კორტები რეკრეაციულ სტატუსს ინარჩუნებს – მერიამ გენგეგმის რეკომენდაცია გაითვალისწინა

კორტები რეკრეაციულ სტატუსს ინარჩუნებს – მერიამ გენგეგმის რეკომენდაცია გაითვალისწინა

300
გაზიარება

საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებულ კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს, 2009 წელს გასხვისდა და იქ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა. მისი თქმით, ადგილმონაცვლეობის შესახებ ინვესტორთან აქტიური მოლაპარაკება  წარმატებით დასრულდა და კორტების ყოფილი ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.

ამ საკითხში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა, ასევე სახელმწიფო ორგანოებმა. როგორც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე აღნიშნავს, ინვესტორის დოკუმენტაცია სრულ წესრიგში იყო, თუმცა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისმა აქტორებმა საკითხი დადებითად გადაწყვიტეს.

„დღეს გაჟღერდა ინფორმაცია, რომელიც, სავარაუდოდ, საბოლოო შედეგს ასახავს იმის შესახებ, რომ ტერიტორია გამოსყიდულია და იქ საცხოვრებელი კომპლექსი არ აშენდება. ამ პროცესში ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა, რაშიც საკრებულოს არაერთი დეპუტატი და საბურთალოს მაჟორიტარი ვატო შაქარიშვილი აქტიურად იყვნენ ჩართულები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეზულტატის მიღება მნიშვნელოვნად უკავშირდება გენერალურ გეგმას, რომელმაც აღნიშნული ზონის სარგებლიანობა და ფუნქცია თავის დროზე გაითვალისწინა, რაც გულისხმობდა, რომ ეს ტერიტორია აუცილებლად უნდა შენარჩუნებულიყო, როგორც რეკრეაციული არეალი. ამასთანავე, გენერალურ გეგმაზე მომუშავე გუნდმა ჩათვალა, რომ ამ სივრცისთვის ზემოხსენებული ფუნქციის გარდა, სხვა სტატუსის მინიჭება კატეგორიულად მიუღებელი იყო, რადგან მას მოქალაქეები ყოველთვის რეკრეაციული მიზნით იყენებდნენ. ეს პოზიცია გაიზიარა მერიამ, რასაც შედეგად მოყვა იმ პროცესის წარმართვა, რომელმაც გაცხადებულ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა. მერიამ ტერიტორია ინვესტორისგან გამოისყიდა, რომელსაც აბსოლუტურად ყველა საბუთი  ჰქონდა წესრიგში. შესაბამისად, რომ არა ორივე მხარის კეთილი ნება, აღნიშნულ ადგილზე მშენებლობა, სავარაუდოდ, დაიწყებოდა. ცხადია, ამ სიახლეს საზოგადოება ნეგატიურად მიიღებდა, რადგან კორტების ტერიტორიას მოსახლეობა ყოველთვის განიხილავდა, როგორც საჯარო სივრცეს, რომელსაც შესაბამისად იყენებდნენ. შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა თავიდანვე განუმარტა ინვესტორის წარმომადგენლებს, რომ იმ ზონაში ჯგუფი ვერ დაუშვებდდა აღნიშნული ტერიტორიის სხვა ფუნქციით გამოყენებას, გარდა რეკრეაციისა. შემდეგ კი საკრებულომ და მერიამ ეს პროცესი ბოლომდე მიიყვანა, რასაც, ცხადია, მივესალმები.“ – აცხადებს მამუკა სალუქვაძე

კომენტარი