ველოტრანსპორტის პერსპექტივა თბილისში

ველოტრანსპორტის პერსპექტივა თბილისში

325
გაზიარება

ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს, რომლის პოპულარობაც მთელ მსოფლიოში თანდათან იზრდებოდა, პანდემიამ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა. ბოლო დროს კარგად გამოჩნდა, თუ როგორი მავნე ზეგავლენა აქვს ავტომობილების გამონაბოლქვს გარემოზე, როგორ ამოისუნთქა ბუნებამ ცოტა ხნით მაინც და როგორ ჩავისუნთქეთ ჩვენ სუფთა ჰაერი. ფაქტია, რომ კარანტინმა, იზოლაციამ და შეზღუდვებმა, პრობლემებთან ერთად, ეს სიკეთეც მოგვიტანა და მსოფლიომ უფრო აქტიურად დაიწყო ფიქირე იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნოს, შეძლებისდაგვარად, ის სახარბიელო ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვამ გამოიწვია. ევროპულმა ქალაქებმა ღიად განაცხადეს, რომ ველოსიპედი გადაადგილების პრიორიტეტული საშუალება გახდება. მაგალითად, მილანში ქუჩების ველოტრანსპორტზე გადაწყობა გადაწყვიტეს.

მოკლედ, პანდემიის დამარცხების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი გახდება, თუ როგორ აღარ დავაბინძუროთ ის, რასაც ვსუნთქავთ, ვსვამთ და ვჭამთ. ასე რომ, თუ ოდესმე ამ ყველაფერზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ, ეს, ალბათ, საუკეთესო მომენტია და თბილისს აქვს ამის შესაძლებლობა. მით უმეტეს, ქალაქის მთავარი დოკუმენტიც – თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების გენერალური გეგმა – ჩვენს მხარეზეა.

მამუკა სალუქვაძე – “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორი

-თბილისის განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ბოლო წლების ის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული დოკუმენტია, რომელმაც სერიოზული ბიძგი მისცა დედაქალაქში ველოტრანსპორტის განვითარებას. გენგეგმამ, რომელიც ნორმატიულ დოკუმენტს წარმოადგენს და პრაქტიკულად, აუცილებლად შესასრულებელია, თბილისის მერიას არსებული სატრანსპორტო მოძრაობის იერარქიის გადახედვა და პრიორიტეტების ძირეული ცვლილება შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, უმთავრესი როლი ქალაქის მობილობის საკითხში, ქვეითსა და ველოსიპედისტს, შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ენიჭება და არა კერძო ავტომობილს, როგორც ეს ტრადიციულად იყო დამკვიდრებული თბილისში. სწორედ გენგეგმის ამგვარმა ჩარევამ გამოიწვია ის, რომ დღეს თბილისში, პრაქტიკულად, არ მიმდინარეობს რომელიმე მნიშვნელოვანი ქუჩის რეაბილიტაცია ისე, რომ არ იქნას გათვალისწინებული ველობილიკები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ამავდროულად, გენგეგმის ძირითადი მოთხოვნაა, რომ ველობილიკები არა უსისტემოდ, ცალკეული ქუჩებზე იქნას დაგეგმარებული, არამედ უფრო დეტალური კვლევების საფუძველზე მოხდეს ველობილიკების ერთიანი საქალაქო ქსელის ჩამოყალიბება. კონკრეტული მაგალითისთვის, თბილისის განახლებულ გენერალურ გეგმაში, სქემის სახით, სარეკომენდაციოდ, კონცეფციაც ჩაიდო, თუ როგორ შეიძლება, ვაკისა და საბურთალოს რაიონში საგანმანათლებლო დაწესებულებები და გამწვანებული სივრცეები ერთიან საველოსიპედო და საფეხმავლო ქსელში მოვაქციოთ. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა სწავლობს ამ ორ ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სარგებლობს აქ არსებული სხვადასხვა გამწვანებული სივრცით, საზოგადოებრივი ბაღითა თუ პარკით, რომლებში მოხვედრაც ბევრად უფრო კომფორტული და საინტერესო იქნება საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების მეშვეობით.

ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მიმდინარეობს თბილისის ე.წ „სატრანსპორტო მასტერპლანის“ შემუშავება, რაშიც აგრეთვე მონაწილეობს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორი ორგანიზაცია – „სითი ინსტიტუტი საქართველო“ თავის დანიელ და იტალიელ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. ამ მასტერპლანის ერთი-ერთი პრიორიტეტი, სხვა უამრავ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო საკითხთან ერთად, სწორედ ველობილიკების ერთიანი ქსელის დაგეგმარების საკითხიცაა. საფეხმავლო და ველობილიკების განვითარება აუცილებელია და თბილისს აქვს ამის პერსპექტივა. მითი იმის შესახებ, რომ თბილისი ველოსიპედისტებისთვის მეგობრული ქალაქი არ არის და არ შეიძლება მისი ველოტრანსპორტისთვის გამოყენება, ვფიქრობ, რომ ჩვენს თვალწინ იმსხვრევა.

თამაზ თიკანაძე – თბილისის ველომოყვარულთა კლუბის დამფუძნებელი

-ველოსიპედის ტექნიკურმა მახასიათებლებმა გამოგონებიდან დღემდე ევოლუცია განიცადა და დღეს ის საკმაოდ დახვეწილი მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაა. რა თქმა უნდა, თბილისის მსგავს ქალაქში ველოტრანსპორტს აქვს პოტენციალი. ამ ტრანსპორტის განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯები კომპლექსურია. ის მოიცავს როგორც უშუალოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხებს, როგორიც არის გამოცალკევებული ველობილიკი, პანდუსები, ველოსიპედისტზე მორგებული შუქნიშნები, ასევე, ინფორმაციული და საკანონმდებლო სამუშაოები. დღეს ველოსიპედის მფლობელი საკმაოდ ხშირად არ ითვლება საგზაო მოძრაობის სრულფასოვან მონაწილედ. შესაბამისად, მისი უფლებები დაკნინებულია. კანონშიც საკმაოდ ბევრი ხარვეზი და ბუნდოვნებაა, რაც თავისთავად საჭიროებს განახლებას და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

ადრე თუ გვიან ველოსიპედი თბილისში ერთ-ერთი პოპულარული ტრანსპორტი გახდება, რადგან შეუძლებელია, მზარდი მოსახლეობის პირობებში, თითოეული მოსახლის გადაადგილების სურვილის დაკმაყოფილება ავტომობილით მოხდეს. სამომავლოდ აუცილებელი გახდება, დედაქალაქს ალტერნატიული ტრანსპორტის შეთავაზების საშუალება ჰქონდეს.

ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგი ინიციატივები ვიხილეთ. მაგალითად, ელექტრო სკუტერების გამოჩენა თბილისის ქუჩებში. რა თქმა უნდა, ასეთი პროექტები ველოსიპედებზეც გამოადგებოდა ჩვენს ქალაქს. აუცილებელია უახლოეს მომავალში ვიზრუნოთ იმ ინფრასტრუქტურის მოწყობაზეც, რომელიც ველოსიპედისტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ეკა ლალიაშვილი – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე

-პანდემიის პირობებში საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული ხედვა შეიცვალა. აქცენტი კეთდება იზოლირებულ მგზავრობაზე, რომლის ფარგლებშიც ველოსიპედი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო საშუალებაა. საქართველოში, ამ მიმართულებით, საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გვაქვს. ეს არ ეხება მხოლოდ დედაქალაქს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში ამის საშუალება იქნება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისად და სწრაფად მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს სხვა ტრანსპორტის არსებობას, მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ველოტრანსპორტზე ქალაქში ძალიან დიდი მოთხოვნაა და მას გადაადგილების საშუალებად ძალიან ბევრი ადამიანი გამოიყენებდა უსაფრთხო ინფრასტრუქტურის პირობებში. პანდემიის გამოჩენამდე ქალაქის რამდენიმე წერტილში დაიხაზა ბილიკები, მაგრამ მოსახლეობის წუხილი ამ წერტილების ინტეგრაციის ნაკლებობას უკავშირდება. მოქალაქეთა მხრიდან სურვილი და მზაობა ნამდვილად არსებობს, განსაკუთრებით ეს ეხება ახალაგზრდებს. ამ მოტივაციას ქალაქის ხელისუფლების შესაბამისი ხელშეწყობა სჭირდება. ჩვენ მოვისმინეთ მერის განცხადება იმასთან დაკვაშირებით, რომ იგეგმება ველოსიპედების შემოყვანა და გაქირავება, რასაც არაერთი მოქალაქე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ველოსიპედებზე თავად იზრუნებენ. საჭიროა ბილიკების მოწყობა. კარგი იქნება, თუ პანდემიის შემდგომ პერიოდში გარკვეული ფინანსური რესურსი ინფრასტრუქტურის მოწყობას დაეთმობა.

ჩვენ უკანასკნელი წლებია, გვაქვს სპეციალური დღე ავტომობილის გარეშე, როდესაც ველოგარბენს ვაწყობთ. ქალაქში ვხედავთ ველოსიპედით მოსიარულე თანამოქალაქეებს. ამ ტრანსპორტის გამოყენების მსურველი უამრავი ადამიანი აქტიურობს სოციალურ ქსელში, თუმცა მათ გარემო ხელს არ უწყობს.  რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ველოსიპედით მოსიარულე ბავშვი დაიღუპა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა. ეს მაშინ, როდესაც საგანგებო მდგომარეობის დროს ავტომობილების მოძრაობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. იმდენად მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, რომ მსგავსი ტრაგედია დატრიალდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ აღნიშნული ტრანსპორტით მგზავრობისგან ყველა თავს შეიკავებს, თუ შესაბამისი ზომები არ გატარდება.

დავით მესხიშვილი – საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე

-პირველ რიგში, ჩვენ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ინფრასტრუქტურის მოწყობას ისეთი სატანსპორტო საშუალებებისთვის, როგორიც არის ველოსიპედი, ელექტრო სკუტერი თუ სხვა ეკო მეგობრული ტრანსპორტი, რომელმაც შესაძლოა ისარგებლოს ველო ბილიკით. ის, რაც თბილისის მერმა გააკეთა, ელექტრო სკუტერების პრეზენტაციის სახით, არ არის სწორი დამოკიდებულება და ასე არ ხდება პოპულარიზაცია. მხოლოდ მე ორი შემთხვევა ვიცი, როდესაც ადამიანი ამ ტრანსპორტის გამოყენებისას სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მხარს ვუჭერ ეკო მეგობრულ ტრანსპორტს, თუმცა ის არ უნდა იქცეს ტრაგედიის მიზეზად. ერთი ხელით ვაუმჯობესებთ ეკოლოგიას, მეორე ხელით კი, მოსახლეობას საფრთხეში ვაგდებთ. სკუტერების მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს უპასუხისმგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები. როდესაც ცდილობ საუკეთესო პრაქტიკა გადმოიტანო და ამას არასწორად აკეთებ, ამან შესაძლოა ძალიან მძიმე რეალობის წინაშე დააყენოს მოსახლეობა. მერიის მთავარი ფუნქცია ველოსიპედებისა და ელექტრო სკუტერების შემოყვანა და გაქირავება კი არ არის, არამედ ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამ შემთხვევაში ტრანსპორტი თავად წახალისდება და მომრავლდება როგორც არამხოლოდ გასართობი, არამედ გადასაადგილებელი საშუალება, მაგალითად, დასაქმებული ადამიანისთვის. ელექტრო სკუტერებით ეს ძვირი ჯდება, მათ შეიძლება მსგავსი ხარჯი ერთჯერადად გაიღონ, თუმცა საჭიროა, რომ შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ის, რაც ვაკეში კეთდება, იქნება, საფრთხისშემცველი, რადგან რიგ წერტილებში ველობილიკი გამოდის გზის სავალ ნაწილზე. ერთია გაკეთება, მეორეა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების არსებობა და ამ პირობებში ტრანსპორტი თავად გახდება პოპულარული. არ არის საჭირო ყველაფრის იმგვარი ბიზნესის თვალით ყურება, რომელიც მერიამ უნდა აკეთოს. მერიამ უნდა ჩადოს ფული, რათა ბიზნესი განვითარდეს.

კომენტარი