ზაქაიძეს ამ ტერიტორიაზე არავინ არაფერს ააშენებინებს – ზურაბ ბაქრაძე

ზაქაიძეს ამ ტერიტორიაზე არავინ არაფერს ააშენებინებს – ზურაბ ბაქრაძე

366
გაზიარება

ინვესტორი თბილისის მერიას ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ აშენების ნაცვლად, რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენას სთავაზობს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა, გოგა ზაქაიძემ განაცხადა, მისი მხარე მზად არის, უარი თქვან სასტუმროს მშენებლობაზე, და სანაცვლოდ 1958 წელს აშენებული რესტორანი „ბუდაპეშტი“ აღადგინოს, რომელსაც ისტორიულად არსებული მოცულობა და ფასადი შეუნარჩუნდება.

მისი თქმით, რესტორან „ბუდაპეშტის“ მშენებლობის პროცესში ზიანი არც ერთი ნარგავს მიადგება. ამასთანავე, დამატებით გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.

ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება აღდგენას არ ნიშნავს და ინვესტორს საზოგადოება ამ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებას არ მისცემს.

„შექმნილ ვითარებაში აღდგენაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან არსებული შენობა დაინგრა და მისი ხელახლა აგება იმ პირობით, როდესაც იგი შეუსაბამოა გარემოსთან, დაუშვებელია. გარდა ამისა, მსგავსი ობიექტი არ შეესაბამება თავად პარკის ფუნქციას, ხელს უშლის დამსვენებლებს და როგორც სასტუმროს, ისე რესტორნის ფორმით იქ მისი აგება მიუღებელია. რაც შეეხება ფორმალურ მხარეს, გიორგი ზაქაიძეს აღარ აქვს მშენებლობის უფლება, მას ამისთვის მერიის თანხმობა სჭირდება. ოდესღაც კანონში ეწერა, რომ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებს შესაძლოა არ ჰქონდეს ვადა. არ ვიცი, შეიძლება ეს კანონი დღემდე არ შეცვლილა და თუ ისინი დაეყრდნობიან გიგი უგულავას დროს გაცემულ ნებართვას, ამ კანონის საფუძველზე, ეს იქნება ნონსენსი, რადგან შეუძლებელია მსგავს პირობას არ ჰქონდეს ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ ამ საუკუნეში გაცემული ნებართვა საუკუნის მერეც ძალაში უნდა იყოს, რაც შეცდომაა. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მერია დაეყრდნობა მიწის ნაკვეთის გამოყენების იმ პირობებს, რომლებიც თავდაპირველ მშენებლობაზე იყო გაცემული. ეს ნებართვა კი სასტუმროს ეხებოდა და არა რესტორანს, შესაბამისად თუ რესტორნის მშენებლობაზეა საუბარი, მათ ამისთვის ახალი ნებართვა ესაჭიროებათ ან მოუწევთ მთელი პროცედურები ხელახლა ჩაატარონ, მათ შორის, ზონალური შეთანხმების დადება, რაც გულისხმობს იმას, რომ მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს კახა კალაძე და ასე დაუშვებს მშენებლობას.

ვფიქრობ, რომ ეს არ მოხდება, რადგან დედაქალაქის მერმა გარკვეული გარანტიები მისცა საზოგადოებას და მერიის მიერ ნებართვის გაცემის შემთხვევაშიც, ამას სამოქალაქო საზოგადოება არ დაუშვებს, რასაც მოყვება ის, რომ ინვესტორი მიიღებს იმაზე უარესს, რაც იყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც აქტივისტებმა იბრძოლეს და ღამეები ათენეს, რათა მშენებლობა არ დაწყებულიყო.  მოკლედ, ზაქაიძეს ამ ტერიტორიაზე არავინ არაფერს ააშენებინებს, ამას ხალხი არ დაუშვებს. ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად სათქმელია, რომ მერიამ და ინვესტორმა ეს საქმე ერთმანეთში უნდა მოაგვარონ, ისე რომ ზაქაიძემ ეს ტერიტორია დატოვოს. სხვა გამოსავალი არ არსებობს.“ – აცხადებს ზურაბ ბაქრაძე

კომენტარი