როგორ აფასებს მერიის მიერ დაანონსებულ რეგულაციას ირაკლი მაჭარაშვილი?

როგორ აფასებს მერიის მიერ დაანონსებულ რეგულაციას ირაკლი მაჭარაშვილი?

131
გაზიარება

საცხოვრებელ და რეკრეაციულ  ზონებში მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების რეალიზაცია 2021 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალება. მტვრის შემცირებისა და ადამიანების უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული ახალი რეგულაციის შესახებ კანონპროექტის დროულად მომზადება და საკრებულოში გადაგზავნა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა.

საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია გამოხატა ეკოლოგმა, ირაკლი მაჭარაშვილმა და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი მოსაზრებით, ყოველი ინიციატივის გაჟღერებას თან ახლავს სხვადასხვა ინტერეს ჯგუფების დაპირისპირება, რაც საზოგადოებისთვის სასიკეთოდ უნდა გადაწყდეს.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ამ ტიპის ინიციატივა მისასალმებელია, მაგრამ აუცილებელია ეს პროცესი მიმდინარეობდეს დაინტერესებული საზოგადოების აქტიური ჩართულობით. მე დაველოდები კანონპროექტის საჯაროდ გამოქვეყნებას, რომლის ფარგლებშიც ვიმედოვნებ, რომ დაიწყება პროცესი, სადაც გათვალისწინებული იქნება მოქალაქეების როგორც შენიშვნები, ისე მხარდამჭერი მოსაზრებები. ზოგადად, კარგი იქნება, თუ არამხოლოდ საკრებულომ, არამედ ყველა გადაწყვეტილების მიმღებმა საჯარო ორგანომ, ამ პრინციპით იხელმძღვანელოს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი საზოგადოების ჩართულობა და რა რისკებს შეიცავს ამ პროცესის გარეშე წარმართული საქმიანობა, მოგახსენებთ: საქმე ის არის, რომ ყოველი სასარგებლო ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, რომელთა ჩამონათვალსაც ამ ინიციატივასაც მივაკუთვნებ, ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები თავიანთი აქტივობით მის განხორციელებას აფერხებენ. ამ ყოველივეს კი შედეგად მოსდევს ყველასათვის სასიკეთო საქმის ჩავარდნა, რაც გამოწვეულა იმით, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები ერიდებიან ზემოხსენებული ინტერეს ჯგუფების გაღიზიანებას. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებული საკითხი. საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნაა, რომ სატრანსპორტო საშუალებები სათანადოდ შემოწმდეს, რადგან  უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრება მათ ინტერესშია. ამ ფონზე ძველი ავტომობილების მფლობელების  საწინააღმდეგო პოზიცია არ უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი, რამეთუ ისინი წარმოადგენენ უმცირესობას, რომელთა მავნე ქმედებებმა არ უნდა შელახოს უმრავლესობის უფლებები.

შესაბამისად, თუ საჯარო სტრუქტურას სურს, რომ საზოგადოება მხარს უჭერდეს, საჭიროა გააჟღეროს და დაიცვას საზოგადო ინტერესი. დასკვნის სახით, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფეთქებადი, აალებადი, სამშენებლო მასალებთან და სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებული ვაჭრობა არ მიმდინარეობდეს დასახლებულ პუნქტებში. ეს არის მილიონ ნახევრიანი ქალაქის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესში. თუმცა არსებობს საფრთხე, რომ საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატოს, მაგალითად, ოცი ათასმა ადამიანმა, რომელთაც ამ გადაწყვეტილებით ფინანსური ზარალი მიადგებათ. ამიტომ, საჭიროა მერიამ ამ პროცესში ჩართოს საზოგადოება, რომელიც თანადგომას გამოუცხადებს მსგავს ინიციატივებს და ხელს შეუწყობს მათ განხორციელებას. „ – აცხადებს ირაკლი მაჭარაშვილი

კომენტარი