„თბილისი ჩემი სულისა და სხეულის ნაწილია“ – მევლუდ მელაძე

„თბილისი ჩემი სულისა და სხეულის ნაწილია“ – მევლუდ მელაძე

221
გაზიარება
მევლუდ მელაძე – საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი

მასალა მომზადებულია რუბრიკისთვის “თბილისი ერთ აბზაცში


თბილისი ჩემი სულისა და სხეულის ნაწილია, რომლისგანაც საკუთარ თავს ვერ გავმიჯნავ, რადგან აქ არსებული აბსოლუტურად ყველა უბანი, ყველა კუნჭული, სიახლე თუ სიძველე, რაღაც დოზით, დაკავშირებულია ჩემს ცხოვრებასთან. როცა საქმე ამ ქალაქს ეხება, ერთდროულად ვგრძნობ სიხარულსა და ტკივილს, რადგან იმ ემოციების პარალელურად, რაზეც ვისაუბრე, როგორც ზოგადი, ისე ჩემი მიმართულებით არსებული პრობლემების გაცნობიერებისას სევდა მეუფლება. ვგულისმხმობ საგზაო სატრანსპორტო თემატიკას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც არის საგზაო მოწყობა და უსაფრთხოება. ჩემთვის უსიამოვნოა, როდესაც ქალაქის ცენტრალური უბნები მაღლდება, რაც გზებს უფრო და უფრო გაუვალს ხდის. იქმნება საცობები და პარკირების პრობლემა. ამ პროცესში, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ვცდილობ, დავუკავშირდე შესაბამის ორგანოებს, გავუწიო კონსულტაცია და დადებითად გადავწყვიტოთ ის საკითხები, რაც ასე აწუხებს ყველას. ყოველივე ეს თავიდან აგვარიდებს თბილისის დამახინჯებასა და მას უფრო მეტად მოქნილს გახდის. მე უპირატესობას ვანიჭებ უფრო გაშლილი ქალაქის მოდელს, სადაც ერთ კონკრეტულ ზონაში არ არის ისეთი სიმჭიდროვე, როგორიც ჩვენს ცენტრალურ უბნებშია. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მარტივია დედაქალაქის უსაფრთხო ქალაქად მოწყობა, რაც არსებული შავი წერტილების გადათეთრებას გულისხმობს, რადგან ყველაფერი ხელის გულზე დევს. შესაბამისად, ადეკვატური ძალისხმევის შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ 2-3 წელიწადიც კი რეალური იქნებოდა სატრანსპორტო შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად.

კომენტარი