გზები ქვეითებისა და ველოსიპედისტებისთვის გადაეწყობა – მილანი ახალ გამოწვევას პასუხობს

გზები ქვეითებისა და ველოსიპედისტებისთვის გადაეწყობა – მილანი ახალ გამოწვევას პასუხობს

232
გაზიარება

მილანი, კორონავირუსის კრიზისული პერიოდის საპასუხოდ, ევროპის ყველაზე ამბიციურ გეგმას წარმოგვიდგენს, რომელიც გზების ველოსიპედებისთვისა და ფეხმავლებისთვის კეთილმოწყობას გულისხმობს.

ჩრდილოეთ იტალიის ეს ქალაქი და მასთან ახლოს მდებარე ლომბარდიის რეგიონი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილებია და ისინი ასევე, COVID-19-ის ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ არიან.

საყოველთაო კარანტინის შედეგად ავტომობილების მოძრაობა შემცირდა 30-75%-ით, ამ მაჩვენებლის პროპორციულად, შემცირდა ჰაერის დაბინძურებაც. მილანის მთავრობას უნდა, რომ თავი დააღწიოს იმ მდგომარეობას, რაც პანდემიამდე იყო, მაგრამ ჩვეულ რიტმში დაბრუნებისას ხალხს საკუთარი ავტომობილით ურჩევნია სიარული, ვიდრე გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

ქალაქის მთავრობა აცხადებს, რომ ქუჩებს (35 კმ.) ზაფხულის განმავლობაში სწრაფად დაემატება საველოსიპედე და საფეხმავლო გზები და შემცირდება სამანქანე გზა, რათა კორონავირუსის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოქალაქეებმა შეძლონ ახალი გზებით სარგებლობა.

„Strade Aperte” – ასე ჰქვია დაანონსებულ გეგმას, რომელიც მოიცავს დროებით იაფიანი ველოხაზების გაკეთებას, დიდ და განიერ ტროტუარებს, 30 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვას და საერთო ჯამში, ველოსიპედისტებისა და ფეხმავლების პრიორიტიზირებას.

მილანის მერის მოადგილ მარკო გრანელი ამბობს: „წლობით ვმუშაობდით ავტომობილების მოხმარების შემცირებაზე. თუ ყველა ივლის ავტომობილით, ქუჩებში აღარ დარჩება ადგილი ხალხისთვის, არ იქნება სივრცე არც სამოძრაოდ, არც კომერციული აქტივობებისთვის მაღაზიებს გარეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, ხელახლა გავხსნათ ეკონომიკა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკის საფუძვლები უნდა შეიცვალოს. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ მილანი ახალ სიტუაციაში. ჩვენ უნდა მოვემზადოთ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, დავიცვათ და წავახალისოთ ისეთი ბიზნესები, როგორიც არის ბარ-რესტორნები, სახელოსნოები, კაფეები და როდესაც ეს ყველაფერი მორჩება, ეკონომიკას, რომელიც ამ მხრივ ძლიერია, დიდი უპირატესობა ექნება. ჩვენ კი ზუსტად ამ კატეგორიაში გვინდა, იყოს მილანიც.“

მილანი არის პატარა და სავსე ქალაქი, ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე სულ 15 კმ.-ია, 1.4 მილიონი მაცხოვრებლით, აქედან 55% საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება. საშუალოდ, სამსახური-სახლის გზა 4 კმ.-ია, შესაბამისად, ავტომობილის ველოსიპედით ან ფეხით სიარულით შეცვლა სავსებით რეალურია.

მაისის პირველ რიცხვებში დაიწყება მილანის ყველაზე დიდი სავაჭრო ქუჩის, კორსო ბუენოს აირესის გადაკეთება- ახალი ველობილიკებითა და დიდი ტროტუარებით. ოფიციალური ცნობის მიხედვით, დანარჩენი სამუშაოები ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება.

ჯანეტ სადიკ-ხანი, ნიუ – იორკის ყოფილი სატრანსპორტო კომისარი, რომელიც ტრანსპორტის აღდგენის პროგრამებზე მუშაობს ქალაქებთან, მათ შორის, ბოგოტასა და მილანთან, ამბობს, რომ მილანმა, რომელიც პანდემიის ტრაექტორიაში სხვა მსოფლიო ქალაქებზე წინ არის, შესაძლოა გზების რუქები შექმნას სხვებისთვისაც.

„მრავალი ქალაქი თუ ქვეყანა განისაზღვრება იმით, თუ როგორ უპასუხა ისტორიულ მოვლენებს, იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური თუ ფიზიკური რეკონსტრუქცია. მილანის გეგმა ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან იგი კარგი სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც აინტერესებს, თუ როგორ უნდა შეცვალოს რადიკალურად თავისი ქალაქი. ასეთი შესაძლებლობა ცხოვრებაში ერთხელ თუ მოგვეცემა, ახლა უნდა შევხედოთ ობიექტურად ჩვენს ქუჩებს და დავრწმუნდეთ, რომ ისინი არა მხოლოდ სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფენ, არამედ უსაფრთხო გარემოსაც ქმნიან მოქალაქეებისთვის. ზუსტად ვიცი, მილანის მაგალითით ვიხელმძღვანელებთ ნიუ-იორკშიც.“

პიერ ფრანჩესკო მარანი, მილანის მერის ერთ-ერთი მოადგილე ამბობს, რომ თვეები, წელიწადიც კი შეიძლება დასჭირდეს ახალ რეალობასთან შეგუებას და მოსახლეობამ ეს უნდა მიიღოს, მთავრობამ კი, საუკეთესო პირობები შექმნას ამ რეალობასთან შეგუების გასამარტივებლად.

„ვფიქრობ, შემდეგ თვეში ჩვენ მილანში, იტალიასა და ზოგადად ევროპაში გადავწყვეტთ მომავალი ათწლეულის ბედს. აქამდე ეს გეგმა 2030 წლისთვის იყო გათვალისწინებული, მაგრამ ამჟმინდელი მდგომარეობის გამო, 2020-ში ვიწყებთ. მომავალზე ფიქრის ნაცვლად, ჯობს აწმყოზე ვიფიქროთ.“ – თქვა პიერ ფრანჩესკო მარანმა.

წყარო: ჩემი ქალაქი მკლავს

კომენტარი