თბილისის ბოტანიკურ ბაღში საკურას ხეივნის გაშენების ცერემონია გაიმართა

თბილისის ბოტანიკურ ბაღში საკურას ხეივნის გაშენების ცერემონია გაიმართა

160
გაზიარება

თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, საკურას ხეივნის გაშენების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ბოტანიკურ ბაღში 100 ძირი საკურას ხე-მცენარე დაირგო. საკურას ნერგები დედაქალაქს საჩუქრად იაპონიის საელჩომ გადასცა.
გამწვანების აქციაში თბილისის მერი, კახა კალაძე და იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, ტადაჰარუ უეჰარა, მონაწილეობდნენ.

კახა კალაძემ პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა იაპონიის საელჩოს და მომავალში იაპონიის მხარესთან კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

„იაპონიის საელჩოს ინიციატივით ჩვენ გადმოგვეცა 100 ძირი საკურას ნერგი. მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას, იაპონიის საელჩოს და ბატონ ელჩს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები და თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ჩვენ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. იაპონია არის უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანა და ძალიან სასიხარულოა ეს პროექტი, რომელიც ბოტანიკურ ბაღში ხორციელდება. თქვენ იცით, რომ ბოტანიკურ ბაღში არის იაპონური ბაღი. საკურას ხეივანი კიდევ უფრო დაამშვენებს ჩვენს ულამაზეს ბოტანიკურ ბაღს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ, ასევე, მადლობა გადაუხადა თბილისის მერს საკურას ბაღის გაშენების იდეის განხორციელებაში აქტიური დახმარებისთვის.

„დღეს გამორჩეული დღეა. მოხარული ვარ, რომ ახდა ჩვენი ოცნება და თბილისში დავრგეთ საკურას ნერგები. ამ საკითხზე ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვესაუბრეთ თბილისის მერს. თბილისისთვის საკურას ნერგების გადაცემის იდეა და ინიციატივა ეკუთვნის იაპონიის კომერციისა და მრეწველობის პალატის ცენტრალური ფედერაციის პრეზიდენტს, იოშიჰისა მორისს.

რამდენიმე წელში ეს საკურა უკვე აყვავდება და იმედი მაქვს, რომ ქართველები და იაპონელები ერთად დასხდებიან და დატკბებიან საკურას ყვავილობით. ამით საკურა, როგორც იაპონიის სიმბოლო, უფრო გააღრმავებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს“, – განაცხადა ელჩმა.

ბოტანიკურ ბაღში გამწვანების აქციაში მონაწილებდნენ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, იაპონიის კომერციისა და მრეწველობის პალატის ცენტრალური ფედერაციის პრეზიდენტი იოშიჰისა მორისი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსხურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ბოტანიკური ბაღის დირექტორი, თამაზ დარჩიძე, იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე, „ქართული სასწავლებლის“ მოსწავლეები, რომლებმაც იაპონელი სტუმრების პატივსაცემად იაპონური სიმღერები შეასრულეს.

კომენტარი