დედაქალაქისადმი მიძღვნილი ათი უკვდავი სიმღერა

დედაქალაქისადმი მიძღვნილი ათი უკვდავი სიმღერა

306
გაზიარება

ძველმა ჩინურმა წყევლამ, „საინტერესო დროში გეცხოვროთო“, ბოროტი ფრთები სწორედ ჩინეთში შეისხა და შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ახლა ძალიან საინტერესო ეპოქაა. არასდროს წარსული ასეთი სანანებელი, ხოლო მომავალი ასეთი ბუნდოვანი არ ყოფილა, როგორც ახლა, ამ საყოველთაო ძნელბედობის ჟამს. არ ვიცით, ეს უხილავი ომი რამდენ ხანს გასტანს და როგორი გამოსავალი ექნება, მაგრამ როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს დიდი ტრაგედია, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ჩვენ ყველანი, ვინც მას გადავურჩებით, ახალ რეალობაში, ახალ მსოფლიოში ვიცხოვრებთ შეცვლილი ეკონომიკით, გეოპოლიტიკით და გადაფასებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით.

ასეთი გარდაქმნები კაცობრიობისთვის მტკივნეულია, მაგრამ ის ამავდროულად დიდი სამეცნიერო თუ კულტურული წიაღსველბის წყაროა. შემოქმედება ფუფუნების პროდუქტი არ არის. შემოქმედება სულიერი ძვრების, ხშირად მტკივნეული გარდაქმნების და სრულყოფილებისკენ, პროგრესისკენ დაუღალავი სწრაფვის შედეგია. სად იქნებოდა დღეს მსოფლიოს ლიტერატურა, რომ არა დაულეველი ეგზისტენციალური პრობლემები. სად იქნებოდა პოეზია, რომ არა სიყვარულის ცეცხლით დანახშირებული მილიონობით გული? იარსებებდა დღეს მსოფლიოს მრავალფეროვანი არქიტექტურა, რომ არა მრავალჯერადი ნგრევა თავდასხმებით და მიწისძვრებით, რომლებიც შემოქმედების ქარცეცხლით მოცულ ადამიანებს სულ უფრო და უფრო უკეთესის შექმნისკენ უბიძგებდა? დაიპყრობდა დღეს ჩვენი მეცნიერება და მედიცინა მაღალ მწვერვალებს, რომ არა უამრავი ომი და პანდემია, რომელთაგან უკანასკნელი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენი დროის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იქცა?

იმედი მაქვს, რომ სიკვდილისა და გაჭირვების გარდა, ამ პანდემიის ეფექტები, უამრავი შემოქმედი ადამიანების წყალობით,  არათუ დაიძლევა, არამედ 180 გრადუსით ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს სასიკეთოდ შემოტრიალდება და საფუძველს დიდ გარღვევებს დაუდებს. რა თქმა უნდა, პანდემია გავლენას საქართველოზეც მოახდენს და წარუშლელ კვალს მის მეცნიერულ, კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაშიც დატოვებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაჭირვება კავკასიისა და მსოფლიოს უგვირგვინო მეფეს დიდების გვირგვინით შემოსავს (სწორედ ამიტომ ქვია ახალ ვირუსს კორონა, იგივე გვირგვინი) და სხვა სიმაღლეზე აიყვანს. მანამდე კი, სახლში დარჩენილმა ადამიანებმა, ერთმანეთი სხვადასხვა ხერხებით უნდა გავამხნევოთ. მე ყურადღება ძველ თბილისურ სიმღერებზე გავამახვილე, რადგან თბილისი არის ქალაქი, სადაც ჩვენ, ყველამ, ახალგაზრდობის ძვირფასი დღეები და სტუდენტობის დაუვიწყარი წლები გავატარეთ, ხოლო თბილისური სიმღერები კი ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია.

თბილისი… მტკვრის ხეობაში ვრცლად გადაშლილი უძველესი ქალაქი… ევროპისა და აზიის გასაყარი… საქართველოსა და კავკასიის დედაქალაქი და მსოფლიოს „მაგრალიტი ობოლი“… ქართული ბაბილონი, აღმოსავლეთის პარიზი და კავკასიის იერუსალიმი… ხოხბისა და მონადირის ამბავი… გმირებისა და ლეგენდების სამჭედლო… საღამოს მზით მოოქროვილი წარსულისა და მომავლის დიდება… და რაც მთავარია – ქალაქი, სადაც დრო გაჩერდა და სიძველის მიუხედავად, მუდამ ახალგაზრდული ენერგია სუფევს!

მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი ქალაქი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში, მიუხედავად განვლილი ბობოქარი ისტორიისა, მრავალფეროვნების, ტოლერანტობისა და ჭეშმარიტი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების აკადემიად ჩამოყალიბდა, როგორც ეს ჩვენმა ქალაქმა შეძლო.  ვერ იპოვით სხვა ისეთ ქალაქს, რომელიც, განსხვავებით უზარმაზარი მეგაპოლისებისგან, მსოფლიოს გეოპოლიტიკური ვექტორების განმსაზღვრელი არ ყოფილა, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე ყველა მოვლენას, ყველა იდეოლოგიას, ყველა რელიგიას და ყველა კულტურას სარკესავით ირეკლავს და კაცობრიობას თავის სახეს შეულამაზებლად აჩვენებს. არ მეგულება მსოფლიოში მეორე ქალაქი, რომელიც, მიუხედავად სიდუხჭირისა და მრავალი ქარტეხილისა, ჩაკეტილი სივრცე არასდროს არ ყოფილა და ყველა ეროვნების ადამიანისა და ყველა კულტურის წარმომადგენლისთვის საყვარელ, მშობლიურ ქალაქად გადაქცეულიყო. სწორედ ამიტომ არის ნათქვამი, რომ საქართველო ბაჯაღლოა, თბილისი კი შიგ ჩასმული ბადახში. თბილისს საოცარი მიკროგარემო გააჩნია, რომელიც ერთი მხრივ, ყველასგან  გამოირჩევა, ხოლო მეორე მხრივ, ყველასთვის ღიაა, მეგობრობის ხელს ყველას უწვდის და ყველა კეთილმოსურნეს გულში მზიანი ღიმილით იკრავს. ჩვენი ქალაქი უამრავი განსაცდელის მნახველია, მაგრამ სწორედ მათი წყალობით არის მისი კულტურა და ისტორია ასე მდიდარი და მრავალფეროვანი, სწორედ ამიტომ არის ის პოეზიის, ღვინის, ლეგენდებისა და სიმღერების ქალაქი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას უამრავი პატრიოტული სიმღერა აქვს, მაგრამ ძალიან მცირეა იმ ქალაქების ჩამონათვალი, რომელთაც ისეთი სიყვარული დაუმსახურებიათ, რომ მათზე ადგილობრივი კოლორიტით სავსე და თავისი ეპოქის სულის ამსახველი უთვალავი სიმღერა დაწერილიყო. ეს იმიტომ, რომ ჩვენ თბილისში ვცოცხლობთ, ხოლო თბილისი ჩვენში. თბილისი, განსხვავებით მსოფლიოს მდიდარი ქალაქებისგან, ფუფუნებასა და განცხრომას ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ მას აქვს უნიკალური უნარი, მოგცეს განუსაზღვრელი სივრცე ფიქრისთვის, აგიფრიალოს შემოქმედების იალქნები და გაპოვნინოს მიზეზი, თუ რატომ უნდა გიყვარდეს ეს ქალაქი; მოგცეს უნარი, შექმნა საკუთარი, უნიკალური თბილისი და გამოძერწო ის ქალაქი, რომელიც შენი სულის მისწრაფებებს უნაკლოდ შეეთვისება და ტკბილ ნავსაყუდელად გექცევა. სწორედ ეს არის თბილისური მრავალფეროვნების ერთერთი უთუო მიზეზი!

ამ მსოფლიო მასშტაბის უბედურების დროს, რომელმაც ერთი მხრივ, თბილისის სიცოცხლე დროებით გაყინა, მაგრამ ამავდროულად, ჰაერი გაგვიწმინდა და ქუჩებს, მანქანების ხმაურის ნაცვლად, ბუნების ძალა დაუბრუნა (როგორი სიმბოლურია, რომ ეს სწორედ გაზაფხულს ემთხვევა, როდესაც სიცოცხლის სიკვდილზე და ბუნების სიბინძურეზე გამარჯვების დროა), ყველას მოგვანატრა ის ქალაქი, რომელშიც ვართ და რომელსაც თითქოს გაურკვეველი დროით დავშორდით. გადავწყვიტე, სანამ საშუალება მოგვეცემა, მის ქუჩებში ისევ ძველებურად გავილაღოთ, სხვადასხვა დროში თბილისზე დაწერილი ათი საუკეთესო სიმღერა შემერჩია და ყველასთვის გამეზიარებინა, როგორც წარსულისადმი დიდი პატივისცემისა და მომავლის იმედის სიმბოლო. ეს ის სიმღერებია, რომელთაც თბილისის ცხოვრების სხვადასხვა ეპოქა ქმნიდა და რომლებიც თავად ქმნიდნენ თბილისს, როგორც განსაკუთრებულ ქალაქს. ჩემი ყურადღების ცენტრში მოექცა არა მხოლოდ თბილისისადმი მიძღვნილი, არამედ თბილისთან დაკავშირებული ის სიმღერებიც, რომელთა შექმნაც, თბილისურ სულთან შესისხლხორცების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა.

მკითხველთან ერთი თხოვნა მექნება. როგორც ქვემოთ ნახავთ, ჯერ სიმღერის აღწერები, ხოლო შემდგომ კი თავად სიმღერები მყავს მოყვანილი, ყველა თავისი სათაურით, ავტორებითა და შემსრულებლებით. ეს იმისთვის გავაკეთე, რომ თქვენ წინასწარ გამოიცნოთ, თუ რომელ სიმღერაზეა საუბარი და შესაბამისად, თითოეული პუნქტის კითხვას არა მხოლოდ ინფორმატიული, არამედ ინტერაქტიული ხასიათი ჰქონდეს. ეს კითხვის პროცეს მცირედით გაგიხალისებთ.

მაშ ასე, დავრჩეთ სახლში და ვიმღეროთ:

  1. ბუნებრივია, რომ საქართველოს ნაომარ და მრავალჭირნახულ დედაქალაქს მშვიდობის მტრედისფერი განთიადი იმხელა სიამოვნებას ანიჭებს, რომ ქალაქი მას სიმღერებით ხვდება. მშვიდობა და შემწყნარებლობა, ისევე როგორც რაინდობა და სიმამაცე ხომ თბილისის ცხოვრების ყოველდღიურ წესს წარმოადგენდა, ხოლო მის განუყოფელ ნაწილად ქცეული ჭადრები და ნელა მოდუდუნე მტკვარი კი მრავალი პოეტისა და მომღერლის შთაგონების წყარო გამხდარან.

„თბილისიც ხომ სიმღერაა“   – თბილისური კვარტეტი

  1. არცერთ სხვა სიმღერაში იმდენად არ იგრძნობა ფრაზის – „თბილისი არის ურთიერთობა“ – აქტუალურობა, როგორც ამ ნახევრად დარდიმანდულ, მხიარულ, მაგრამ დიდი მოწიწებითა და ღრმა გრძნობებით სავსე ნაწარმოებში. ეს არის ყველა ურთიერთობა, რომელიც სიყვარულს მოიცავს. თბილისი სწორედ იმიტომ არის გამორჩეული, რომ ის მუდმივი ახალგაზრდობის, უსასრულო სიხარულისა და ყმაწვილქალობის ქალაქია. ის არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ უცხო თვალისთვისაც კი საოცნებო და თბილი სახლია, ხოლო ამ ქვეყნიდან წასულებისთვის – მყუდრო სამარე.

„ყველასათვის ლეგენდავ და არაკო“ –

კომპოზიტორი: ვაჟა აზარაშვილი

ტექსტის ავტორი: რევაზ თაბუკაშვილი

შემსრულებელი: კვარტეტი „4 გია“

  1. ეს სევდიანი სიმღერაა დროის წარმავლობასა და ახალგაზრდობის ღრმა ნოსტალგიაზე. მისი ზომიერად ჩქარი ტემპი სწორედ ჟამთა უკანმოუხედავ სვლას ასახავს. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ დევს ფრაზაში – „მე თბილისის ყველა ქუჩა ვიცი, ბრმად მივაგნებ ყველა სახლის კარებს“. ამას ხომ ყველა „ძველი ბიჭი“ და ტაქსის მძღოლი იძახის. თუმცა, ეს ფრაზა ურბანული სნობიზმისგან შორს დგას, როდესაც ის ითქმება მოხუცი ფოსტალიონის მიერ – ადამიანის, რომელსაც ყველას მწუხარება და სიხარული ძველი ტყავის ჩანთით დააქვს. ის გამოხატავს უზარმაზარ სიყვარულს მშობლიური ქალაქისადმი, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა და სადაც ყველა ზღურბლს მიღმა მშობლიური სითბო ელოდება. ეს ფრაზა ასახავს უდიდეს ერთგულებას თავისი საქმიანობისადმი, რომელსაც ფოსტალიონმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა და უღრმეს ნოსტალგიას გაფრენილი წლების მიმართ, რომლებიც აღარასდროს არ დაბრუნდებიან. ალბათ, როდესაც ფოსტალიონი „უკანასკნელ წერილს წაიღებს“, წინა სიმღერის ავტორების მსგავსად, სამარედაც თბილისის მიწას ინატრებს.

„ფოსტალიონის სიმღერა“   

კომპოზიტორი: დავით თორაძე.

ტექსტის ავტორი: პეტერე გრუზინსკი

  1. ბალადა სიყვარულზე, რომლის უხილავი ძაფებიც მდუღარედ მოგუგუნე თბილისსა და მწვანე იდილიაში ჩაფლულ მთიან კურორტს შორის გაიბა. ბაქანზე დაგვიანებულ და თბილისის მზისქვეშ დარჩენილ შეყვარებულს სიყვარულის გრძნობას სიცხე უფრო უმძაფრებს და უნუგეშოდ მოელის წარმოსახვით წერილს წარმოსახვითი ადამიანისგან. ნიშანდობლივია, რომ დღეს თბილისშიც ისეთივე იდილიაა, როგორც წაღვერში, მაგრამ ერთმანეთი არათუ სხვა ქალაქებში, არამედ მეზობლად მცხოვრებ ადამიანებსაც კი ენატრებათ.

„წაღვერი და თბილისი“  

კომპოზიტორი: მარეხ გოძიაშვილი;

ლექსის ავტორი: ანდრო თევზაძე;

შემსრულებელი: ტრიო „ლილე“ (მარეხ გოძიაშვილი, კოტე მაკარიძე, ამირან ებრალიძე)

  1. ამ სიმღერას ძალაუნებურად პირქუშ 90-იანებში გადავყავართ. სამოქალაქო ომისა და გაჭირვებისგან განადგურებული, ზამთრის სიცივით გაყინული თბილისის ნაცნობ, სევდიან ქუჩებში ალბათ ბევრი ადამიანი დაეძებდა ძვირფას ახლობელს. მიუხედავად სისხლით და ცრემლებით მორწყული წლებისა, ადამიანებს ერთმანეთზე მზრუნველობა დაკარგული არ ჰქონდათ. 

„ინათებს მალე“                          

კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე

შემსრულებელი: თამრიკო ჭოხონელიძე

  1. გარდა ყველასთვის ცნობილი ლეგენდისა ხოხბის, მიმინოსა და ცხელი წყაროების შესახებ, ისტორიკოსები თბილისის დაარსების მრავალ ურთიერთგამომრიცხავ ვერსიასა და თქმულებაზე კამათობენ. თუმცა არსებობს ერთი ლეგენდაც, რომელიც არცერთ მათგანთან წინააღმდეგობაში არ მოდის და თუ თბილისს კარგად იცნობ, მის უტყუარობაში ეჭვი არ შეგეპარება. 60-70-იან წლებში, სისხამ დილას, არღნისა და კლავისინის ბუმბულივით ნაზ ხმებს, ჯერ კიდევ ანთებული ლამპიონების შუქით გაჟღენთილი ჭადრების რიგის გასწვრივ, მზიურის ზღაპრული ბაღისკენ თუ გაჰყვებოდით, შემოგესმებოდათ ბავშვის ხავერდოვანი ხმა, რომელიც მშობლიურ ქალაქს ასეთ საოცარ მელოდიას უმღერის.

მეორე ლეგენდა          

კომპოზიტორი: ნუნუ გაბუნია

ტექსტის ავტორი: ავთანდილ გელოვანი

შემსრულებელი: მაია ჯაბუა (ანს. მზიური) და ლიზა ყენია

  1. დიდებული სიმღერა, რომელიც ერთდროულად სევდიანი, მხიარული და ამაყია. ის ასახავს მძიმე რეალობას, როდესაც ქართველ ემიგრანტებს თავისა და ახლობლების გატანა სამშობლოსგან შორის უხდებათ, თუმცა სხვა თბილისი მსოფლიოს არცერთ კუთხეში არ არსებობს და მშობლიურ მხარეს ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს.

ვინც თბილისს ძალიან კარგად იცნობს, მის გულს ტკბილად ესალბუნება ეს გულისამაჩუყებელი ნუგეში:

„რაგინდ ფიქრმა გული მძიმედ გადამინისლოს,
მომაგებებ მზეს და იმედს, ჩემო თბილისო!“

მართლაც ძნელია, დიდი ხნით მიატოვო ქალაქი, რომელიც ყველგან დაგყვება და რომლის მზიანი ჭადრების შრიალიც იავნანასავით ჩაგესმის.

“დავალ მუდამ მოხიბლული“ (თბილისელი ემიგრანტების სიმღერა)

კომპოზიტორი: გიორგი ცაბაძე

ტექსტის ავტორი: გიორგი ხუხაშვილი 

  1. ეს სიმღერა მხოლოდ მუსიკალური ნაწარმოები არ არის. კომპოზიტორმა ამ შედევრით ჩვენი საამაყო დედაქალაქის სიდიადეს ხელთუქმნელი ძეგლი დაუდგა და ერთგვარი კონცეფცია ჩამოაყალიბა, თუ რას ნიშნავს იყო თბილისელი. იყო თბილისის გამოზრდილი ნიშნავს, იცხოვრო სინდისით, სილაღით და სხვების სიყვარულით, იყო ყოველგვარი გაჭირვებისა და ტკივილის უშიშრად ამტანი, თამარ მეფის სიდიადესა და ილიას სიბრძნეს ნაზიარები. ამ სიმღერის ახალმა ვერსიამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ზოგს მოეწონა ძველი სიმღერის მოდერნისტული გადაწყვეტა, ზოგმა კი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა და მას სამარცხვინო უწოდა. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეს ვერსია ძველთან ახლოსაც ვერ მოვა, მაგრამ „დაბალი ხარისხიდან“ ძალიან შორს დგას. ფაქტია, რომ ის თანამედროვე ეპოქის სულს ასახავს. თუ ჩვენი შრომა მიმართული იქნება იმისკენ, რომ საქართველოში განათლების დონემ აიწიოს და საზოგადოებაში კრეატივმა მოიმატოს, მომავლის ხელოვნების ნიმუშებიც შესაბამის სიმაღლეებს დაიპყრობენ.

ჩვენო თბილის ქალაქო

კომპოზიტორი: გიორგი ცაბაძე

ტექსტის ავტორი: მორის ფოცხიშვილი

  1. და რა თქმა უნდა, ლეგენდად ქცეული, მსოფლიოში ამღერებული, ყველა დროის და ყველა ეპოქის შედევრი, თბილისის არაოფიციალური ჰიმნი. სიმღერა, რომელიც, „სულიკოსთან“ ერთად, მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათად გადაიქცა, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება საქართველოს დედაქალაქისკენ, ერთა შორის მეგობრობისა და მშვიდობის შეურყეველი ბურჯისკენ მომართა! ზედმეტი კომენტარი საჭირო არ არის, ყველასთვის ცხადია, რომელ სიმღერაზეც არის საუბარი. ეს ის სიმღერაა, „ფოთლებსაც რომ ამღერებს“, ხოლო თბილისი – უკვე ჭაღარა, მაგრამ მუდმივი დღესასწაულის, საუკუნო ახალგაზრდობისა და სიხარულის ქალაქი!

ცნობილი ამბავია, რომ გიორგი ცაბაძემ რევაზ ლაღიძის წინაშე პირობა დადო, რომ თბილისზე ისეთ სიმღერას დაწერდა, რომელსაც სულ რამდენიმე დღეში მთელი საქართველო იმღერებდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მან ეს პირობა პირნათლად შეასრულა. მის საპასუხოდ, რევაზ ლაღიძემ პირობა დადო, რომ მის სიმღერას არა მარტო მრავალი ქართველი მომღერალი, არამედ მთელი მსოფლიო იმღერებდა:

„თბილისო“

კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე

ტექსტი: პეტრე გრუზინსკი

„თბილისო“ პოლონურად

„თბილისო“ ფრანგულად

„თბილისო“ სერბულად

„თბილისო“ ესპანურად

„თბილისო“ გერმანულად

„თბილისო“ კორსიკელების შესრულებით

10.

 

 

 

 

 

 

 

უკანასკნელი, მეათე განყოფილება შეგნებულად ცარიელი დავტოვე. ეს არა იმიტომ, რომ თბილისზე მეტი სიმღერა არ დაწერილა (რა თქმა უნდა, თბილისზე კიდევ უამრავი, არანაკლებად ლამაზი სიმღერა არსებობს, რომლებისს აქ არჩამოთვლისთვის მათ ავტორებთან ბოდიშს ვიხდი), არამედ იმიტომ ცარიელი მეათე პუნქტი მომავალს დავუტოვე. თბილისი ცოცხალი, დინამიური ორგანიზმია და შესაბამისად, მისი კულტურა მუდმივად ვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქალაქი უზარმაზარი შემოქმედებითი ნიჭის სამჭედლო იქნება და  მასზე ისეთი სიმღერები დაიწერება, რომელიც ყველა წინამორბედს აჯობებს!

ბოლოს კი ერთი ფრაზით დაგემშვიდობებით, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სიმღერას აერთიანებს: გადავა პანდემია, გადაივლის უბედურების სხვა ყველა ქარცეცხლიც, გაიწმინდება დარდით გადანისლული გული, თბილისის თავზე მშვიდობის მტრედისფერი განთიადი გაიელვებს და როდესაც ფოსტალიონები მხოლოდ სასიხარულო ამბებს მოიტანენ, ჩვენ ყველანი დაკარგულ ერთმანეთს მზითა და ვარდებით მოფენილი ქალაქის ნაცნობ ქუჩებში ვიპოვით, ერთმანეთს გრძნობებს დავუამებთ, გაღიმებული უბნებიდან მთაწმინდაზე ავმაღლდებით და ერთად ვიმღერებთ ჩვენს თბილ ხალხზე, ქალაქსა და ქვეყანაზე.

ბლოგის ავტორი: მირიან თოდრია


გამოყენებული წყაროები:

http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/286870

http://www.biblioteka.litklubi.ge/view-nawarmoebi.php?id=10899

https://soundcloud.com/audio-archives-of-georgia/1961a-1

https://ghn.ge/index.php/news/179556-tslis-simgheris-gamarjvebuli-stefane-gakhda

http://children.wanex.net/mcerloba/leksebi/tbilisi/simgera_tbilisze.htm

https://pesni.guru/text/4-gia-gamarjoba-tbiliso

 

კომენტარი