ორი ძმის ჩამოხრჩობა (სერგეი მესხი, „დროება“, 1878 წელი)

ორი ძმის ჩამოხრჩობა (სერგეი მესხი, „დროება“, 1878 წელი)

285
გაზიარება
ფოტო: „მადათოვი“

ვებგვერდი „მადათოვი“ მკითხველს ძველი თბილისის შესახებ არაერთ საინტერესო ამბავს უზიარებს. გვერდზე გამოქვეყნებული იმდროინდელი გაზეთების ამონარიდებიდან, ფაქტობრივად, თავად პუბლიკაციების ავტორები გვესაუბრებიან მაშინდელი ენით, სტილით, ფიქრებითა და საჭიროებებით.

მათი წაკითხვა განსაკუთრებით საინტერესოა მისთვის, ვისაც თბილისის ისტორია, კულტურა და ყოველდღიური ცხოვრება იმდენად უყვარს, რომ არასდროს ამბობს უარს, რამდენიმე წუთით იმოგზაუროს წარსულში და ძველი თბილისის თვალით დაინახოს ქალაქის იმჟამინდელი ყოფა. ძველი გაზეთები სხვადასხვა სახის ამბავს ინახავენ და რაღა თქმა უნდა, რომ ამ ყველაფერში ერთ-ერთი მთავარი ადგილი გაზეთ „დროებას“ უკავია. ეს მონაკვეთიც – ძმების ჩამოხრჩობაზე – სწორედ ამ გაზეთიდანაა.

სერგეი მესხი, გაზეთი „დროება“, 1878 წ.

„თითქმის მთელი ქალაქი კვირაცხოველის ეკლესიისაკენ, გორაზე, გაეფინა დღეს დილიდამვე. ყველა, თითქოს რაღაც დიდი საქმე აქვთ, თითქო რაღაც დარჩენიათო, ისე მიიჩქაროდა ხიდს გაღმა; ფაეტონების შოვნა არ იყო.

მიზეზი ის გახლდათ, რომ დღეს [23 იანვარი, 1878 წ.] ორშაბათს, დილის 12 საათზე, ჩამოაღრჩვეს ის ორი ავაზაკი, რომელთაც პოლიციის სალდათის მოკვლის ბრალი დაედვათ.

გასულ ორშაბათს უნდა ჩამოეღრჩოთ, მაგრამ, როგორც ამბობდნენ, დამნაშავეებმა განაცხადეს სურვილიო, რომ სხვა ჩვენ ამხანაგებსაც გამოვააშკარავებთო და ამის გამო ამ საშინელი სასჯელის სისრულეში მოყვანა შეაჩერა სამხედრო სამართალმაო. ეტყობა არ გატეხილან ესენი, ან გატეხას ვერ უშველია ამათთვის.

ჩვენ რომ მიველით, ყველაფერი გათავებული იყო: ისინი ჩამოეღრჩოთ და ბევრი ხალხი უკან მოდიოდა. აი სურათი, რომელიც ჩვენ აქ დავინახეთ:

მთელი გორა, ის გორა, რომელზედაც კვირა-ცხოვლობის დღეს ესე ქეიფობს ჩვენი თფილისის ხალხი, მოფენილი იყო დღეს დაფიქრებული მოღუშული სახის ხალხითა… ყველას მჟავე გამომეტყველება ეწერა სახეზედ…

ეშაფოტის ორივ მხრით ორი სვეტია და ამ ორ სვეტზე, თოკებზე ჩამოკიდული არიან ის საცოდავი ავაზაკები, თეთრ ტომრის მსგავს პერანგში თავით ფეხამდინ გამოხვეულები. წელზე წვრილი თოკი, მეორე უფრო სხვილი თოკი სვეტიდამ ჩამოშვებული ყელზე აქვთ წაჭერილი.

ერთი უფრო ზორბა კაცი ყოფილა ეტყობა და მეორე უფრო პატარა. ის ზორბა კაცი, ამბობენ, უფროსი ძმა იყო და მეორე პატარა – უნცროსი ძმა – 20-ის წლისა.
აღარც კი ინძრევა თოკი ახლა; ალბათ ფეხების ფართხალი და მთელი სხეულის ცახცახი ამათ დიდი ხანია გაათავეს და ახლა გაუნძრევლად არიან თოკზე ჩამოკიდულნი.

ეშაფოტს გარს არტყია ჯარი, ბევრი წარმომადგენლები პოლიციისა და ცხენოსანი ყაზახი-რუსები; იგერებენ ხალხს, უკან სწევენ; რადგან ყველას უნდა წინ გაიწიოს, უფრო ახლოს ნახოს.

ერთი გაცინებული სახე არ გვინახავს ამდენ ხალხში; თვით ჩვენი კინტოები, რომელნიც მუდამ და ყველაფერზე იცინიან ხოლმე, თვით ისინიც როგორღაც დაღვრემილნი, მოღრუბლულნი და დაფიქრებულნი იყვნენ.

ერთი მახვილი სიტყვა არ გაგვიგონია არავისაგან. ყველა გაჩუმებული შესჩერებია იმ სვეტებს და იმაზე ჩამოკიდულებს.

და ან რა დროს სიცილი, რა დროს მახვილი სიტყვაა, როცა ამისთანა სურათი თვალ წინ გიდგია…

ამბობენ, რომ უფროს ძმას ხმა არ ამოუღია, როცა ტილოს პერანგი გადააცვეს თავზედაო და თოკი წაუჭირეს ყელშიო… უმცროსმა კი ბევრი იბღავლა თურმე, ხელებს ანძრევდა, არ უშვებდა პალაჩს, რომ თოკი გადაეცვა ყელზე…

ამოდენ ხალხში მხოლოთ ეს პალაჩი იდგა გულ-გრილად, თავის წითელს პერანგში და წითელი ქუდით, და თითქო კმაყოფილებით, თავ-მომწონეთ შესცქეროდა თვის ნამოქმედარს…

პ.ს. ჩამოღრჩობილი ყუზანოვები გუშინ პირველ საათზედ დაასაფლავეს იქვე, საცა ჩამოაღრჩვეს…“

კომენტარი