მუზეუმი მიწისქვეშა ქალაქში – ადგილი, რომელიც ქართული ღვინის 8 ათასი წლის ისტორიას...

მუზეუმი მიწისქვეშა ქალაქში – ადგილი, რომელიც ქართული ღვინის 8 ათასი წლის ისტორიას გვიყვება

257
გაზიარება

თბილისის ღვინის მუზეუმმა სატესტო რეჟიმში მუშაობა 25 თებერვალს დაიწყო. ოფიციალურად, ის რამდენიმე კვირაში გაიხსნება და ყველა ჩვეგანს გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მუზეუმს, რომელიც ქართული ღვინის 8 ათასი წლის ისტორიას გვიყვება.

თბილისის ღვინის მუზეუმი თბილისის ისტორიის მუზეუმისა და ე.წ. მანთაშევის რიგების ქვედა სართულებზე, ე.წ. მიწისქვეშა ქალაქში მდებარეობს. შენობა, რომელშიც მუზეუმია განთავსებული, ისტორიული ღირებულების მატარებელია. XVII საუკუნეში აშენებული ეს ქარვასლა ძველი თბილისის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. შენობაში მუზეუმის განთავსება, რაღაც მხრივ, მის ძველ დანიშნულებას ნაწილობრივ აღადგენს კიდეც.

მიწისქვეშა ქალაქი დღემდე იმავე სახით არის წარმოდგენილი, როგორიც ასწლეულების წინ იყო. ქართული აგურით, თაღოვანი არქიტექტურით ნაშენი დარბაზები მტკვრის დონეზე დაბლაა განთავსებული. დარბაზებში მიედინება გრუნტის წყლები და წყაროები, რაც მიწისვეშა სივრცეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

დარბაზში წარმოდგენილია ქართული ღვინის რვაათასწლოვანი ციკლის ნიმუშები, კონკრეტულად კი, არქეოლოგიური სამუშაოებისას აღმოჩენილი არტეფაქტები, რომლებიც ქართული ღვინის სიძველესა და ქვევრის უნიკალურობას ადასტურებს. აქ წარმოდგენილია ქართულ მეღვინეობასთან დაკავშირებული საკვანძო არქეოლოგიური და
ეთნოგრაფიული ნივთები: თასები, ღვინის ჭურჭელი, რიტუალური ჭურჭელი, ქვევრი, თამადა, ვაზი, წიპწა და სხვა.

დარბაზის ვიზუალურ მხარეს მეტად შთამბეჭდავს ხდის ბარაქის წყლად წოდებული წყარო, რომლის დაგემოვნება ყველა ვიზიტორს შეუძლია, ასევე შუშის ჭერი, რომელიც ქარვასლას და მუზეუმს ჰყოფს.

როგორც „სითი კვირასთან“ საუბრისას მუზეუმის დირექტორი, რუსუდან ჭუმბაძე განმარტავს, მუზეუმის მიზანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და იმ აზრის პოპულარიზაციაა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. მისივე თქმით, მუზეუმი მეღვინეებსაც დაეხმარება, რადგან ის კვლევითი ცენტრით აღჭურვილი ერთგვარი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც მეღვინეებისთვის სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმება.

კომენტარი