„ძილის ავადმყოფობა“ – მომაკვდინებელი სისუსტე, რომელიც ადამიანებს ძეგლებად აქცევდა

„ძილის ავადმყოფობა“ – მომაკვდინებელი სისუსტე, რომელიც ადამიანებს ძეგლებად აქცევდა

326
გაზიარება

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მთელ მსოფლიოში საკმაოდ უცნაური ავადმყოფობა დაფიქსირდა, რომელთანაც ექიმებს მანამდე შეხება არ ჰქონიათ. მომაკვდინებელმა სისუსტემ „ძილის ავადმყოფობის“ სახელი მიიღო, ხოლო პაციენტები, ფაქტობრივად, საკუთარი სხეულების მძევლები ხდებოდნენ.

ლეთარგიულ ენცეფალიტს ადამიანის სიკვდილამდე მიყვანა შეეძლო, ხოლო ისინი, ვინც გადარჩებოდნენ, ცოცხალ ძეგლებად იქცეოდნენ. მათ ეკარგებოდათ მოძრაობის ან რაიმე ემოციის გამოხატვის უნარები. ზოგი მეცნიერის შეფასებით, დაავადებულთა რიცხვმა 1 მილიონამდე მიაღწია. ამ პრობლემის გადაწყვეტას მსოფლიო ბევრი სხვადასხვა ექიმი ერთად ცდილობდა.

მეცნიერები წლების განმავლობაში ცდილობდნენ გაეგოთ, რა იწვევდა ამ ავადმყოფობას. მიუხედავად წლებისა, საუკეთესო ექიმებმაც კი ვერ მოახერხეს ბოლომდე ამოეხსნათ ეს საიდუმლო და ვერც მისი მკურნალობის მეთოდს მიაკვლიეს.

ლეთარგიული ენციფალიტი ტვინს აზიანებს. მისი გავრცელება, დაახლოებით, „ისპანკის“ ვირუსის გავრცელებას დაემთხვა, რომელმაც  50 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა მთელ მსოფლიოში. შესაძლოა, სწორად ეს გახდა საიდუმლოს ვერ ამოხსნის მიზეზი, ვინაიდან ძირითადი ყურადღება გაცილებით მასშტაბურ ვირუსს ეთმობოდა.

ეპიდემია 1914-1915 წლებში გავრცელდა, როდესაც პარიზში ჯარისკაცები მედიკოსებს ერთი და იგივე სიმპტომებით მიმართავდნენ. თავიდან ეს იპრიტის (მომწამვლელი ნივთიერება, მდოგვის სუნის მქონე „მდოგვის გაზი“) ზეგავლენა ეგონათ, მაგრამ შემდეგ ვერსია ვერ გამართლდა.

ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად ითვლებოდა თავის ტკივილი, ძილიანობა და საერთო სისუსტე. ავადმყოფი, როგორც წესი, ხანგრძლივ ძილში „ეფლობოდა“ და შესაძლოა, საერთოდ არ გაეღვიძა. სხვა დროს კი, ძილი დიდხანს გრძელდებოდა, რამდენიმე დღის განმავლობაში. ზოგჯერ პაციენტი ფხიზლდებოდა, მაგრამ საღ გონებაზე არ იყო.

დროთა განმავლობაში ეპიდემია უფრო ვრცელდებოდა, მან ათასობით სიცოცხლე შეიწირა. ძირითადად, დაავადებამ 15-35 წლის ადამიანებში იჩინა თავი. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ პირველადი სიმპტომები ჩვეულებრივ გაციებას ჰგავდა და როდესაც ირკვეოდა, თუ რასთან ჰქონდათ საქმე, უკვე გვიანი იყო, რადგან ტვინი ზიანდებოდა.

1940-იან წლებში ლეთარგიულმა ენცეფალიტმა თავის გამოვლენა თანდათან შეწყვიტა. თანამედროვე ცხოვრებაში ეს დაავადება, ერთეული შემთხვევების გარდა, აღარ დაფიქსირებულა. კვლევების შედეგად გაირკვა, რომ დაავადებულებს, ძირითადად, ყელის ტკივილი აწუხებდათ, რასაც სტრეპტოკოკის ბაქტერია იწვევდა.

ადამიანის იმუნურ სისტემას ასეთ გამღიზიანებლებზე სპეციფიკური რეაგირების უნარი შესწევს. მიუხედავად ყველაფრისა, დღემდე მაინც არ არის ცალსახად დამტკიცებული, რომ სწორედ სტრეპტოკოკია ამ დაავადების გამომწვევი. „ძილის ავადმყოფობა“ მედიკოსებისთვის დღემდე საიდუმლოდ რჩება.

კომენტარი