უნდა აშენდეს თუ არა რესტორანი სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად – თემო კალანდაძის მოსაზრება

უნდა აშენდეს თუ არა რესტორანი სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად – თემო კალანდაძის მოსაზრება

310
გაზიარება

ინვესტორი თბილისის მერიას ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ აშენების ნაცვლად, რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენას სთავაზობს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა, გოგა ზაქაიძემ განაცხადა, მისი მხარე მზად არის, უარი თქვან სასტუმროს მშენებლობაზე, და სანაცვლოდ 1958 წელს აშენებული რესტორანი „ბუდაპეშტი“ აღადგინოს, რომელსაც ისტორიულად არსებული მოცულობა და ფასადი შეუნარჩუნდება.

მისი თქმით, რესტორან „ბუდაპეშტის“ მშენებლობის პროცესში ზიანი არც ერთი ნარგავს მიადგება. ამასთანავე, დამატებით გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.

ამ საკითხს არქიტექტორი თემო კალანდაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ რეალურად საქმე არა აღდგენით სამუშაოებთან, არამედ ახალ მშენებლობასთან გვაქვს, რომლის ნებართვაც კერძო მესაკუთრემ მუნიციპალიტეტიდან უნდა მიიღოს.

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ტერმინი „აღდგენა“ ამ სიტუაციას არ უხდება, რადგან აღდგენა გულისხმობს არსებული დაზიანებული ნაგებობის რეაბილიტირებას და ეს პროცესი, ძირითადად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ეხება. დღეს კი გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ზემოხსენებულ ტერიტორიაზე არსებობდა რესტორანი, რომელიც  დანგრეულია და დღეს აღდგენაზე საუბარი, რეალურად, ახალი შენობის აგებას გულისხმებს.

ეს ტერიტორია, დღესდღეობით, პარკის ზონაშია, რომელიც დაცვის გარკვეულ რეგულირებს ექვემდებარება. შესაბამისად, კერძო საკუთრების ეგიდით, არ შეიძლება საჯარო ინტერესის შელახვა, რადგან უძრავი ქონების კერძო მესაკუთრე საზოგადო სიკეთეზეც პასუხისმგებელია. ამიტომ, მეპატრონემ უნდა აიღოს ნებართვა ქალაქის მუნიციპალიტეტიდან. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები საჭიროდ მიიჩნევენ იქ მშენებლობას, მაშინ გასცემენ ნებართვას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პასუხი იქნება უარყოფითი და მათ ამის სრული უფლება აქვთ.“ – აღნიშნავს თემო კალანდაძე.

არქიტექტორი ყურადღებას ამახვილებს კვების ობიექტის საჭიროებაზე და მიიჩნევს, რომ მსგავსი შენობის აგება შესაძლოა განხილული იყოს იმ შემთხვევაში, თუ იგი პარკის მნახველებისთვის იქნება განკუთვნილი და არ გამოიწვევს არსებული ზონისთვის ფუქნციის ცვლილებას.

„მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რამდენად წაადგება ვაკის პარკს რესტორანი, რეაბილიტაციის პროექტმა უნდა განიხილოს, სადაც გამოჩნდება, რას ვაპირებთ და რამდენად მიზანშეწონილია იქ საზოგადოებრივი კვების ობიექტის არსებობა. საკითხავია, რა ტიპის რესტორანზეა საუბარი? თუ აღნიშნული სივრცე მოემსახურება პარკის მნახველებს, მაშინ შესაძლოა ამ თემაზე მსჯელობა, მაგრამ თუ რესტორანი ქალაქის სხვადასხვა ზონიდან მოსახლეობას მხოლოდ საკვებად მოიზიდავს, მაშინ სრულებით ვერ ვხედავ ამგვარი სივრცის არსებობის საჭიროებას. „ – აცხადებს კალანდაძე.

კომენტარი