როგორ აფასებს „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ელიავას ბაზრობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას?

როგორ აფასებს „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ელიავას ბაზრობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას?

516
გაზიარება

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენგეგმაზე დაყრდნობით, დედაქალაქის მერია შეიმუშავებს განაშენიანების რეგულირების გეგმას, რომელიც ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მოწესრიგებას ისახავს მიზნად. მასში დეტალურად იქნება გაწერილი გზათა ქსელის, კომუნიკაციების, რეკრეაციული და სავაჭრო  სივრცეების მოწყობის ერთიანი გეგმარების პრინციპები. ამავე დროს, აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ჩატარდება კვლევები სატრანსპორტო მოძრაობის ორგანიზებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ საპროექტო არეალში. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, მერია და ბაზრობის მეპატრონეები შეთანხდნენ, რომ ეს სავაჭრო სივრცე არსებობას დღევანდელი ფორმით ვეღარ გააგრძელებს.

ქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ კი განაცხადა, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, მოდერნიზების შემდეგ, მაქსიმუმ, 3-სართულიანი სავაჭრო ცენტრი განთავსდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას „სითი კვირასთან“ საუბრისას აფასებს გენგეგმის ერთ-ერთი ავტორი, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე. ის მიესალმება იმ ფაქტს, რომ ელიავას ბაზრობა დღევანდელ იერსახეს და ფუნქციონირების ფორმას მნიშვნელოვანწილად შეიცვლის და მიიჩნევს, რომ აუცილებელია, განაშენიანების რეგულირების გეგმაში საკმაოდ დიდი ადგილი დაეთმოს რეკრეაციისა და გამწვანების კომპონენტს, როგორც ეს უშუალოდ გენგეგმის დოკუმენტშია ასახული.

„ის გარემოება, რომ ელიავას ბაზრობა, დღევანდელი, სრულიად უგვანი და მახინჯი სახით არ უნდა ფუნქციონირებდეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში და ამაზე შეთანხმება მიღწეულია, მხოლოდ ესეც კი იკმარებდა განახლებული გენგეგმის წარმატების ფაქტორად. ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი დამეთანხმება ალბათ, რომ  იმ ფორმით არსებობა, როგორითაც ათწლეულების განმავლობაში ფუნქციონირებს კონკრეტულად ეს ბაზრობა, სირცხვილია არა მხოლოდ  თბილისის მერიის ხელმძღვანელობისა, არამედ თითოეული ჩვენგანისაც. ბუნებრივია, ქალაქისათვის ამ უმნიშვნელოვანეს ქალაქგეგმარებით დოკუმენტზე მუშაობისას, გენგეგმის ჯგუფს არ შეეძლო გვერდი აევლო ამ უმწვავესი პრობლემისთვის. მით უფრო, როდესაც კარგად ვიცოდით, რომ იქ ეკოლოგიასთან თუ ტრანსპორტთან დაკავშირებული უმწვავესი პრობლემები რეალურად არსებობს. ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ მსხვილი სავაჭრო ტიპის ობიექტების ქალაქის ცენტრში ან მის უშუალო სიახლოვეს არსებობა არ არის ეკონომიკური  და ურბანული თვალსაზრისით გამართლებული და ამაზე ჩვენ მიერ შესაბამისი ინფორმაცია წლების წინ მიეწოდა ქალაქის ხელმძღვანელობას.

ფაქტია, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმამ უნდა თქვა ის, თუ კონკრეტულად რა სახით მოხდება საპროექტო არეალის დაგეგმარება და ტერიტორიის მომავალი განვითარება. რაც შეეხება გენგეგმას, მასში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ამ ტერიტორიის დაგეგმარების სტადიაზე, უპირატესობა რეკრეაციასა და გამწვანებას უნდა მიენიჭოს, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში სრულიად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. კონკრეტული მსჯელობისა და საჯარო განხილვისათვის მნიშვნელოვანია, მივიღოთ განაშენიანების რეგულირების გეგმის პირველადი მასალები, სადაც სავაჭრო ობიექტის ფუნქციონირების საკითხი მრავალმხრივი, მათ შორის, ეკოლოგიური, სოციალური, სატრანსპორტო თუ საინჟინრო ასპექტების შესწავლისა და ანალიზის კუთხითაც იქნება განხილული“ – აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

კომენტარი