კონფერენცია ,,სამშენებლო სამართალი და სიცოცხლისთვის უსაფრთხო მშენებლობის უზრუნველყოფა” გაიხსნა

კონფერენცია ,,სამშენებლო სამართალი და სიცოცხლისთვის უსაფრთხო მშენებლობის უზრუნველყოფა” გაიხსნა

124
გაზიარება

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ინიციატივით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, კონფერენცია სახელწოდებით ,,სამშენებლო სამართალი და სიცოცხლისთვის უსაფრთხო მშენებლობის უზრუნველყოფა” გაიხსნა.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები სამშენებლო სამართლის ნორმებისა და სწორი ქალაქგეგმარების შესახებ იმსჯელებენ. კონფერენცია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა გახსნეს. გიორგი ტყემალაძემ მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, შრომითი უსაფრთხოება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი თემაა და ამ მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. რაც შეეხება ქალაქმშენებლობას, როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ეს თბილისისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

,,შეხვედრა საკმაოდ საინტერესო ფორმატით მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში ჩვენ არამხოლოდ თეორიულ ნაწილს განვიხილავთ, არამედ პრაქტიკულ საკითხებსაც შევეხებით. შრომითი უსაფრთხოება და ქალაქმშენებლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევებია და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს და ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც კომპანიებისთვის, ასევე დასაქმებულებისთვის. მისივე თქმით, ამ მიმართულებით გამოცდილებისა და იდეების გაცვლა აუცილებელია. სწორედ ამიტომ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ კონფერენციის ორგანიზება გადაწყვიტა.

,,დღეს სამშენებლო სამართლის მიმართულებით, უპრეცედენტო კონფერენცია გაიხსნა. სამშენებლო სამართალი არის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი, რომელშიც ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილია დასაქმებული. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია  როგორც სწორი ქალაქგეგმარება, ასევე, უსაფრთხო მშენებლობები“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობას დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების, სასამართლოს, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ბიზნესისა და პროფკავშირების წარმომადგენლები იღებდნენ.

კომენტარი