ეს სანაპირო რეკრეაციული ზონის განსავითარებლად გვჭირდება – ნინო ჩხობაძე ელიავას ბაზრობის შესახებ

ეს სანაპირო რეკრეაციული ზონის განსავითარებლად გვჭირდება – ნინო ჩხობაძე ელიავას ბაზრობის შესახებ

421
გაზიარება

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენგეგმაზე დაყრდნობით, დედაქალაქის მერია შეიმუშავებს განაშენიანების რეგულირების გეგმას, რომელიც ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მოწესრიგებას ისახავს მიზნად. მასში დეტალურად იქნება გაწერილი გზათა ქსელის, კომუნიკაციების, რეკრეაციული და სავაჭრო  სივრცეების მოწყობის ერთიანი გეგმარების პრინციპები. ამავე დროს, აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ჩატარდება კვლევები სატრანსპორტო მოძრაობის ორგანიზებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ საპროექტო არეალში. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, მერია და ბაზრობის მეპატრონეები შეთანხდნენ, რომ ეს სავაჭრო სივრცე არსებობას დღევანდელი ფორმით ვეღარ გააგრძელებს.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტერიტორიის სარეკრეაციო მიზნებით გამოყენება მნიშვნელოვანია. როგორც ის „სითი კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, შეუძლებელია, პრეტენზია გქონდეს ევროპული ტიპის ქალაქზე და მის შუაგულში ელიავას ბაზრობის მსგავსი ზონა მდებარეობდეს.

„იდეა, რომელიც თავიდან იყო გენერალურ გეგმაში ჩვენ ძალიან მოგვეწონა, რადგან  რეკრეაციული ზონის არსებობას ითვალისწინებდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით, სანაპიროსთან მიმართებაში. როდესაც ქალაქის ცენტრში მიედინება მტკვარი და არაფერი კეთდება, მდინარის გამოყენებით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, არის ძალიან დიდი მავნებლობა. ჩვენ, რეალურად, ეს სანაპირო გვჭირდება იმისთვის, რომ განვითარდეს რეკრეაციული ზონა და ამისთვის გამოყენებული იქნას მტკვარი. ეს შეიძლება მოიცავდეს სასტუმროთა კომპლექსებს თუ სხვა. ბუნებრივია, ელიავას ბაზრობის ამჟამინდელ ტერიტორიაზე ტურისტს ვერ მიიყვან. შესაბამისად, თუ ერთბაშად ვერ ხერხდება, საჭიროა, ეტაპობრივად ამ პროცესის დასრულება. შეუძლებელია, პრეტენზია გქონდეს ევროპული ტიპის ქალაქზე და მის შუაგულში იყოს ელიავას ბაზრობის მსგავსი ზონა.

ბუნებრივია, მოვაჭრეებმა ცვლილებებს შესაძლოა პროტესტი გამოუცხადონ, რასთან დაკავშირებითაც იყო ვერსია, რომ ბაზრობა სხვა სივრცეში გადაეტანათ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ არსებული დაბინძურებული სივრცე გაიწმინდოს, რაც ძალიან რთულ და შრომატევად სამუშაოებს გულისხმობს. თუმცა, ყოველივე ეს აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, რომელსაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვიშა იფანტება და მთელ ქალაქს აბინძურებს. ცალკე აღნიშვნის საგანია ის ნაგავი და ნარჩენები, რომელიც დამახასიათებელია ზემოხსენებული ტერიტორიისთვის. ამასთანავე, ელიავას ბაზრობიდან საშენი მასალების წამოღება კატასტროფის ტოლფასია, რადგან მომხმარებელს, ფაქტობრივად, ავტომობილი ვერ მიჰყავს პროდუქციის წამოსაღებად, რაც საცობის შედეგიც არის და შემდგომი მიზეზიც. ეს კიდევ ერთი არგუმენტია, რის გამოც ამ ინტენსიური მოძრაობის პირობებში ბაზრობა ქალაქგარეთ გავიდეს.” – აცხადებს ნინო ჩხობაძე.

კომენტარი