მეგობრების მიერ მოხატული ბებიის სახლი – ფერადი თვითიზოლაცია წილკანში

მეგობრების მიერ მოხატული ბებიის სახლი – ფერადი თვითიზოლაცია წილკანში

305
გაზიარება

კარანტინი, თვითიზოლაცია, კომენდანტის საათი – ყველაფერი ეს საქართველოში მარტში დაიწყო. ბევრმა მოქალაქემ თავი რაიონში ოჯახებთან ერთად მოიყარა. ზუსტად ასე დაიწყო ამ ფერადი სახლის ისტორიაც.

სამი დიასახლისი წილკანში ერთ-ერთის აგარაკზე შვილებთან ერთად წავიდა. ნინუცამ, ანამ და სოფომ ნინუცას ბებიის სახლი და ეზო გააფერადეს. როგორც ნინუცა „სითი კვირასთან“ საუბრისას ჰყვება, მისი შთაგონების წყარო იტალიის ერთ-ერთი კუნძული, ბურნაო გახდა. ნინუცას თქმით, ის იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ სხვა ფერებსა თუ სტილზე არც კი უფიქრია.

„დაახლოებით, მარტის დასაწყისში მე და ჩემი 2 მეგობარი ჩამოვედით ჩემს აგარაკზე, წილკანში. ეს ის პერიოდია, კარანტინი რომ გამოცხადდა და ჩვენც თვითიზოლირება გადავწყვიტეთ. თავიდან ვფიქრობდით, მხოლოდ წარწერები გაგვეკეთებინა კედელზე, მაგრამ მივყევით და საბოლოოდ, ასეთი შედეგი მივიღეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ გვეგონა, ხატვა არ გვეხერხებოდა“,- იხსენებს ნინუცა.

მეგობრები, ძირითადად, ღამის საათებში ხატავდნენ, როდესაც საქმეებს მოილევდნენ და შვილებს დააძინებდნენ.

„ბებიას სახლი წილკანში, დევნილების დასახლებაშია და ამდენ ნაცრისფერ სახლში ის ნამდვილად გამორჩეული გახდა“,- ამბობს ნინუცა.

კარანტინმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა სასიკეთოდ თუ პირიქით. განვლილი, საკმაოდ მძიმე, პერიოდი არავის დაავიწყდება და ამის შესახებ მომავალ თაობასაც მოვუყვებით ჩვენ ან ისტორიის წიგნები სკოლაში… ეს ფერადი სახლიც ბევრს მოჰყვება: მეგობრობის, ერთობის თუ ფერადი დღეების შესახებ.

კომენტარი