აფეთქება თბილისის თავზე და შურისძიებას გადარჩენილი სერგო ორჯონიკიძე

აფეთქება თბილისის თავზე და შურისძიებას გადარჩენილი სერგო ორჯონიკიძე

451
გაზიარება

1925 წლის 22 მარტს მსოფლიოში პირველი სრულად მეტალის კონსტრუქციის სამოქალაქო თვითმფრინავის, JUNKERS F 13-ის ბენზინის ავზების აფეთქების ხმამ თბილისს გადაუარა და მთელი საბჭოეთი შეაშფოთა. დიდუბის იპოდრომთან მზიან დილას სამი „ამხანაგის“ სიცოცხლე და რეისი თბილისი-სოხუმი შეწყდა.

1

22 მარტს, დილის თორმეტის ნახევარზე ნავთლუღის აეროდრომზე სამი მგზავრი – მიასნიკოვი, ათარბეგოვი და მოგილევსკი უკვე ჩასხდომას ელოდებოდნენ და დრო ოხუნჯობაში გაჰყავდათ. ერთ კვირაში უკვე ამიერკავკასიის საჰაერო სააქციო საზოგადოება “ზაკავიას” იუბილე – დაარსებიდან 3 წლის ზეიმი უნდა ჩატარებულიყო. საბჭოთა ამიერკავკასიის ლიდერებს საამაყო ნამდვილად ჰქონდათ – პირველი სამოქალაქო რეისი, საბჭოეთის მასშტაბით, 1923 წლის 10 მაისს სწორედ “ზაკავიამ” შეასრულა – თბილისი-მანგლისი, დღეისთვის კი უკვე ბაქო-თბილისის, თბილისი-სოხუმის რეისები სტაბილურად მუშაობდა და თბილისი-მოსკოვის მოსამზადებელი სამუშაოებიც გაჩაღებული იყო. გასახურებლად დაქოქილ “იუნკერსთან” პირველი რეისის დამსახურებული პილოტები – გერმანელი იოსებ შპილი და ამბაკო საღარაძე ფუსფუსებდნენ.
თორმეტს რომ თხუთმეტი წუთი დააკლდა, როგორც იქნა, მგზავრებმა ჩასხდომა დაიწყეს. სერგო ორჯონიკიძემ აეროდრომს ბოლო წუთებზე შეატყობინა, რომ სოხუმში წასვლას ვეღარ ახერხებდა. ამასობაში ამბაკო საღარაძეც მორჩა მეგობრებთან გამომშვიდობებას. იქ მყოფებს საღარაძის გადაჭარბებული სენტიმენტალობა, ცოტა არ იყოს, უცნაურად მოეჩვენათ.
“იუნკერსი” ზუსტად 11:50 წუთზე აფრინდა. 12:05 წუთზე აეროდრომში რკინიგზის მთავარი სახელოსნოებიდან დარეკეს, რომ “იუნკერსი” მათ სიახლოვეს ჩამოვარდა.

2

სერგო ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი და შალვა ელიავა სხვებთან ერთად დიდუბის იპოდრომისკენ გაქანდნენ. კატასტროფის ადგილზე მისულებს უამრავი ხალხი და შემზარავი სურათი დახვდათ: ფერფლსა და გაშავებულ ნამსხვრევებში გულაღმა ეგდო საშინლად დამწვარი ორი გვამი, რომელთა სახის გარჩევა შეუძლებელი იყო.

3

მეორე დღეს ამიერკავკასიის წითელდროშიანი წითელი არმიის სარდლის, ავგუსტ კორკის თავმჯდომარეობით, სამთავრობო საექსპერტო კომისია ჩამოყალიბდა. გაირკვა, რომ კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის გაუმართაობა არ ყოფილა.
მალევე გახდა ცნობილი, რომ პილოტის, ამბაკო საღარაძის მამა – ერმალო საღარაძე, ძველი ტრამვაელი მუშა, სოციალ-დემოკრატი იყო. შვილებიდან ორთავე კი, დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში მსახურობდნენ – ძმა 1921 წლის თებერვალ-მარტში ფრონტზე იბრძოდა; ამბაკო საღარაძე კი, ავიარაზმში ასრულებდა მფრინავის მოვალეობას.
ეჭვები იმის შესახებ, რომ 22 მარტის ავიაკატასტროფა უბედური შემთხვევა არ ყოფილა, კიდევ უფრო გაამყარა სოხუმში სამგლოვიარო მიტინგზე ლევ ტროცკის ვარაუდმა, რომ კატასტროფის მიზეზებზე პასუხი შესაძლოა, “ქართველ მენშევიკებს” ჰქონოდათ.
1925 წლის 22 მარტი და მამაცი ქართველი პილოტი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ანგარიში გაუსწორა “ქართველი ხალხის ჯალათებს”, დიდხანს ახსოვდათ თბილისში.

მომზადებულია  archive.ge -ს მიხედვით.

კომენტარი