სერგი გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფცია წარადგინა

სერგი გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფცია წარადგინა

137
გაზიარება

დედაქალაქის მერიის თანამშრომლებს თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ, განვითარების კონცეფცია წარუდგინა. დოკუმენტი პროექტის ანგარიშს, ხედვას და 2-წლიან სამოქმედო გეგმას მოიცავს, რომელიც არსებულ ვითარებაზე, სხვადასხვა კვლევაზე, სტატისტიკურ მონაცემებსა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით შემუშავდა.

პრეზენტაციის პირველ ნაწილში, სერგი გვარჯალაძემ პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, წელიწადნახევრის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში საბიუჯეტო თანხების მინიმალური გამოყენებითა და სპონსორების მხარდაჭერით, არაერთი ღონისძიება განხორციელდა.

„ღამის ეკონომიკის პროექტის დაწყებიდან რამდენიმე თვეში შემუშავდა მარშრუტი და დაინიშნა ღამის ავტობუსი ნ222, ჩავატარეთ ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი, ქალაქში აკუსტიკური დანაგვიანების პრობლემის მოსაგვარებლად გაიმართა რამდენიმე დისკუსია, წამოვიწყეთ ჰაკათონების, ტრენინგებისა და ვორქშოფების ტიპის ახალი სერია, რომელსაც “ღამის ლაბორატორია” დავარქვით და ამ ღონისძიებებს ამ ხნის განმავლობაში 300-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავდა, ჩავატარეთ ბუსინესს ტო ბუსინესს (ბ2ბ) შეხვედრები, რომელშიც 25 ქართული კომპანიისა და 5 საერთაშორისო საფესტივალო კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს, გაცვალეს იდეები და შესაძლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს“, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობასთან მუდმივად ტარდება საკონსულტაციო შეხვედრები. დაინტერესებულ პირებთან, ამ დრომდე, 300-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა.

პრეზენტაციის სტუმრები ასევე გაეცნენ ღამის ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებს და მათზე დაყრდნობით შემუშავებულ სტრატეგიულ მიმართულებებს, რომელიც 2-წლიან სამოქმედო გეგმაში აისახა.

„სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგად, მოსალოდნელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ღამის ეკონომიკასთან მიმართებაში და ღამით მომუშავე ბიზნესების რაოდენობის ზრდა“, – აღნიშნა სერგი გვარჯალაძემ.

კონცეფციის შექმნაზე თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის და თბილისის მერიის სამუშაო ჯგუფმა იმუშავა.

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი 2018 წლის აპრილში დაიწყო. პროექტის მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, განხორციელებული აქტივობებით თბილისის ტურისტული პოტენციალის და კულტურული მრავალფეროვნების გაზრდა.

კომენტარი