თბილისში მცხოვრებ 500 მარტოხელა ხანდაზმულს ნობათი გადასცეს

თბილისში მცხოვრებ 500 მარტოხელა ხანდაზმულს ნობათი გადასცეს

76
გაზიარება

კომპანია „არქიმ“ თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და რაიონის გამგებლებთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერის განცხადებით, ბიზნესსექტორის მხრიდან აქტიური თანადგომა და მხარდაჭერაა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც აღნიშნულ პროცესში მონაწილეობს, დაინტერესებულ პირებს კი პროექტში ჩართვისკენ მოუწოდა. მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის ქუჩა N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე, ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები. აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს გამგეობების თანამშრომლებისა და დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ.

მოხალისეობის მსურველები მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ღონისძიება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება. ნაძალადევის რაიონში აღნიშნული ნობათები ამ ეტაპზე 50 მარტოხელა ხანდაზმულს მიუტანეს. ერთ-ერთ მოქალაქეს ნობათი თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ გადასცეს.

კომენტარი