„ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, მაქსიმუმ, 3-სართულიანი სავაჭრო ცენტრი განთავსდება“

„ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, მაქსიმუმ, 3-სართულიანი სავაჭრო ცენტრი განთავსდება“

191
გაზიარება

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, მოდერნიზების შემდეგ, მაქსიმუმ, 3-სართულიანი სავაჭრო ცენტრი განთავსდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.

„პროცესში, რომელიც მუნიციპალიტეტმა წამოიწყო, ჩართულია ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული ყველა უძრავი ქონების მესაკუთრე და მათთან კოორდინაციით ხდება მოდერნიზაციის პროცესის გეგმარება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 1 წლის წინ, როდესაც ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა დამტკიცდა, ამ გეგმის ფარგლებში ეს ტერიტორია უნდა დაგეგმარდეს ერთიანად და არა ცალ-ცალკე, თავისი კომუნიკაციებით, ახალი გზათა ქსელით, სავაჭრო და რეკრეაციული სივრცეებით და დაიწყოს ერთიანი მოდერნიზება. იცით, რომ ტერიტორიას ბევრი მესაკუთრე ჰყავს და ქაოსურად ხდებოდა „განაშენიანება“. ეს პროცესი შეწყდება. მუნიციპალიტეტი თავისი სახსრებით შეისყიდის ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმას და შემდეგ უკვე მესაკუთრეები თავისი სახსრებით დაიწყებენ ამ პროექტის განხორციელებას. რაც ყველაზე მთავარია, მოხდება ბაზრობის მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ბაზრობის გადატანა – არგადატანის საკითხიც უკვე ცხადი ხდება. აქ დარჩება თანამედროვე სავაჭრო სივრცე და ის ადამიანები, რომლებიც დღეს იქ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ, გააგრძელებენ ეკონომიკურ საქმიანობას მოწესრიგებულ და უსაფრთხო გარემოში“, – განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება ზეთებს, მეორად საბურავებს, ჯართს, ხმალაძე ამბობს, რომ „ეს არის აბსოლუტურად სხვა საკითხი, რომელიც კანონით არის რეგულირებული“.

„ახლა მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო წესებზე მუშაობს და საკითხი გადაწყდება ისე, როგორი წესებიც დამტკიცდება. შეიძლება იქ, იმ ტერიტორიაზე აღარ გაიყიდოს კონკრეტული საქონელი და მოხდეს სხვა საქონლით რეალიზაცია“, – განაცხადა ხმალაძემ.

ხმალაძის ინფორმაციით, ტერიტორიაზე 1, 2 მაქსიმუმ 3-სართულიანი შენობის აშენება იგეგმება. ამასთან, ვიცე-მერი აცხადებს, რომ „ამას ბევრი წელი დასჭირდება“.

„ბაზრობის ტერიტორიას ჰყავს 12 მესაკუთრე, იურიდიული პირი ჰყავს და 12-ივე მათგანთან გუშინაც კი გვქონდა შეხვედრა. ძალიან მახარებს, რომ ეს კოლექტივი საკმაოდ გაგებით ეკიდება ამ პროცესს, ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა და ინტერესები არ ეკვეთება ერთმანეთს. მთავარი პრინციპი რაზეც შევთანხმდით ის იყო, რომ ქაოაურ განაშენიანებას აღარ გააგრძელებენ. მნიშვნელოვანია ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა გაგრძელდეს. განაშენიანება ეტაპობრივად განხორციელდება“, – განაცხადა ხმალაძემ.

წყარო: kvira.ge

კომენტარი