რა პრობლემებს ქმნის ქუჩაში მიტოვებული ავტომობილები და როგორ უნდა მოგვარდეს ის?

რა პრობლემებს ქმნის ქუჩაში მიტოვებული ავტომობილები და როგორ უნდა მოგვარდეს ის?

204
გაზიარება

თბილისის ქუჩებში წლების განმავლობაში მიტოვებულ ავტომანქანებს შესაბამისი კანონი დაარეგულირებს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ  განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მუშავდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტი მსგავსი ავტომანქანების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლებას მოიპოვებს.

საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება გამოთქვა „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა, რომელმაც ყურადღება  ამგვარი ფაქტების წარმომშობ მიზეზებსა და მიტოვებული ავტომობილების მიერ შექმნილ დამატებით დაბრკოლებაზე  გაამახვილა.

„ჩემთვის მიუღებელია, რომ ადამიანები თავიანთ ავტომობილებს ტოვებენ საჯარო სივრცეში, რომელიც ყველასთვის არის განკუთვნილი და ამით ძალიან დიდი უპატივცემულობას ავლენენ საზოგადოების მიმართ. იმ პირობებში, როდესაც პარკირება ძალიან ჭირს, მსგავსი ქმედება სრული უპასუხისმგებლობაა. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება, თუკი მას განახორციელებენ, იქნება მისასალმებელი, რადგან იმ ავტომობილების საკითხი, რომლებიც წლების მანძილზე იმყოფებიან ამგვარ მდგომარეობაში, უნდა მოგვარდეს.

გარდა ამისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ შესაძლოა გვქონდეს შემთხვევები, როდესაც მესაკუთრეს არ ანაღვლებს მის მიერ შექმნილი პრობლემა. ზოგს არც უღირს მის საკუთრებაზე ფიქრი, რადგან შესაძლოა სატრანსპორტო საშუალების არსებული ფასი არ უღირდეს დამატებით ძალისხმევად, ამიტომ ეს პროცესი სერიოზულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა მისი განხორციელება აუცილებელია.”

გარდა ამისა, რესპონდენტი ხაზს უსვამს სტატისტიკური მონაცემების წარმოების აუცილებლობას და ინიციატივის ფარგლებში განსახორციელებელი მოქმედებების დეტალური ანალიზის საჭიროებაზე მიუთითებს.

“უნდა ითქვას, რომ არ არსებობს სტატისტიკა, რომელიც მიტოვებულ ავტომობილებთან დაკავშირებულ ინფორმაციას მოგვაწვდის. ჩვენთვის ცნობილია რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ოდენობა, თუმცა არ ვიცით, მათგან რამდენია მიტოვებულ მდგომარეობაში. შესაბამისად, ავტომობილები, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა გაუვიდათ და არავინ იყენებს, მაინც რჩებიან რეგისტრირებულთა სიაში. ამიტომ, საჭიროა არამხოლოდ რეგისტრაციის, არამედ რეგისტრაციიდან მოხსნის სავალდებულო ხასიათის შემოღება, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რა მდგომარეობა გვაქვს ამ მიმართულებით.

ჩემი აზრით, ეს საკითხი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ დედაქალაქით და იგი უნდა ითვალისწინებდეს მთელი ქვეყნის მასშტაბს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ტიპის ავტოსადგომზე გადაიყვანენ ზემოხსენებულ ავტომობილებს. საინტერესოა, რა ბედი ელით ამ ავტომობილებს მას შემდეგ, რაც სადგომზე გადაიყვანენ, იცვლება თუ არა მათი მესაკუთრე და ა.შ. ყოველივე ეს უნდა გაირკვეს, რადგან კერძო ავტოსადგომებს თავიანთი პრობლემა აქვთ. არის შემთხვევები, როდესაც ავტომობილის ჯარიმა აღემატება მის ღირებულებას და ასეთ დროს სადგომიდან აღარ ხდება ამგვარი ავტომობილების გაყვანა, რადგან მფლობელს უბრალოდ აღარ უღირს თავის შეწუხება.  შესაბამისად, აუცილებელია შეფასდეს მსგავსი რისკები და პროექტი შემდეგ განხორციელდეს. „ – აცხადებს დავით მესხიშვილი.

კომენტარი