ბასა ფოცხიშვილი: თბილისი საოცარი ქალაქია…

ბასა ფოცხიშვილი: თბილისი საოცარი ქალაქია…

108
გაზიარება
ბასა ფოცხიშვილი - რეჟისორი

მასალა მომზადებულია რუბრიკისთვის “თბილისი ერთ აბზაცში


თბილისი უნიკალური და ყველა სხვა ქალაქისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. ჩემთვის ის ასოცირდება სილამაზესთან, ურთიერთობასთან, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ქალაქებს შორის თავის ღირსეულ ადგილს იკავებს თავისი იდენტობითა და სულით. აქ ერთადერთ რამეს შევცვლიდი, რაც დაკავშირებულია იმ მშენებლობებთან, რომლებიც, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ძალიან მომრავლდა და რამაც დაარღვია თბილისისთვის დამახასიათებელი სისადავე. ქალაქის ძველ უბნებსა თუ ცენტრში აგებულმა ძალიან მაღალმა ნაგებობებმა დაამახინჯა დედაქალაქი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, სიახლის მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი, აუცილებელია, რომ ყველაფერ ახალში იყოს სტილი, ზომიერება და გემოვნება. ამ პირობებში კი, ჩემთვის ეს უსახური და ჭრელი შენობები მიუღებელია. სამწუხაროდ, ამ შენობების მოშორება შეუძლებელია, იქ უკვე მოსახლეობა ცხოვრობს, მაგრამ მე, პირადად, ყველანაირად შევეცდებოდი, რომ გარემოს ის სახე მიეღო, რაც შეეფერება, როგორც თანამედროვეობას, ისე მის წარსულს.

ძველ თბილისში, კონსერვაციისა და რესტავრაციის მიღმა, მშენებლობებს არ დავუშვებდი. ეს მიდგომა მთელ მსოფლიოში აპრობირებულია, როდესაც ძველ ქალაქებში იწყებენ რაიმე ახლის შენებას, ის უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივ არქიტექტურასა და ლანდშაფტს.

ზოგადად, თბილისი საოცარი ქალაქია და ყოველთვის ამაყი ვარ, როდესაც ჩემს უცხოელ სტუმრებს ვაცნობ აქაურობას ან როდესაც მას მოგზაურობიდან ვუბრუნდები და ძველი თბილისის ხედს დავინახავ. გულწრფელად მიმაჩნია, რომ ეს ერთი-ერთი ყველაზე საინტერესო და ლამაზი ქალაქია მსოფლიოში. რის შენარჩუნებასაც ვისურვებდი, ის განსაკუთრებული ურთიერთობებია, რაც ყოველთვის ჰქონდა თბილისს, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მოსაფრთხილებელია, რაც ერთგვარი აღმოჩენაა ხოლმე უცხოელებისთვის. ამასთანავე, შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოში არის ქალაქები, რომლებიც ასეთივე განსაკუთრებული ურთიერთობებითა და მოსახლეობით ხასიათდება.

კომენტარი