„შენ შეგიძლია გახადო სამყარო უკეთესი“ – ბიზნესმენი, რომელმაც ესტონეთი ნაგვისგან გაწმინდა

„შენ შეგიძლია გახადო სამყარო უკეთესი“ – ბიზნესმენი, რომელმაც ესტონეთი ნაგვისგან გაწმინდა

275
გაზიარება
ესტონელმა მეწარმემ, ბუნების დამცველმა, სპორტსმენმა, რაინერ ნილვაკმა საკუთარი მაგალითით დაამტკიცა: ბიზნესმენებს შეუძლიათ არა მხოლოდ გამოიმუშაონ ფული, არამედ გახადონ სამყარო უკეთესი. მან დააარსა დიდი საინფორმაციო პორტალი Delfi, დააარსა კომპანია Microlink Baltics და Celecure. გარდა ამისა, ნილვაკი ბუნების ესტონური ფონდის მმართველთა გუნდშია.
ბუნების დამცველის კარიერა ბიზნესმენმა, ძირითად საქმიანობასთან ერთად, სრულიად შემთხვევით შეიქმნა. საქმე მის შეხედულებებშია. ნილვაკს აღიზიანებდა, როდესაც ხალხი ნაგავს, სანაგვის მაგივრად, ქუჩაში ყრიდა.
“სიმართლე რომ ვთქვათ, არ მიყვარს ნაგვის აღება, მაგრამ იმდენი ნაგავი შემხვედრია, რომ უკვე მოთმენა აღარ შემიძლია. ძნელია მარტო გაუმკლავდე ხალხის ჩვევას. გეჩვენება, რომ უნდა გადაცხოვრდე მთვარეზე ან სასწარაფოდ რამე მოიმოქმედო”,- ამბობს რაინერი.
გარემოს პრობლემებთან დაკავშირებით, რაინერი ცდილობდა ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას, თუმცა მხოლოდ მრავალმნიშვნელოვანი სიტყვები ესმოდა პასუხად, საქმეს კი – არაფერი ეტყობოდა. მაშინ ნილვაკი მიხვდა, რომ ხალხის შთაგონება მხოლოდ საკუთარი მაგალითით შეიძლება.
“შენ ვერ უკარნახებ ყველას, როგორ მოიქცეს. შენ აჩვენებ, თუ როგორ გტკენს ხალხის ქმედებები და მაშინ ისინი შენთან მოდიან, რათა დაგეხმარონ და გაგაბედნიერონ”,- ამბობს ბიზნესმენი.
რაინერმა სრულიად შოკისმომგვრელი გეგმის შესახებ განაცხადა: ის გაათავისუფლებდა მთლიან ესტონეთს ნაგვისგან ერთი დღის ვადაში – 2008 წლის სამ მაისს. მან ოთხი თანამოაზრე მეგობარი შეკრიბა.
“პირველ შეხვედრაზე ჩემმა მეგობარმა საკუთარ ბლოკნოტში ჩაწერა:
”ჩვენ მთლიან ესტონეთს ნაგვისგან სამ მაისს გავათავისუფლებთ”. როდესაც ეს დავინახე, ვიფიქრე, რომ უკვე ყველაფერი ოფიციალური იყო. სინამდვილეში კი, ეს აბსურდულად ჟღერდა, ჩვენ არანაირი რესურსი არ გვქონდა, მიზანს მივახლოვებოდით”,- ამბობს რაინერი.

საწყის ეტაპზე ის და მისი გუნდი იმ ადამიანთა სიას ადგენდა, რომელთაც ნაგავთან საბრძოლველად გვერდით დაიყენებდნენ. სიაში ნაცნობების, მეგობრების და ნათესავების სახელები მოხვდა. ყველა მათგანს რაინერი თავად ურეკავდა და ეკითხებოდა, შეებრძოლებოდნენ თუ არა ამ ეკოლოგიურ პრობლემას მასთან ერთად. ერთის გარდა, სიის ყველა წევრმა, ნილვაკთან ერთად, ბოლომდე დაიწყო ბრძოლა.
რაინერი მართალი აღმოჩნდა. მისი ენთუზიაზმის საპასუხოდ, ხალხმა რაღაც საკუთარიც დათმო. ერთმა ქალბატონმა დამსაქმებლისგან ნაჩუქარი ორკვირიანი საგზურიც კი „გაწირა“. 650 მოხალისე, მთელი ესტონეთის მასშტაბით, რაინერის ხელმძღვანელობით, ანაზღაურების გარეშე მუშაობდა. ყველაზე მეტი საკუთარ თავზე მაინც ნილვაკმა იტვირთა.

“ჩვენ მივდიოდით საუკეთესო ადვოკატებთან და ვეუბნებოდით: ვფიქრობთ, რომ თუკი თქვენ საუკეთესო თანამშრომლებს გამოგვიყოფთ, ჩვენ შევძლებთ ესტონეთი ნაგვისგან დავიხსნათ. თანხმობის მიღების შემდეგ ჩვენ მივდიოდით ჟურნალისტებთან და ვთავაზობდით, ამის შესახებ სიუჟეტი გაეკეთებინათ. ყოველ შაბათს ჩვენ ვხვდებოდით და ნაგავსაყრელების რუკებს ვადგენდით. ჩვენი საერთო ჩათი “სკაიპში” შვიდი თვის განმავლობაში შეუჩერებლად მუშაობდა. თუკი ვინმე ავად ხდებოდა, მაშინ სხვას ღამეების თენება უწევდა”,- იხსენებს ნილვაკი.

2008 წლის სამ მაისს აქციაზე, რომელსაც „Letʼs Do It!“ ეწოდა, 50 000 ადამიანი მივიდა. ეს ერთი იდეით შეპყრობილი ხალხი იყო. მათ არ ჰქონდათ პოლიტიკური ლოზუნგი და აგრესია, მათ უბრალოდ უნდოდათ, საკუთარი სამშობლო უკეთესი გაეხადათ. იმ დღეს, ესტონეთის მასშტაბით, 10 ათასი ტონა ნაგავი მოგროვდა. რაინერისთვის სრულიად მოულოდნელად, აქციის ამბავი ვირუსივით გავრცელდა. მას მთელი მსოფლიოდან ურეკავდნენ, რათა გაეგოთ, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ის, რაც ესტონეთში სამ მაისს მოხდა.
“ერთხელ ბრაზილიის ყველაზე დიდი უნივერსიტეტის პედაგოგმა დამირეკა და მითხრა, რომ სასწავლო წელს ჩვენს შესახებ გადაღებული სიუჟეტით იწყებს. ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ მხოლოდ ესტონეთის პრობლემას ვწყვეტდით”,- ჰყვება ბიზნესმენი.
ნაციონალურმა აქციამ მსოფლიო გააერთიანა.
“არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სერიოზული კავშირები და ნაცნობობა გაქვს, ან რამდენად მდიდარი ხარ – თუკი შენ მსხვერპლს გაიღებ, შეგიძლია მსოფლიოში რაიმე მარტომაც შეცვალო. მხოლოდ ასე შეიძლება მიხვდე საკუთარ ფასს”,- თვლის რაინერი.

12 წლის წინ რაინერს სურდა, პოლიეთილენის პარკებისგან ტყე და ქალაქის ქუჩები გაესუფთავებინა, შედეგად კი, მსოფლიოში ეკოლოგიური აქცია გავრცელდა. ყოველწლიურად, ესტონელები, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, უკვე რაინერის გარეშე, ე.წ. შაბათობას აწყობენ: ალაგებენ ნაგავს, ღებავენ საბავშვო ბაღების კედლებს და მცირედით აკეთილშობილებენ გარემოს.

კომენტარი