თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე დედაქალაქის საკრებულოს წევრებმა ბრიფინგი გამართეს

თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე დედაქალაქის საკრებულოს წევრებმა ბრიფინგი გამართეს

139
გაზიარება

თბილისის მთავრობის მიერ დედაქალაქში მიმდინარე პროექტების შესახებ დღეს საკრებულოში ბრიფინგი გაიმართა. საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, ოთარ გრიგოლიამ, ლევან ჟორჟოლიანმა და რევაზ სოხაძემ „სითი პარკთან“ მოლაპარაკების დასრულებაზე, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ობიექტებზე მშენებლობის განახლებაზე, კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხებსა და თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები სრულად პასუხობს თბილისელების ინტერესებს. თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, თბილისის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის დავა მორიგებით დასრულდა და თბილისის მუნიციპალიტეტმა კომპანიისგან ყველა მატერიალური აქტივი და ათასობით ჯარიმის მოთხოვნის უფლება შეისყიდა.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენს მოქალაქეებს 850 ათას ლარამდე ჯარიმა ჩამოეწერება. თბილისის მთავრობას და მოსახლეობას „სითი პარკთან“ სხვადასხვა სახის პრეტენზიები ჰქონდათ. ამ კომპანიის საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი უსამართლო ჯარიმები იყო. კომპანია კორპორატიულ ინტერესებს საჯარო ინტერესზე მაღლა აყენებდა და მოქალაქეებს უკანონოდ აჯარიმებდა. ამ ფაქტს სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების 60%-ზე მეტი ადმინისტრაციული, ან სასამართლო წესით გაუქმებული იყო. შესაბამისად, სწორად მიგვაჩნია, რომ ჩვენს მოქალაქეებს 6 ათასამდე ჯარიმა ჩამოეწერებათ. ეს არის სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მიიღო“ – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ კი ბახტრიონის ქუჩაზე ე.წ „კორტების“ მშენებლობის საკითხზე ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, რომ ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე ე. წ „კორტების“ ტერიტორია 2009 წელს გასხვისდა და მის ადგილას კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა. მშენებლობის დაწყებას საბურთალოს რაიონის მოსახლეობა აპროტესტებდა. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე წელია თბილისის მერია კერძო კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელიც თბილისელებისთვის კარგი შედეგით დასრულდა და ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტმა საკუთრებაში დაიბრუნა. უახლოეს მომავალში, აქ 4 კორტი და ერთი  ღია ან დახურული საცურაო აუზი აშენდება, რომლითაც თბილისელები ისარგებლებენ“ – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

კიდევ ერთი თემა, რასაც დღევანდელ ბრიფინგზე საკრებულოს დეპუტატები გამოეხმაურნენ დედაქალაქში შეჩერებული მშენებლობებია. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის, განცხადებით, თბილისში 170 ობიექტია, რომელზეც მშენებლობა შეჩერებულია. მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ობიექტი კომპანია „ცენტრ პოინტის“ საკუთრებაში არსებული ქონებაა. რევაზ სოხაძის განმარტებით, ამ ეტაპზე თბილისის მერიასა და ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ სამ ობიექტზე მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.

„სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებული საკითხის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია თბილისელებისა და ჩვენი ქალაქის იერსახისთვის. 2500 ოჯახი კომპანია „სვეტის“ უპასუხისმგებლო ქმედების გამო დაზარალდა და დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქის მთავრობამ მათი პრობლემის მოგვარება შეძლო. სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში 170 ობიექტია, რომელზეც მშენებლობა შეჩერებულია და იქ მცხოვრები ადამიანები კუთვნილი ბინების მიღებას ელოდებიან. ვიმედოვნებ, რომ თბილისის ხელისუფლება ამ პრობლემას ეტაპობრივად მოაგვარებს“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა დღესვე კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ დაზარალებულთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი 40 ოჯახი კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს მიიღებს.

კომენტარი