მეტირება და ვხვდები, რომ ეს ქალაქი სასწაულია – მაკა შალიკაშვილის თბილისი

მეტირება და ვხვდები, რომ ეს ქალაქი სასწაულია – მაკა შალიკაშვილის თბილისი

238
გაზიარება

მასალა მომზადებულია რუბრიკისთვის “თბილისი ერთ აბზაცში


ჩემთვის თბილისი, სანამ აქ ვიცხოვრებდი,  იყო ჩემი სურვილების ასრულების, გეგმების განხორციელებისა და იმ შესაძლებლობების ქალაქი, რომლებიც არ მქონდა, სანამ სხვაგან ვცხოვრობდი. ეს არის ადგილი, რომლის დატოვებაც ყოველთვის ძალიან მიჭირს. ამ დროს მიხანგრძლივდება ბარგის ჩალაგების პროცესი და ვიწყებ ნერვიულობას. მას შემდეგ, რაც ქალაქს დავტოვებ, სიხარულის განცდა მეუფლება და სადაც მივდივარ, იქ ვამბობ, რომ კმაყოფილი ვარ, რადგან თბილისთან დაკავშირებული ხმაურისა და დისკომფორტისგან დავისვენე. თუმცა, მე სხვაგან ცხოვრება არ შემიძლია, რადგან ჩემი შვილი ხშირად დედაქალაქში რჩება და გარდა ამისა, არიან ადამიანები და ფაქტორები, რომელთა გამოც, ყოველთვის ვბრუნდები უკან. სწორედ ამ დროს, დაბრუნებისას, როცა ვეფხისა და მოყმის ძეგლს დავინახავ, მეტირება და ვხვდები, რომ ეს ქალაქი სასწაულია და აქ იგრძნობა თბილი სიო. ძალიან მიყვარს თბილისი და მისი მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა, ხდება და მოხდება.

რაც შეეხება მოცემულობას, რის შეცვლასაც ვისურვებდი, მინდა, რომ სტერეოტიპები დაირღვეს. მე, მაგალითად, დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვურთიერთობ ხალხთან, ზოგი გაგიღიმებს, ზოგი არაადეკვატურად ჩაგთვლის, ზოგს გაუკვირდება, რომ კერძო ტრანსპორტს არ იყენებ და ა.შ. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ბევრი კარგი რამ კეთდება, რაც მახარებს. ერთი, რაც მაწუხებს, ეს მაღალი შენობებია, რომლებიც ამ ქალაქს არ უხდება.

კომენტარი