რას შედეგს მოიტანს ელიავას ბაზრობის მოდერნიზაცია – ბიძინა გიორგობიანის მოსაზრება

რას შედეგს მოიტანს ელიავას ბაზრობის მოდერნიზაცია – ბიძინა გიორგობიანის მოსაზრება

297
გაზიარება

თბილისის მერია, ელიავას ბაზრობის მოსაწესრიგებლად, განაშენიანების რეგულირების გეგმას შეადგენს. ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ინიციატივა აღნიშნულ ტერიტორიაზე გზათა ქსელის, კომუნიკაციების, რეკრეაციული და სავაჭრო სივრცეების მოწყობის ერთიან გეგმარებას ითვალისწინებს.

ეკოლოგი ბიძინა გიორგობიანი ამ სიახლეს მიესალმება და იმედოვნებს, რომ დაწყებული პროცესი დედაქალაქისთვის სასურველი შედეგით დასრულდება. „სითი კვირასთან“ საუბრისას ეკოლოგი ბაზრის ტერიტორიაზე არსებულ საფრთხისშემცველ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით დაანონსებულ წამოწყებას მივესალმები, რადგან ამ ზონის ცვლილება აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ქალაქის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება, რომელიც მერიაში იყო წარმოდგენილი, ამ საკითხს განიხილავდა, თუმცა საბოლოო შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა, ასე რომ, იმედია, აღნიშნული ინიციატივა სასიკეთოდ დასრულდება.

ის პირობები, რომლებშიც ზემოხსენებული სივრცე ფუნქციონირებს, ვგულისხმობ სამუშაოებს, სადაც მრავალ მავნე ნივთიერებას, მათ შორის, კარბიტს იყენებენ, ძალიან საშიშია, როგორც დასაქმებულთათვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთა საცხოვრებელი ზონა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეა. საჭიროა, რომ მოდერნიზაციის გზით, მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის უსაფრთხო და კომფორტულ ვითარებაში წარმართვა.

რაც შეეხება ზეთებით, საბურავებითა და მსგავსი საქონლით მოვაჭრეებს, სასურველია, რომ, როგორც ცივილიზებულ სახელმწიფოებშია, ამ ტიპის პროდუქტით მოვაჭრეთა სახელოსნოები ქალაქის გარეთ გავიდეს. მათი პროდუქციით დაინტერესებული კლიენტი, ადგილმონაცვლეობის მიუხედავად, ახალ ზონაშიც მიაკითხავს მოვაჭრეებს.“ – აცხადებს ბიძინა გიორგობიანი.

მისივე აზრით, შექმნილ სიტუაციაში მთავარი გამოწვევა კერძო მესაკუთრეებისა და მოვაჭრეების ადეკვატურად ინფორმირებაა, რაც დასახული მიზნის მიღწევას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

„ერთადერთი, რაც ამ ინიციატივის გაჟღერების შემდგომ არის გასაკეთებელი, არის ის, რომ არსებული გეგმა და ინფორმაცია მესაკუთრეებსა და ადგილობრივ მოვაჭრეებს, რომლებიც იქ არსებული საქმიანობით თავს ირჩენენ, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად,  ადეკვატურად განემარტოთ, რაც საბოლოოდ, უკეთეს პირობებს შექმნის როგორც მათთვის, ისე მთელი დედაქალაქისთვის.“ – აღნიშნავს ეკოლოგი.

კომენტარი