მთაწმინდის რაიონში რეგისტრირებულ ხანდაზმულებს ნობათი დაურიგეს

მთაწმინდის რაიონში რეგისტრირებულ ხანდაზმულებს ნობათი დაურიგეს

75
გაზიარება

კომპანია m2-მა თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათი გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერმა პროექტში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, დღევანდელ აქციაში რიგითი მოქალაქეებიც ჩაერთნენ, რომლებმაც საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები საკუთარი ხარჯებით შეიძინეს.

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიაში დღეს კომპანიები – „ზედაზენი“, „ნატახტარი“ და „თბილპური“ ჩაერთნენ. ასევე, მოქალაქეებმა – ეკა ურეკაძემ და ანა გოგიშვილმა საკუთარი სახსრებით, 100 მარტოხელა მოხუცისთვის განკუთვნილი ნობათები შეიძინეს და გამგეობებს გადასცეს.

მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანია გრძელდება. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

ნობათების გადაცემის პროცესს თბილისის მერთან ერთად, რაიონის გამგებლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. მთაწმინდის რაიონში, აღნიშნული ნობათი 200 ოჯახს გამგეობის თანამშრომლებმა წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად დაურიგა.

კომენტარი