თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა წითელი ჯვრის ორგანიზაციის მოხალისეთა გადამზადების პროგრამა...

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა წითელი ჯვრის ორგანიზაციის მოხალისეთა გადამზადების პროგრამა გაიარეს

90
გაზიარება

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები მოხალისეთა პროგრამაში ერთვებიან. საკრებულოს დეპუტატებმა თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მოხალისეთა გადამზადების ტრენინგი გაიარეს და უახლოეს დღეებში მოხალისეთა პროგრამაში ჩაერთვებიან.

როგორც საკრებულოს  უმრავლესობის ლიდერმა, ბექა  დავითულიანმა განაცხადა, თბილისის საკრებულოს Covid 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს და უმრავლესობის დეპუტატები  მზად არიან მოხალისეთა პროგრამაში  ჩაერთონ და  მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ მოსახლეობას საკვები თუ პირველადი მოხმარების ნივთები დაურიგონ.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკრებულოს წევრებს გვაქვს სურვილი  დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას. ამიტომ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული  რეკომენდაციის შესაბამისად, გავიარეთ გადამზადების კურსი, რათა  დახმარების აღმოჩენისას არც  მოსახლეობას და არც საკუთარ თავს  საფრთხე არ შევუქმნათ. ჩვენ უახლოეს  დღეებში, საჭიროებისამებრ გადავანაწილებთ ძალებს და  იმ მოსახლეობას, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ზრუნვას და თანადგომას, პირველადი მოხმარების ნივთებსა და საკვებ პროდუქტს ადგილზე მივუტანთ“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მოსახლეობასაც მიმართა და  მათ რეკომენდაციების გათვალისწინება და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან  თავის შეკავება სთხოვა.

„იმისათვის, რომ ჩვენ ყველა ერთად მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, საჭიროა, რომ თქვენ მაქსიმალურად დარჩეთ სახლში. თუ არ არის ამის გადაუდებელი საჭიროება, გთხოვთ, არ გამოხვიდეთ ქალაქში. მათ კი, ვისაც ზრუნვა სჭირდება, ჩვენ  თავად მივაკითხავთ და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად დავეხმარებით „ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარი