უნდა შეჩერდეს თუ არა დროებით ტაქსების მომსახურება – ტრანსპორტის ექსპერტების აზრი

უნდა შეჩერდეს თუ არა დროებით ტაქსების მომსახურება – ტრანსპორტის ექსპერტების აზრი

348
გაზიარება

დედაქალაქის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და ამ მხრივ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოების კუთხით, არაერთი ნაბიჯი გადადგა. გარდა იმისა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ხვალიდან მუშაობას დროებით შეწყვეტენ მიკროავტობუსები. გარდა ამისა, შეიცვლება ავტობუსებში მომსახურების წესები და დროებით შეჩერდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობაც.

სატრანსპორტო დარგის ექსპერტთა ნაწილი მიესალმება  მიღებულ გადაწყვეტილებებს და დამატებითი აკრძალვების საჭიროებას, მაგალითად, ტაქსის შემთხვევაში (თბილისში ათობით ათასი ტაქსი გადაადგილდება), ვერ ხედავს. გელა კვაშილავა და ეკა ლალიაშვილი „სითი კვირასთან“ საუბრისას ტაქსიში საჭირო უსაფრთხოების ზომებზე ამახვილებენ ყურადღებას და რამდენიმე რეკომენდაციას გვთავაზობენ.

გელა კვაშილავა – ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე

-კარგია, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს ყოველდღიური დეზინფექცია უტარდება. გადაწყვეტილებები, რომლებიც მერიამ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით მიიღო, სწორია. ჩვენ მათ ეს რამდენიმე დღის წინ შევთავაზეთ. სწორი გადაწყვეტილებაა მიკროავტობუსების დროებით შეჩერებაც, რადგან ასეთ პატარა სივრცეში ვირუსის გავრცელების გაცილებით მაღალი შანსია. მსგავსი რამ გააკეთა, მაგალითად, ჩინეთმა, სამხრეთ კორეამ და სხვა ქვეყნებმაც. ეს დროებითი გადაწყვეტილებაა, რომელიც აუცილებლად იყო მისაღები.

რაც შეეხება ტაქსებს, მათი მომსახურების შეჩერებაზე საუბარი ჯერ არც უნდა იყოს. ერთადერთი, რისი გაკეთებაც კარგი, უფრო სწორად, აუცილებელია, გახლავთ ის, რომ მძღოლებმა პირბადეები და ხელთათმანები ატარონ. ასევე, უნდა ეცადონ, რომ მგზავრი, წინა სავარძლის ნაცვლად, უკანა სავარძელზე მოათავსონ. ასე ვირუსის გადადების შანსი შემცირდება.

ეკა ლალიაშვილი – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე

-ტაქსებთან დაკავშირებით, რაიმე სიახლეზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ვიტყოდი, რომ მისასალმებელია ის ზომები, რაც ძალაში შევიდა. ხვალიდან მიკროავტობუსებით გადაადგილება იკრძალება, ავტობუსებში მოხდება მძღოლებისა და მგზავრების დისტანცირება. აუცილებელია მგზავრთა ნაკადის კონტროლი, რადგან მოსალოდნელია, რომ მიკროავტობუსებით მოსარგებლე მგზავრები ავტობუსებსა და მეტროზე გადაერთვებიან. გაიჟღერა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც, მეტროს ვაგონები შემცირებულია და გადასულია ზაფხულის რეჟიმზე. დღეს რაც შეიძლება მეტი ტრანსპორტი გვჭირდება, რათა შენარჩუნდეს მრავალფეროვნება. რაც შეეხება ტაქსებს, მნიშვნელოვანია, რომ ზომების მიღების შემთხვევაში, მხოლოდ უკანა სავარძლით მოხდეს მგზავრთა გადაყვანა, რაც დისტანცირებისთვის აუცილებელია. კარგი იქნება, თუ მოხერხდება მგზავრისა და მძღოლის განცალკევება გამჭვირვალე კედლით. არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელია ჩვენს რეალობაში, მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილება დღეს უნდა ემსახურებოდეს იმ მიზანს, რომ ადამიანებს შორის ახლო კონტაქტი მინიმუმამდე დავიდეს. გარდა ამისა, მთავარი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ ადამიანები დარჩნენ სახლებში. დღეს ვუსმენდი პრემიერს და დედაქალაქის მერს. მათ მიმართ ჰქონდათ კითხვა, თუ რა უნდა ქნან ადამიანებმა, რომლებიც სახლში დარჩენასთან დაკავშირებით პრობლემებს აწყდებიან. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ დავრჩეთ სახლებში, თუმცა სახლის დატოვების უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დავიცვათ დისტანცირების წესები.

კომენტარი