ეროვნულ ბიბლიოთეკაში კოსტა მაისურაძისადმი მიძღვნილი წიგნის წარდგენა გაიმართება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში კოსტა მაისურაძისადმი მიძღვნილი წიგნის წარდგენა გაიმართება

379
გაზიარება

20 თებერვალს, 15:00 საათზე,  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დიდებული ქართველი ფალავნის, კოსტა მაისურაძისადმი მიძღვნილი წიგნის წარდგენა გაიმართება. წიგნის ავტორია ნოდარ (არსენ) ნიკოლაიშვილი.
წიგნში ასახულია კოსტა მაისურაძის ცხოვრების ამსახველი უცნობი ეპიზოდები, რომელიც შედგენილია მისი შთამომავლების ოჯახში ერთ დროს რელიკვიად შემორჩენილი ხელნაწერის მიხედვით. ეს ხელნაწერი, რომელიც შედგენილია უცნობი ავტორის მიერ, განეკუთვნება 1916 წლამდე პერიოდს. დიდი ფალავნის თავგადასავალი ჩაწერილია თხრობითაც და ლექსადაც.
კოსტა მაისურაძის შვილიშვილს, ასევე ცნობილ ფალავანს – შოთა დაუშვილს თხოვნით მიუმართავს თავისი მეგობრისათვის – ნოდარ ნიკოლაიშვილისათვის, რომელსაც ხელნაწერისა დაოჯახში მოსმენილი ამბების საფუძველზე ფართო მკითხველისათვის უნდა გაეცნო ლეგენდად ქცეული მოჭიდავის ჟამთა სვლაში ჩაკარგული ამბები. და აი, ამდენი წლის დაგვიანებით მკითხველს შეუძლია ბევრი საინტერესო რამ გაიგოს კოსტა მაისურაძის შესახებ.
მკითხველი გაიგებს მრავალ ახალ ცნობას, თუ როგორ დაამარცხა კოსტა მაისურაძემ მრავალი ბეჭდაუდებელი და მსოფლიოში აღიარებული ფალავანი, შეიტყობს, აგრეთვე, მისი გარდაცვალების, უფრო სწორად, ღალატით მოკვლის ამბავს. წიგნი შედგენილია ორ ენაზე: ქართულად და ინგლისურად.
წინამდებარე გამოცემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თუნდაც იმიტომ, რომ ფალავნის ოჯახში შენახული ხელნაწერი დაკარგულია, ხოლო მასში მონათხრობი ამბები შემორჩენილია მხოლოდ ნოდარ ნიკოლაიშვილის მიერ 1953 წლის მაისში გადაწერილ ვარიანტში.
მისამართი: თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქ. №7 (ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპ.).

კომენტარი