ავლაბრელი მკითხავის, ნინო კოდელის „მკვლელობის“ ამბავი („დროება“, 1879 წელი)

ავლაბრელი მკითხავის, ნინო კოდელის „მკვლელობის“ ამბავი („დროება“, 1879 წელი)

344
გაზიარება

ვებგვერდი „მადათოვი“ მკითხველს ძველი თბილისის შესახებ არაერთ საინტერესო ამბავს უზიარებს. გვერდზე გამოქვეყნებული იმდროინდელი გაზეთების ამონარიდებიდან, ფაქტობრივად, თავად პუბლიკაციების ავტორები გვესაუბრებიან მაშინდელი ენით, სტილით, ფიქრებითა და საჭიროებებით.

მათი წაკითხვა განსაკუთრებით საინტერესოა მისთვის, ვისაც თბილისის ისტორია, კულტურა და ყოველდღიური ცხოვრება იმდენად უყვარს, რომ არასდროს ამბობს უარს, რამდენიმე წუთით იმოგზაუროს წარსულში და ძველი თბილისის თვალით დაინახოს ქალაქის იმჟამინდელი ყოფა. ძველი გაზეთები სხვადასხვა სახის ამბავს ინახავენ და რაღა თქმა უნდა, რომ ამ ყველაფერში ერთ-ერთი მთავარი ადგილი გაზეთ „დროებას“ უკავია. ეს ამბავიც სწორედ ამ გაზეთიდანაა.

გაზეთი „დროება“, 1879 წ.

„თფ. მოამბე“ გაცნობებს, რომ ამ თვის 11, [1879 წ.] ავლაბარში მოუკლავთ გამოჩენილი მკითხავი კოდელი ნინო.

მკვლელი დამალულა და ჯერაც ვერ მოუნახავთ. რამდენიმე დაჭრილობა აქვს თურმე ზოგი სახეზე, ზოგი მუცელზე და თავში. მოკლულის გვამი კლინიკაში წაიღეს, ექიმებმა უნდა შეამოწმონ.

კოდელი ნინო თითქმის მთელ საქართველოში განთქმული იყო მკითხაობით და მაჭანკლობით. ზოგიერთი გასათხოვარი ქალები და სასიძო ვაჟები, უეჭველია, ძალიან ინანებენ ამ საბრალო ქალის მოკვლას…“

[…]

„ჩვენს გაზეთში იყო ამას წინათ გამოცხადებული თფილისის გამოჩენილი მკითხავის კოდელი ნინოს მოკვლა.

ახლა გვაცნობებენ, რომ ეს ამბავი ტყუილი ყოფილა: კოდელი ნინო არც მოუკლავთ, არც დაუჭრიათ, იმას ბრჩხილიც არ ასტკივნიაო, შვიდობით არის და ძველებურად, ხელოვნურად ასრულებს თავის წარჩინებულ ხელობას – მკითხაობასაო“.

კომენტარი