მიტოვებულ სახლში „მავნე სულის“ აღმოსაჩენად წასული გიმნაზიელების ამბავი XIX საუკუნის თბილისიდან

მიტოვებულ სახლში „მავნე სულის“ აღმოსაჩენად წასული გიმნაზიელების ამბავი XIX საუკუნის თბილისიდან

270
გაზიარება

ვებგვერდი „მადათოვი“ მკითხველს ძველი თბილისის შესახებ არაერთ საინტერესო ამბავს უზიარებს. გვერდზე გამოქვეყნებული იმდროინდელი გაზეთების ამონარიდებიდან, ფაქტობრივად, თავად პუბლიკაციების ავტორები გვესაუბრებიან მაშინდელი ენით, სტილით, ფიქრებითა და საჭიროებებით.

მათი წაკითხვა განსაკუთრებით საინტერესოა მისთვის, ვისაც თბილისის ისტორია, კულტურა და ყოველდღიური ცხოვრება იმდენად უყვარს, რომ არასდროს ამბობს უარს, რამდენიმე წუთით იმოგზაუროს წარსულში და ძველი თბილისის თვალით დაინახოს ქალაქის იმჟამინდელი ყოფა. ძველი გაზეთები სხვადასხვა სახის ამბავს ინახავენ და რაღა თქმა უნდა, რომ ამ ყველაფერში ერთ-ერთი მთავარი ადგილი გაზეთ „დროებას“ უკავია. სწორედ ამ გაზეთიდანაა ეს საინტერესო მონაკვეთიც – ამბავი იმაზე, თუ როგორ წავიდნენ გიმნაზიის უფროსკლასელები, მასწავლებლებთან ერთად, მიტოვებულ სახლში „მავნე სულის“ აღმოსაჩენად და სანაცვლოდ, როგორ აღმოჩნდნენ სასაცილო გაუგებრობაში.

„დროება“, 1879 წელი

„ამ რამდენიმე დღის წინათ თფილისის ცრუ-მორწმუნე ხალხში გავრცელდა ხმა, ვითომც რკინის გზის ვაგზალთან ერთს სახლში, რომელშიაც არავინ არა დგასო, ღამ-ღამობით რაღაც უხილავი და უცნაური ძალა გამოჩნდაო, „მავნე სულიო“;

კაცმა რომ საათი დასდოს ამ სახლის ფანჯარაზე, იმწამსვე ისარი მოსცილდება და გადავარდებაო, ლურსმები სცვივიან თავის-თავად ამ სახლის ჭერიდამაო, კედლებიდამ რაღაც უჩვეულებრივო ხმაურობა ისმის და სხვ. და სხვ.

ცრუ-მორწმუნე ხალხმა რომ ამისთანა სისულელე დაიჯეროს, გასაკვირველი არ არის; გასაკვირველი ის არის, რომ გიმნაზიის უფროსი კლასების შაგირდები და თვითონ მასწავლებლებიც კი წასულან, სხვათა შორის, ღამე და დაუწყვიათ ყარაულობა – აბა მართლა გამოჩნდება ეს მოვლენა, თუ არაო. მაგრამ სასაცილო და თან გამოსაფხუზლებელი საქმე დამართნიათ ამ ხალხს: პოლიციას შეუნიშნავს ეს ხალხის მოგროვება შუაღამეზე ამ უდაბნო სახლში, პოლიციის აფიცერი მისულა 15 დაიარაღებული კაცით და შემორტყმია იმ სახლს, საცა ჩვენი განმანათლებელნი და იმათი სრულწლოვანი შაგირდები იყვნენ საიდუმლოდ შემწყვდეულნი.

ერთს მასწავლებელთაგანს, შეუნიშნავს თუ არა პოლიცია, გაქცევა მოუნდომებია, მაგრამ იქვე დაუჭირავთ.

ამათ აუხსნიათ პოლიციისათვის ის სამეცნიერო (?!) მიზანი, რომლის გამოსაკვლევად ისინი მოსულან აქ.

პოლიციის აფიცერს ეს ამგვარი მეცნიერული გამოკვლევა როგორღაც ჭკუაზე ახლოს ვერ მოსვლია, თითოეული იმათგანის სახელი და გვარი ჩაუწერია და შემდეგ ყველა გამოუყრია ამ „საიდუმლო ძალების“ საბუდარიდამ…

ამის შემდეგ წადით და დაუწუნეთ ჩვენ გაუნათლებელ-უმეცარ ხალხს იმის ცრუ-მორწმუნეობა. წადით და უთხარით – ჭინკები და მავნე სულები არ არსებობენ დედა-მიწაზედაო!..“

კომენტარი