მედეგი ქალაქებისა და დასახლებების განვითარება უმთავრეს ამოცანად უნდა იქცეს – მამუკა სალუქვაძე

მედეგი ქალაქებისა და დასახლებების განვითარება უმთავრეს ამოცანად უნდა იქცეს – მამუკა სალუქვაძე

158
გაზიარება

პანდემიის შემდეგ ცხოვრება შეიცვლება და ახალმა გამოგონებებმა და სტანდარტებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადამიანებისთვის ცხოვრება უსაფრთხო და სასიამოვნო, ბიზნესისთვის კი – მომგებიანი გახდეს. კომპანია “სითი ინსტიტუტი საქართველო”-ს აღმასრულებელი დირექტორის მამუკა სალუქვაძის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით:

გლობალურ გამოწვევებს მსოფლიო, როგორც წესი,  გლობალური სტრატეგიებითა და შესაბამისი ღონისძიებებით პასუხობს. ვფიქრობ, გამონაკლისი მსოფლიოში მძვინვარე პანდემია და მასთან დაკავშირებული სოციალურ -ეკონომიკური კრიზისი იქნება.

მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა ზოგადად უსაფრთხოების საკითხებს ეროვნულ დონეზე, განსაკუთრებით, ურბანულ გარემოში. 21-ე საუკუნის მსოფლიოსთვის, ე.წ. მედეგი (Resilient) ქალაქებისა და დასახლებების განვითარება, უმთავრეს თეორიულ და პრაქტიკულ ამოცანად უნდა იქცეს.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული თბილისის განახლებული გენერალური გეგმის ერთ-ერთ კონცეპტუალურ მიმართულებას, სწორედ მედეგი ქალაქის განვითარების ამოცანა წარმოადგენს. 21-ე საუკუნეში, ბუნებრივი თუ ტექნოგენური კატასტროფების, სხვადასხვა შოკებისა და რისკების, მათ შორის პანდემიების გავრცელების შემთხვევაში, ქალაქი მზად უნდა იყოს ოპერატიული და ეფექტიანი ქმედებისათვის, რამაც მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს შესაძლო ზიანი და დანაკარგი.

ქვეყნის რეგიონებისა და დიდი ქალაქების ტერიტორიების დაბალანსებული განვითარება, ადამიანზე მორგებული გარემო, ბევრად მეტი გამწვანებული და რეკრეაციული სივრცე, ქვეითებისა და ველოსიპედისტებისათვის ხელმისაწვდომი საჯარო სივრცეები, კომფორტული და კონკურენტუნარიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ურბანულ გარემოში არსებული მდინარეების გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა,  მოსახლეობისათვის გახსნილი მდინარის სანაპიროები, მდგრადი და ენერგოეფექტური შენობა-ნაგებობები, განაშენიანების ოპტიმალური სიმჭიდროვის უზრუნველყოფა და სხვ., ის უმნიშვნელოვანესი პირობებია, რომელთა უზრუნველყოფაც ურბანულ გარემოში, პოსტპანდემიურ, პოსტკრიზისულ პერიოდში კიდევ უფრო მეტ აქტუალობასა და მნიშვნელობას შეიძენს.”

წყარო:https://propertygeorgia.ge/

კომენტარი