გლდანში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

77
გაზიარება

გლდანის რაიონის 30 მისამართზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ხუთ მისამართზე, ე.წ. წითელ ხაზებში არსებული წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, მესამე მიკრორაიონის N1 კორპუსში წყალარინების 360 გრძივი მეტრის გარე ქსელი რეაბილიტირდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 85 970 ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება მუხიანის I მიკრორაიონის N10 კორპუსში მიმდინარე სამუშაოებს, აღნიშნულ მისამართზე წყალარინების შიდა და გარე ქსელი, დაახლოებით, 610 გრძივ მეტრზე მოწესრიგდება, რითაც წლების განმავლობაში არსებული პრობლემა ცხრა სადარბაზოს მცხოვრებლებს მოუგვარდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 98 430 ლარია გათვალისწინებული.

მესამე მიკრორაიონის N1 და მუხიანის პირველი მიკრორაიონის N10 კორპუსში მიმდინარე სამუშაოებს გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან – ოთარ გრიგოლიასთან და ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნულ მისამართებზე მდებარე კორპუსებში წყალარინების შიდა და გარე ქსელი წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო, რაც მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ გამგეობას განცხადებით მომართა, რომლის საფუძველზეც, სამუშაოები 100%-ით დავაფინანსეთ. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს აღნიშნული პრობლემა სრულად მოუგვარდება, სამუშაოების ღირებულების 5% კი, რომელიც ამხანაგობის ანგარიშზე განთავსდება, საკუთარი კორპუსის მოვლა-პატრონობას მოხმარდება“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში“ შეტანილი ცვლილებები მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელთა შორის სახურავის, ლიფტის, წყალარინების შიდა და გარე ქსელების რეაბილიტაცია, ასევე, ოთხ სართულამდე შენობის ან/და მისი ელემენტების კაპიტალური გამაგრება, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და საპროექტო სამუშაოები შედის, გამგეობა კვლავ 100%-ით აფინანსებს.

დაფინანსების მიღების პარალელურად, 100 000 ლარამდე ღირებულების სამუშაოების შემთხვევაში, ამხანაგობა ვალდებულია, ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. იმ შემთხვევაში, თუ გამგეობის მიერ დაფინანსებული სამუშაოები 100 000 ლარს სცდება, ამხანაგობამ საკუთარ ანგარიშზე სამუშაოების ღირებულების 3% უნდა განათავსოს.

კომენტარი