აკრძალული სიყვარული სსრკ-ში – ქორწინება სახელმწიფო ღალატის ფასად

აკრძალული სიყვარული სსრკ-ში – ქორწინება სახელმწიფო ღალატის ფასად

139
გაზიარება

1947 წლის 15 თებერვალს გამოვიდა კანონი, რომლის თანახმადაც, საბჭოთა კავშირის ქვეყნის მოქალაქესა და უცხოელს შორის ქორწინება აიკრძალა. ოფიციალურად, ამ აკრძალვას შემდეგნაირად ხსნიდნენ: “ჩვენი ქალები, რომლებიც სთხოვდებიან უცხოელებს და საზღვარგარეთ მიდიან, უჩვეულო პირობებში თავს ცუდად გრძნობენ და დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან”.

სინამდვილეში, ხელისუფლებას სხვა რამ აღელვებდა.

ბრძოლა ინტერნაციონალური ქორწინების წინააღმდეგ საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ სამამულო ომის დროს დაიწყო, როდესაც საბჭოთა მეომრებმა (როგორც ქალებმა, ისე მამაკაცებმა) აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ომი მიმდინარეობდა და სადაც ომის შემდგომ წლებში საბჭოთა კავშირს საოკუპაციო დანაყოფები ჰყავდა განთავსებული, ოჯახების შექმნა მოასწრეს. როდესაც ჯარი გამოიხმეს, ვითარება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირში ბევრი მარტოხელა ქალი დარჩა, ხოლო მამაკაცები დაოჯახებულები ბრუნდებოდნენ. ქალების მცდელობა, დარჩენილიყვნენ საყვარელ ადამიანებთან საზღვარს მიღმა, კლასობრივ მოუმწიფებლობასთან ასოცირდებოდა. ამასთან ერთად, ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი გაღატაკებული იყო, ქალაქები დანგრეული, მეურნეობას დიდი რესურსი სჭირდებოდა, განსაკუთრებით კი – ადამიანური.

ასევე, ვერ გავექცევით დემოგრაფიულ ფაქტორსაც, ვინაიდან ომმა ბევრი მამაკაცი შეიწირა, ხოლო ქალები გერმანიაში და მის მოკავშირე ქვეყნებში იყვნენ გაყვანილი. ბევრმა დაბრუნება ვერც მოახერხა. აი, ამიტომ ხელიუსფლებამ მიიღოს კანონი და ქორწინების აკრძალვის გარდა, არაკანონიერად ცნო აქამდე არსებული ქორწინებებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან.

ბრძანების დარღვევისთვის, ადამიანი 58-ე მუხლის თანახმად, პატიმრობით ისჯებოდა. დარღვევად ითვლებოდა ქორწინების ფაქტი, თანაცხოვრება და რომანი უცხოელთან.

ერთადერთი შანსი იმისა, რომ ვინმე უცხოელთან დაოჯახებულიყო, ეს მოქალაქეობის შეცვლა გახლდათ ანუ უარის თქმა საბჭოთა კავშირზე, რაც სახელმწიფოს ღალატს ნიშნავდა და დახვრეტით ისჯებოდა. გარდა ამისა, ქალებს ეკრძალებოდათ აბორტის გაკეთება. განქორწინებაც გართულებული იყო.

უცხოელთან დაოჯახების აკრძალვა სტალინის სიკვდილის შემდეგ გაუქმდა, მაგრამ რეპრესიები, ამ კუთხით, მაინც აქტიურად გრძელდებოდა. ხრუშჩოვის დროს, უცხოელთან რომანის გამო, სამსახურიდან ათავისუფლებდნენ და სხვა რაიონშიც კი ასახლებდნენ ადამიანებს.

კომენტარი