რატომ ავადდებიან მედიკოსები და რატომ გადააქვთ მათ ვირუსი მძიმედ?

რატომ ავადდებიან მედიკოსები და რატომ გადააქვთ მათ ვირუსი მძიმედ?

346
გაზიარება

Covid-19-თან ბრძოლაში მედპერსონალი მთელ მსოფლიოში დიდ ფასს იხდის – ათასობით სამედიცინო მუშაკი ვირუსით დაავადდა, ხოლო გარდაცვლილ ექიმთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

ექიმები, მედდები, სანიტრები და საავადმყოფოს სხვა პერსონალი, მიუხედავად დამცავი ატრიბუტიკისა და ნიღბებისა, დაინფიცირების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, ხოლო დაავადება მათაც რთულ ფორმებში უვლინდებათ.

რატომ ხდება ასე?

ვირუსული დატვირთვა

სპეციალისტთა აზრით, ეს მათ გარშემო ვირუსის კონცენტრაციით იხსნება. ვირუსი, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ანადგურებს უჯრედებს და საკუთარი თავის რეპროდუქციას ეწევა, საკუთარ ასლებს ქმნის. ეს ასლები ადამიანის ორგანიზმში რამდენიმე დღის განმავლობაში გროვდება და დაავადებულის მდგომარეობას ამძიმებს.

რაც უფრო მეტია ვირუსის კონცენტრაცია, მით უფრო მძიმე ფორმაში უვლინდება დაავადება ავადმყოფს და მით უფრო გადამდებია ის.

„რაც უფრო მეტია ჩემში ვირუსი, მით უფრო დიდი ალბათობით გადავცემ მას სხვას“,- განმარტავს პროფესორი ენდი ბარკლი ინფექციური დაავადებების ინსტიტუტიდან.

მედიკოსები დაინფიცირებულებთან უშუალო სიახლოვეში იმყოფებიან და უბრალოდ დაინფიცირების რისკის ქვეშ კი არ არიან, არამედ ვირუსის დიდი დოზების მიღების საფრთხის წინაშე დგანან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, უჰანში ერთ-ერთმა პაციენტმა დაგეგმილი ოპერაციის დროს 14 მედიკოსი დააინფიცირა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მას არავითარი სიმპტომი არ აღენიშნებოდა.

Медики

„ყველაზე ჯანმრთელი ადამიანის იმუნური სისტემაც კი მძიმედ უმკლავდება ვირუსებს. რაც უფრო მეტი ვირუსია მოხვედრილი ორგანიზმში, მით უფრო დიდი ბრძოლა იქნება მათ და იმუნურ სისტემას შორის. თუკი ექსპერიმენტს ცხოველებს შორის ჩავატარებთ და სხვადასხვა დოზით დავაინფიცირებთ, მაშინ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ექნებათ მათ, ვისაც უფრო დიდი დოზით დავაინფიცირებთ“,- ამბობს პროფესორი.

რისკი ბრძოლის წინა ველზე

ამ დროისთვის სრული რისკის შეფასება იმ მედიკოსების მხრივ, რომლებიც მუდმივად ვირუსულ გარემოში იმყოფებიან, შეუძლებელია.

არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გარკვეული მონაცემები, რომელთა თანახმადაც, შესაბამისი დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ. მაგალითად, SARS-ის (მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი) აფეთქების დროს, 2002-2003 წლებში, მსოფლიოში ყველა დადასტურებული შემთხვევის 21% მედპერსონალზე განაწილდა.

ახლაც მსგავსი სტატისტიკაა. იტალიაში 6200 მეტი დაავადებული მედიკოსია. ესპანეთში კორონავირუსით დაავადებული მედიკოსების რაოდენობა ასევე აღემატება 6000-ს და დაავადებულთა საერთო ოდენობის 12%-ს შეადგენს.

მარტის დასაწყისში ჩინეთი 3300 დაავადებული ექიმის შესახებ იტყობინებოდა. პროცენტულად, ეს დაავადებულთა საერთო რაოდენობის 4-12%-ს შეადგენს.

როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, თუ ინფექციის გავრცელება არაკონტროლირებადი გახდება, მაშინ საავადმყოფოები ინფექციის გავრცელების კერებად თავად იქცევიან.

მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მედპერსონალის 50% ბიულეტენზეა ან თვითიზოლაციაში.

კომენტარი