ტბის მიმდებარე ზონის, არამედ თავად წყლის გაწმენდით სამუშაოებსაც, სადაც წლების განმავლობაში გროვდებოდა ნარჩენები. რაც შეეხება გამწვანებას, ის ჩვენთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, გათვალისწინებულია პროექტში და გულისხმობს ძალიან ბევრი ხისა და მცენარის დარგვას. გარდა ამისა, აქ არსებულ ფერდობთან დაკავშრებით, ვაპირებთ, რომ იგი აღვადგინოთ, მასზე გავაშენოთ ტყე და გავაკეთოთ ერთგვარი ცოცხალი ღობეები, რათა მაქსიმალური სიმყუდროვე შევუქმნათ მოსახლეობას.

პროექტს მხოლოდ დედაქალაქის მერია არ ახორციელებს. ამაში ჩართული არიან როგორც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე მოქალაქეები. ამიტომ, ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდა პოზიციების შეჯერებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისთვის, რომელიც უკვე მზად არის და გადაგზავნილია შესაბამისი სამსახურებისთვის, შესაბამისად, გამოცხადებულია ტენდერიც. მას შემდეგ, რაც ყველა პროცედურულ საკითხს გავივლით და ხარჯთაღრიცხვა გვეცოდინება, ძალიან მალევე გამოცხადდება სამშენებლო სამუშაოების ტენდერი.”

კომენტარი