სრულყოფილი უბანი გაფანტული კორპუსების ნაცვლად – „მეტი დეველოპმენტის“ გეგმები სამგორში

სრულყოფილი უბანი გაფანტული კორპუსების ნაცვლად – „მეტი დეველოპმენტის“ გეგმები სამგორში

617
გაზიარება

სამგორში, მოსკოვის გამზირის N9ა-ში მორიგ სამშენებლო პროექტზე მუშაობა „მეტი დეველოპმენტმა“ 2018 წელს დაიწყო.  საცხოვრებელი კორპუსიც თითქმის ბოლომდე დაასრულა, როცა მალევე თბილისის განახლებული გენერალური გეგმა ამოქმედდა. გენგეგმამ, დედაქალაქის მიწების განაშენიანების თვალსაზრისით, ბევრი რამ შეცვალა. ცვლილება აღნიშნულ ტერიტორიასაც შეეხო, რამაც სტატუსის და შესაბამისად, კოეფიციენტების ცვლილება გამოიწვია.

ცვლილებების შედეგად შეჩერდა მშენებლობაც, რადგან  ამ და ყველა მსგავს შემთხვევაში, ქალაქის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სურდა, ტერიტორიის განაშენიანების დაგეგმარება ერთიანი ხედვით მომხდარიყო, რაც მოსახლეობისთვის საცხოვრებლად უკეთეს გარემოს შექმნიდა. ასე რომ, „მეტი დეველოპმენტს“ განახლებული ჩარჩო-გეგმა უნდა წარედგინა, რომელიც ქალაქის ახალ მთავარ დოკუმენტს მოერგებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მშენებლობის შეჩერების მიზეზი ეს გახდა, თუმცა სამუშაო პროცესი გაგრძელდა. კარგი ამბავი ისაა, რომ სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, „მეტი დეველოპმენტს“ თავისივე ინიციატივით ჰქონდა შედგენილი აღნიშნული ტერიტორიის განვითარების გეგმა, რომელიც თავიდანვე ისახავდა იმ მიზანს, რომლის მიღწევაც მერიამ, ახალი გენგეგმის ამოქმედების შემდეგ, სავალდებულო გახადა.

შოთა ანდრიაძე – „მეტი დეველოპმენტის“ დირექტორის მოადგილე

-როცა ამ ტერიტორიაზე შევედით, ჩვენი განზრახვა ზუსტად ის იყო, რასაც ახლა მერია ამბობს და გენგეგმა განსაზღვრავს. ახლა მერია ავალდებულებს დეველოპერს, დაუსახლებელ უბნებში საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა წარადგინოს. იძიებს რესურსებს და აცხადებს ტენდერს ჩარჩო-გეგმის შესამუშავებლად. ჩვენ ეს ჩარჩო-გეგმა გავაკეთეთ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეს მიწა ვიყიდეთ და მერიასთან შეთანხმებით, ჩვენს თავზე ავიღეთ ყველაფრის ორგანიზება. საბოლოოდ, ამან ბიუჯეტის სახსრებიც დაზოგა და დროც მოიგო, რადგან თუ სხვა შემთხვევაში, ჩარჩო-გეგმის შესადგენად, პირობითად, 1 წელი იქნებოდა საჭირო, ჩვენ ეს 1 თვეში გავაკეთეთ. შემდეგ, გენგეგმის მიღებასა და კოეფიციენტების ცვლილებასთან ერთად, საჭირო გახდა ჩვენ მიერ შემუშავებულ ჩარჩო-გეგმაში ცვლილებების შეტანა. ახლა ზუსტად ეს პროცესი მიმდინარეობს. განახლებული ჩარჩო-გეგმა წარდგენილი გვაქვს ურბანულ სამსახურში და ბოლო დეტალებს ვაზუსტებთ. მისი დამტკიცების და ნებართვის მიღების შემდეგ გადავალთ მომდევნო ეტაპზე, რის შედეგადაც  სამშენებლო პროცესს გავაგრძელებთ.

-კონკრეტულად, რას გულისხმობს პროექტი და როგორი იქნება მიმდებარე ტერიტორია?

-ამ ტერიტორიაზე იგეგმება, მინიმუმ, 5 საცხოვრებელი კორპუსისა და დამატებით, სხვა საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტების განთავსება. აქ თავმოყრილი იქნება სკოლა, საბავშვო ბაღი, სკვერები, სპორტული მოედნები და სხვა სახის საზოგადოებრივი სივრცეები. ყველგან და მით უფრო, ახალ დასახლებაში მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემო, ამიტომ ჩვენი პრიორიტეტი გამწვანებაა. ეს პასუხისმგებლობა ავიღეთ იმიტომ, რომ გვსურს, განუვითარებელი ტერიტორია მაღალი დონის საცხოვრებელ ადგილად ვაქციოთ.

-ამჯერად რა ეტაპზეა შეჩერებული მშენებლობა?

-ერთ-ერთი კორპუსი, A ბლოკი, უკვე, ფაქტობრივად, დასრულებულია. 8 სართული აშენებულია და სამუშაოების გაგრძელების მერე 4 სართულს დავამატებთ.

-რადგან ფიზიკური სამუშაოები მალე დაიწყება და მშენებლობა განახლდება, საინტერესოა, შემდეგ რა პერიოდი იქნება საჭირო მის დასასრულებლად? 

-სამუშაოების გაგრძელებიდან 2-3 წელიწადში ყველაფრის დასრულებას შევძლებთ. ცხადია, A ბლოკი უფრო მალე, 3-4 თვეშიც კი შეიძლება დასრულდეს. ასევე, მალე დასრულდება B ბლოკიც. ვიმუშავებთ დაჩქარებული ტემპით და ზემოთ თქმულ დროში ჩვენ შევძლებთ, ერთი სრულყოფილი უბანი შევმატოთ ქალაქს თავისი სკოლით, ბაღით, სიმწვანით, საზოგადოებრივი სივრცეებით და საჭირო ინფრასტრუქტურით.

ჩვენთვის ყოველი გადაცილებული დღე დანაკარგია, ამიტომ არავისზე ნაკლებად არ გვსურს, მთელი ამ პროცესის მალე დასრულება. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, კეთდება იმისთვის, ვინც იქ იცხოვრებს – უკონტექსტოდ აშენებული კორპუსების ნაცვლად, ინფრასტრუქტურულად გამართულ და უზრუნველყოფილ დასახლებაში. ჩვენ მთლიანად მივესალმებით მერიის მიდგომას და მიგვაჩნია, რომ მთავარი სისტემური განვითარებაა. ასე რომ, მშენებლობის შეჩერების გამო, პროექტის განხორციელებას უფრო მეტი დრო დასჭირდა, თუმცა თითოეულ მაცხოვრებელს იქ გაცილებით მაგარი უბანი დახვდება.

-დროის ფაქტორის გამო, ბუნებრივია, მოსახლეობა ასეთ შემთხვევებში ყოველთვის უკმაყოფილებას გამოხატავს, რაც, ალბათ, სავსებით გასაგები და მისაღებია… თუ გაქვთ მათთან კომუნიკაცია და როგორ უყურებენ ისინი ამ საკითხს?

-რა თქმა უნდა, ყოველთვის ვცდილობთ, პირველ რიგში, მაცხოვრებლები ჩავაყენოთ საქმის კურსში და დეტალურად განვუმარტოთ, რა კეთდება და რატომ. როცა ისინი მიზეზებისა და გარემოებების შესახებ იგებენ, რეაქციაც აღარ არის ნეგატიური. ყველა ვაცნობიერებთ, რომ ეს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის კეთდება. ჩვენ ყველას გვინდა კარგი თბილისი და ამისათვის მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ.

-ბატონო შოთა, ჯამში, რა ფართობის ტერიტორიაზეა საუბარი?

-მთლიანი ტერიტორია, რომელსაც ამ პროექტისთვის ვამუშავებთ, 7-ნახევარი ჰექტარია. ძალიან საპასუხისმგებლო საკითხია და მისი შემდგომი კორექტირებაც მარტივი არ იქნება, ამიტომ ვცდილობთ, უშეცდომოდ ვიმუშაოთ. პროექტში მაღალკვალიფიციური არქიტექტორები ჩავრთეთ, რათა ყველაფერი სრულყოფილად გამოვიდეს.

-რას მიიღებს მოსახლეობა საბოლოოდ, სამუშაოების დასრულების შემდეგ?

-მოსახლეობას გადაეცემა ევროპული დონის, მოწესრიგებული, ურბანულად გამართული დასახლება, გამწვანებული სკვერებითა და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით. ისინი იცხოვრებენ ბინებში, რომლებსაც ექნებათ მაღალი დონის თბო და ხმის იზოლაცია.  იმ კომუნალური გადასახადების კი, რომლებიც მოსახლეობას მძიმე ყოველთვიურ ტვირთად აწევს, 60 პროცენტით შემცირებას ვაპირებთ.

კომენტარი