მედიცინა ძველ თბილისში – როგორ ცხოვრობდა დედაქალაქი ეპიდემიების დროს

მედიცინა ძველ თბილისში – როგორ ცხოვრობდა დედაქალაქი ეპიდემიების დროს

817
გაზიარება

ქართველ ხალხი, სამედიცინო კულტურით, მდიდარია. ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან, მრავალი ბერძენი მოგზაური საუბრობდა კოლხეთის სამედიცინო გამოცდილების შესახებ. ზოგადად, ქვეყნის კლიმატური პირობები, ფლორა და ფაუნა, იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ხალხურ მედიცინას ძალიან დიდი მიღწევები ჰქონოდა. ვიცით ხშირი შემთხვევები, როცა ოჯახები საგვარეულო ცოდნას ფლობდნენ და შთამომავლობას გადასცემდნენ. გვსმენია ხევსური დასტაქრების, ასევე, თურმანიძეების ან სხვა ოჯახების შესახებ. ხალხური მედიცინა რომ საქართველოში მაღალ დონეზე იყო, ამას მრავალი ისტორიული წყარო ადასტურებს. განსაკუთრებით საინტერესოა შემდგომი პერიოდი, როდესაც მეცხრამეტე საუკუნეში საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა, გაუქმდა ქართველთა სამეფო ხელისუფლება და სამედიცინო თვალსაზრისით, ბევრი რამ შეიცვალა.

დედაქალაქს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. მოგეხსენებათ, მაშინ თბილისი საქართველოს დედაქალაქად არ იხსენიებოდა. არსებობდა თბილისისა და ქუთაისის გუბერნია, მაგრამ თბილისში, თავისი სტრატეგიული მდებარეობიდან და ქალაქის განსაკუთრებული როლიდან გამომდინარე, სამედიცინო პუნქტების გახსნა აქტიურად დაიწყო.

ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულება დღევანდელი აღმაშენებლის ქუჩაზე, მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვის საპატივცემულოდ, 1868 წელს გაიხსნა. მიხეილის საავადმყოფოში საკმაოდ კვალიფიციური ექიმები მუშაობდნენ. მალევე გაიხსნა სამხედრო ჰოსპიტალიც, რომელიც კავკასიაში დისლოცირებული რუსეთის იმპერიის მებრძოლებისათვის იყო განკუთვნილი. მოგვიანებით, დედაქალაქს ცნობილი ბიზნესმენის, არამიანცის წყალობით, უმნიშვნელოვანესი და ძალიან პოპულარული საავადმყოფოც შეემატა. არამიანცმა ამ შენობის ასაგებად და მის საავადმყოფოდ გადაქცევას ასი ათას მანეთზე მეტი შესწირა. მის დაარსებაში ნიკო ნიკოლაძეს და თბილისის თვითმმართველობის რამდენიმე წევრსაც მიუძღვის წვლილი. საინტერესო ისაა, რომ ეს საავადმყოფო დედაქალაქის შეჭირვებულ მოსახლეობასაც ემსახურებოდა.

ამასთანავე, თბილისში, რუსთაველის მოედნის თავში გერმანელმა აფთიაქარმა, ევგენი ზემელმა ძალიან ცნობილი აფთიაქი გახსნა. ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ მთელ მიმდებარე ტერიტორიას ბევრი დღესაც ზემელს უწოდებს. ამ აფთიაქმა მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება.

ძალიან საინტერესოა პირველი რესპუბლიკის პერიოდი, რადგან აქ კარგად ჩანს, თუ როგორ უმკლავდება დამოუკიდებელი საქართველო სამედიცინო საკითხებს. ამ პერიოდში უკვე კერძო სამედიცინო დაწესებულებებიც არ იყო უცხო. უკვე არსებობდა ე.წ. რკინიგზის საავადმყოფო, რომელიც არამხოლოდ რკინიგზის მომსახურე პერსონალზე, არამედ ქალაქის მოსახლეობაზეც იყო გათვლილი. სწორედ პირველი რესპუბლიკის პერიოდში გაჩნდა თბილისში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – ეპიდემია – რომელიც დედაქლაქში ქურთმა, სომეხმა და ბერძენმა ლტოლვილებმა შემოიტანეს. შედეგად, გავრცელდა იმ დროისთვის ისეთი საშიში დაავადებები, როგორიც იყო: შავი ჭირი, მალარია და ქუნთრუშა. ეს დაავადებები მთელ ქალაქს მოედო. დიდი გამოწვევა აღმოჩნდა იმ თვალსაზრისითაც, რომ საკითხის მოგვარებაში არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალი ჩაერთო, არამედ – ქალაქის თვითმმართველობაც. მაშინ ქალაქის თავმა, ბენია ჩხიკვიშვილმა ცენტრალური მთავრობიდან დამატებითი სესხი მოითხოვა. გარდა ამისა, მას სესხის აღება ბანკებიდანაც დასჭირდა, რადგან დაავადებების გავრცელების პრევენციაზე მუშაობა დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვდა.

მაშინ ქალაქში მხოლოდ 6 სანიტარული ექიმი იყო (დღევანდელი ენით, ინფექციონისტი). სწორედ მაშინ დაიწყო ძალიან  აქტიური საინფორმაციო კამპანია, თუ როგორ დაეცვა მოსახლეობას თავი ასეთი გადამდები დაავადებებისგან. მოეწყო საკარანტინო ზონები და იმ ოჯახებში, სადაც ასეთი სენი იყო გავრცელებული, გარკვეულ ზომებს მიმართეს, რათა დაავადების გავრცელება არ მომხდარიყო. სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი დაავადებული ადამიანი გარდაიცვალა…

საინტერესოა, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, პერიოდული პრესაც ძალიან აქტიური იყო და ინფორმირების კუთხით, მთავარ იარაღს სწორედ ის წარმოადგენდა. შეიქმნა არაერთი დარგობრივი ჟურნალი, რომელიც  სამედიცინო საკითხების შესახებ წერდა, ასეთი გამოცემები იყო ჟურნალები: „ექიმი“, „ექიმის თანაშემწე’, „ფარმაცევტი“ და სხვა.

1918 წლის შემოდგომაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტი დაარსდა, რომელმაც სხვადასხვა პროფილის ექიმის გადამზადება დაიწყო. ამავე პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, აღერიცხა საქართველოში ყველა კვალიფიციური ექიმი, რამაც სახელმწიფოს შეუქმნა წარმოდგენა, თუ რა რესურსი გააჩნდა ამა თუ იმ დაავადებასთან ბრძოლაში.

შემდგომ პერიოდში  თბილისში კიდევ რამდენიმე საავადმყოფო გაიხსნა. მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ გადამდებ დაავადებათა წინააღმდეგ საბრძოლველად, 250-საწოლიანი საავადმყოფო ამოქმედდა. ასევე, საინტერესოა, რომ ქალაქში მაშინ გავრცელებულ ეპიდემიებს, ქართველ მედიკოსებთან ერთად, წითელი ჯვრის საქალაქო სამსახურიც ებრძოდა.

მოკლედ, დამოუკიდებლობის პერიოდში მედიცინის განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობოდა. ამ დროს შეიქმნა სამედიცინო მიმართულებით დასაქმებულ ადამიანთა პროფესიული გაერთიანებები, როგორიცაა: ექიმთა, ფერშალთა, ბებიაქალთა თუ სხვა პროფესიული კავშირები. ისინი პერიოდულად იკრიბებოდნენ და მათ წინაშე მდგარ პრობლემატიკაზე მსჯელობდნენ. მაგალითად, ფერშლებმა ერთ-ერთი გამოსვლისას მათი პროფესიის მეტად დაფასება და ანაზღაურების გაზრდა მოითხოვეს. გარდა ამისა, არსებობდნენ მოხალისე ექიმებიც, რამაც ამ დარგს აქტუალურობა კიდევ უფრო გაუზარდა. სწორედ თბილისში გაჩნდა ზემელის აფთიაქის გარდა, სხვა კერო სააფთიაქო ქსელები, რამაც დედაქალაქში მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახადა.

დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას და ებრძვის მსოფლიო პრობლემას,  ახალი ვირუსული ინფექციის სახით, საჭიროა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, გადავავლოთ თვალი იმ ისტორიულ და მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც ქართულ მედიცინას უკავშირდება.

მირიან ხოსიტაშვილი – ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ეთნოლოგიის დოქტორი

კომენტარი