თბილისი ნელ-ნელა შენობების ერთობლიობა ხდება – მანანა ქოჩლაძე

თბილისი ნელ-ნელა შენობების ერთობლიობა ხდება – მანანა ქოჩლაძე

188
გაზიარება
მანანა ქოჩლაძე - ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” ხელმძღვანელი

მასალა მომზადებულია რუბრიკისთვის “თბილისი ერთ აბზაცში


თბილისთან ორგვარი დამოკიდებულება მაქვს. ერთი გულისხმობს იმას, რომ ის ჩემი მშობლიური ქალაქია, მე აქ დავიბადე, შესაბამისად მასთან განსაკუთრებული ურთიერთობები მაკავშირებს. ამასთანავე, თბილისი იმ სახით, როგორც ჩამოყალიბდა, არ მომწონს, რადგან ის ძალიან არამეგობრული გახდა. აქ ძალიან პრობლემატურია ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილება და ეს მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემით არ არის გამოწვეული. აღნიშნული კავშირშია იმ ფაქტთან, რომ დედაქალაქი ძალიან გაიზარდა და თან ეს მოხდა ყოველგვარი გეგმარების გარეშე. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ გეგმარებაა. ამასთან დაკავშირებით, ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, როგორც რუსეთის იმპერიის, ისე საბჭოთა მმართველობის დროს. მათ შორის, მნიშვნელოვანია მდინარე მტკვარის არტახებში მოქცევა და მისი ეკოსისტემის ცვლილება. გარდა ამისა, კიდევ არაერთი მდინარის სისტემა შეიცვალა, რომელიც ამჟამად დამარხულია.  თუ ჩვენ გვინდა, რომ თბილისში გვქონდეს კარგი პირობები, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ამ მიმართულებით. თუმცა, ამ საკითხზე პრიორიტეტული ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებაა, რაც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე. აქ საუბარია არამხოლოდ ჰაერის დაბინძურებაზე, არამედ იმ სტრესზე, რომელსაც ქალაქში არსებული მდგომარეობა მგზავრობისას იწვევს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ქალაქის განვითარების გეგმის შედგენას ერთი წელი მაინც დასჭირდება, თუმცა მგონია, რომ ეს გეგმა იქნება ცუდი, რადგან ამ პროცესში საზოგადოება არ არის ჩართული. საზოგადოებრივ ჩართულობაში მე არ ვგულისხმობ იმ ფოკუს ჯგუფებს, რომლებსაც გამარჯვებული კომპანია მიმართავს. საზოგადოებაში არ არის კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ტრანსპორტის სისტემა. ამ მოცემულობაში, ისეთი კარგი გადაწყვეტილებებიც კი, როგორიც არის შუა ზოლების გამოყოფა, იქნება ეს ვაკე თუ რუსთაველი, საზოგადოებაში ცუდად არის მიღებული. ეს ყოველივე კი იმის ბრალია, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ სატრანსპორტო სისტემის შესახებ. არსებობს გარკვეული გადაწყვეტილებები, მაგალითად, ლილოს მიმართულებით, თუმცა ამ პროცესში თბილისელებს ჩართულობა, ფაქტობრივად, არ აქვთ. მე მგონია, რომ თბილისი ძალიან შეცვლილია და ალბათ, დადგება დრო, როდესაც მოგვიწევს მთელი რიგი შენობების აღება, რაზეც უნდა ვსაუბრობდეთ კიდეც. პირდაპირ გეტყვით, რომ მე, მაგალითად, ისეთ შენობებს, როგორიც არის პანორამა და ა.შ. თავიდანვე არ დავუშვებდი. მიუხედავად დამდგარი შედეგისა, არასდროს არის გვიანი, რომ ვიფიქროთ მსგავსი ნაგებობების აღებაზე, იმის მიუხედავად, რომ ისტორიული პერსპექტივით, შესაძლოა ამან აღარაფერი მოუტანოს ქალაქს. თბილისს უნდა დაუბრუნდეს ის ესთეტიკა, რომელიც სრულად გამქრალია. თბილისი ნელ-ნელა ხდება შენობების ერთობლიობა და არა ქალაქი, სადაც ადამიანებს კომფორტულად ცხოვრების საშუალება აქვთ.

კომენტარი