რიგები იარაღის დახლებთან და მორგი ბორბლებზე – როგორ უმკლავდება აშშ ეპიდემიას

რიგები იარაღის დახლებთან და მორგი ბორბლებზე – როგორ უმკლავდება აშშ ეპიდემიას

238
გაზიარება

კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა ამერიკაში ფიქსირდება. შტატებში უკვე 160 ათასზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული და ათასობით ადამიანი დაღუპული – ეს ციფრები ყოველდღიურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი არ გამოცხადებულა. ზოგი დასაქმებული დისტანციურ მუშაობაზეა გადასული, მაგრამ არა უმეტესობა. ამიტომ ნიუ-იორკში, სადაც დაინფიცირების და გარდაცვალების ყველაზე დიდი მაჩვენებელია, მეტრო და ავტობუსების ნაწილი მაინც მუშაობს.

„თეთრ სახლში აცნობიერებენ, რომ ტოტალურმა კარანტინმა შესაძლოა ეკონომიკა ჩამოშალოს და უარესი რამ მოხდეს. ამერიკელები ფულს კარგად ითვლიან, მით უმეტეს, დონალდ ტრამპს არ სჭირდება პრობლემები საპრეზიდენტო არჩევნების წინ“,- ამბობენ ადგილობრივები.

როგორც ცხოვრობენ ამერიკაში კორონავირუსის შემოტევის დროს, რომელიც ასე ჰგავს ამერიკულ ფილმს აპოკალიფსის შესახებ?

უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც ნიუ-იორკი „მკვდარ“ ქალაქად გადაიქცა. მეგაპოლისის შუაგულში, მანჰეტენზე, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, პიკის საათშიც კი არ არის საცობი, მხოლოდ თითო-თითო ადამიანი თუ დაიარება.

ამავდროულად, ნიუ-იორკის ქუჩებში შემაძრწუნებლად გამოიყურება მობილური მორგები ბორბლებზე – დიდი სამაცივრე ტრაილერები, რომლებიც საქალაქო საავადმყოფოებთან დგანან იმ შემთხვევისთვის, თუ საავადმყოფოს მორგები გადაივსება.

ყიდულობენ იარაღს ტყვიებით

ბევრმა ადგილობრივმა სამსახური დაკარგა, ვინაიდან დისტანციურად მუშაობა ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია. ამერიკაში დაკეტილია დიდი სავაჭრო ცენტრები, მაგრამ ღიაა სასურსათო და პირველადი საჭიროების ნივთების მაღაზიები. ტრამპის ადმინისტრაციამ იარაღი სწორედ ასეთი საჭიროების ნივთებს მიაკუთვნა, ამიტომ იარაღის მაღაზია კარანტინის გამოცხადების შემთხვევაშიც კი ღია იქნება.

ამერიკელები დახლებთან რიგში დგანან, ეშინიათ, რომ უმუშევრობის და ეპიდემიის ზრდის გამო, მაროდიორობის და ძარცვის ტალღა გაიზრდება, ამიტომ მათ საკუთარი ოჯახების დაცვა მოუწევთ. ისინი, ძირითადად, 500 დოლარის ფარგლებში, პისტოლეტის ტიპის იარაღს ყიდულობენ. იარაღის შეძენა შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებითაც. აქედან გამომდინარე, იარაღის კომპანიებს ახლა გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი აქვთ.

რას მოიმოქმედებს ამერიკა ეპიდემიასთან ბრძოლაში, გაწირავს ეკონომიკას თუ ადამიანის სიცოცხლეს ან იქნებ სხვა გამოსავალი მოძებნოს ყოველგვარი ზიანის გარეშე?!

კომენტარი