თბილისის საკრებულოში ახალი პროექტის – ,,საავტორო საათი” – პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საკრებულოში ახალი პროექტის – ,,საავტორო საათი” – პრეზენტაცია გაიმართა

86
გაზიარება

„გაუზიარე წარმატება“ – ამ ლაიტმოტივით, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, ახალი პროექტი „საავტორო საათი“ იწყება.

პროექტის ფარგლებში ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების სფეროს წარმატებული წარმომადგენლები თბილისის სასწავლო დაწესებულებებში შეხვედრებს გამართავენ და მოსწავლეებს საკუთარ პროფესიულ მიღწევებსა და პირად გამოცდილებას გაუზიარებენ, გაიმართება მასტერკლასები და დისკუსიებიც.

პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ინიციატივის ავტორმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ თაობაზე ზრუნვა დიდი პასუხისმგებლობაა.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოქმედი და ინოვატორი საზოგადოების ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება – ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე, შევუქმნათ შესაძლებლობები და წარმატების თანაზიარი გავხადოთ”,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

პროექტის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ვირსალაძის სახელობის თბილისის ხელოვნების სკოლის მოსწავლის, 13 წლის ნინო ჩხეტიანის ფერწერული ნამუშევრები, ხოლო საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ალიოზ მიზანდარის სახელობის თბილისის ხელოვნების სკოლის „ბიჭუნათა კაპელა” და ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 ხელოვნების სკოლის გოგონათა სასულე ორკესტრი.

„საავტორო საათი” თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის, თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორის სამინისტროს ერთობლივი პროექტია.

კომენტარი