საკრებულოს უმრავლესობის წევრები დღეს კიდევ 300-ზე მეტ ოჯახს დაეხმარებიან

საკრებულოს უმრავლესობის წევრები დღეს კიდევ 300-ზე მეტ ოჯახს დაეხმარებიან

88
გაზიარება

თბილისის საკრებულოს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების (ოთხი და მეტი შვილი) დახმარების  კამპანია  გრძელდება. საკრებულოს უმრავლესობის წევრები, სამშენებლო კომპანია „გრინლაიფის“, (150 ნობათი) „სოლო დეველოპმენტისა“ (100 ნობათი) და აუდიტის სამსახურის  (60 ნობათი)  დახმარებით, საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების  ნივთებს კიდევ 300-ზე მეტ ოჯახს გადასცემენ.

კომპანიებმა ნობათი თბილისის საკრებულოში მიიტანეს, სადაც  უმრავლესობის წევრებთან ერთად, თბილისის მერი კახა კალაძეც იმყოფებოდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და უმრავლესობის ლიდერმა ბექა დავითულიანმა კომპანიებს  დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

„ჩვენი კამპანია, რომლის ფარგლებშიც  სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს ვეხმარებით, კერძო სექტორის  მხარდაჭერით აქტიურად მიმდინარეობს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, იგრძნონ, რომ ისინი მარტო არ არიან. სწორედ ბიზნესის მხარდაჭერით და მათთან თანამშრომლობით, ჩვენ დავეხმარებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბექა დავითულიანის განცხადებით კი, მსოფლიო პანდემიის პირობებში, კერძო კომპანიების მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის  გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, საკრებულოს კამპანიის განხორციელება უწყვეტ რეჟიმში  სწორედ  ბიზნესის  მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

თბილისის საკრებულომ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანია 29 მარტს დაიწყო და დღეის მდგომარეობით, საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ათასამდე ოჯახს გადასცა.

კომენტარი