სახლი მაჩაბლის 13-ში – ისტორია, რომელიც ზეიმით დაიწყო და ტრაგედიით გაგრძელდა

სახლი მაჩაბლის 13-ში – ისტორია, რომელიც ზეიმით დაიწყო და ტრაგედიით გაგრძელდა

1263
გაზიარება

მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის მიჯნაზე, მდიდარი თბილისელები ერთმანეთს ორიგინალური და  გამორჩეული სახლების მშენებლობაში ეჯიბრებოდნენ. არქიტექტურის მკვლევართა აზრით, სწორედ ამ პერიოდში აშენდა ბევრი ისეთი შენობა, რომელმაც იმ დროინდელი თბილისის არქიტექტურული სახე განსაზღვრა. სპეციალისტების შეფასებით, ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული შენობა, შეიძლება ითქვას, რომ ხუროთმოძღვრების ძეგლი, მაჩაბლის 13 ნომერში მდებარეობს. საუბარია  მწერალთა სახლზე, რომლის ისტორიაც  1903 წელს იწყება და მჭიდროდ არის დაკავშირებული ცნობილ ქართველ მეცენატთან და საქართველოში კონიაკის წარმოების ფუძემდებელთან, დავით სარაჯიშვილთან.

1410126788
სარაჯიშვილმა სახლის ასაშენებლად ბერლინელი არქიტექტორი კარლ ცაარი მოიწვია. მშენებლობა სოლოლაკში, მაშინდელ სერგიევის ქუჩაზე, სარაჯიშვილის მამისეული სახლის ადგილზე მიმდინარეობდა. მშენებლობა 1905 წელს დასრულდა და მისი გახსნა დავით სარაჯიშვილმა ეკატერინე ფორაქიშვილთან ქორწინების 25 წლის იუბილეს დაამთხვია.

217484518მაღალი მანსარდით დახურული ორსართულიანი ნაგებობა ხელოვნური ქვით არის მოპირკეთებული და სტილისტურად მოდერნისა და ბაროკოს ელემენტებს ითავსებს. ეზო-ბაღისკენ სახლი თბილისისთვის ტრადიციული ღია ხის აივნებით არის მიმართული. აივნების დეკორი განსაკუთრებული მხატვრულობით გამოირჩევა ისევე, როგორც სახლის ინტერიერის ხის კაზმულობა. შემორჩენილია მოხატული ჭერი, ჭაღები, რამდენიმე დიდი ბუხარი, ავეჯი, ძველი ფოტოალბომები და უნიკალური ბაღი. საგულისხმოა, რომ შენობის ინტერიერი თბილისელმა ოსტატმა, ილია მამაცაშვილმა მოაწყო.

1410127208როგორც ამბობენ, სახლი გახსნისთანავე იქცა ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად. სახლის ხშირი სტუმრები იყვნენ გიგო გაბაშვილი, არტურ ლაისტი, ვალერიან გუნია. იყო პერიოდი, როცა აქ  მცირე ხნით აკაკი წერეთელი ცხოვრობდა.

1410127441დავით სარაჯიშვილი 1911 წელს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, მალევე გაზეთ „ივერიაში“  გამოქვეყნდა ცნობა, საიდანაც გაირკვა, რომ განსვენებულმა სახლი ქალაქის თვითმმართველობას უანდერძა. თუმცა ცნობილია, რომ სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ სახლში მისი მეუღლე ეკატერინე და ცოლის ძმა  ადამ ფორაქიშვილი ცხოვრობდნენ. მალევე, ფინანსური პრობლემების გამო, ადამ ფორაქიშვილი იძულებული გახდა სახლი აუქციონზე გასაყიდად გაეტანა. მოხდა ისე, რომ სახლი კიდევ ერთმა ცნობილმა ქართველმა მრეწველმა და მეცენატმა, აკაკი ხოშტარიამ შეიძინა.  როგორც ამბობენ, ხოშტარიას ხელში აქაურობა ტფილისის კულტურული ცხოვრების ცენტრად იქცა, თუმცა მცირე ხნით. 1921 წელს საქართველო ბოლშევიკებმა, ანუ საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო.

1410127275გასაბჭოებიდან მესამე დღეს საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა შენობა ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა. წლების განმავლობაში სარაჯიშვილისეული სახლი მრავალი ისტორიული მოვლენის ეპიცენტრი იყო. სამწუხაროდ, ამ  სახლთან არაერთი დრამატული ისტორიაცაა დაკავშირებული. იყო  დღეები,  როცა აქ მწერლებს ერთმანეთისთვის განაჩენი გამოჰქონდათ. 1937 წლის 22 ივლისს ამ შენობის მეორე სართულზე პაოლო იაშვილმა სანადირო თოფით მოიკლა თავი.

კომენტარი