თბილისი-რუსთავის მიმართულებით, ახალი ავტობუსები დაინიშნება

თბილისი-რუსთავის მიმართულებით, ახალი ავტობუსები დაინიშნება

140
გაზიარება

თბილისი-რუსთავის მარშრუტზე კომფორტული და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება და იქ მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო პერიოდში შესყიდული ახალი ავტობუსები იმოძრავებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ მარშრუტზე შესაბამისი ინტენსივობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა არსებული ნაკადის მომსახურება შესაძლებელი გახდება, რაც წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.

კახა კალაძემ ზუსტი მარშრუტის, საწყისი და საბოლოო წერტილების, ასევე, გაჩერებების იდენტიფიცირებისა და დამუშავების პროცესის დაწყება მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა. საზოგადოებამ კარგად იცის ჩვენი მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე მოწესრიგებული, სწრაფი და კომფორტული. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით, დავიწყეთ ავტობუსების პარკის განახლება, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. წლის ბოლომდე ე.წ. ყვითელი ავტობუსები მთლიანად იქნება ჩანაცვლებული, რადგან მათ ყველანაირი რესურსი ამოწურეს. ამ რეფორმაში აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით, ტრანსპორტის განვითარების გენერალურ გეგმას ამუშავებს, რათა ვიცოდეთ კავშირები, ქსელები, ველობილიკები, ახალი გზები, ხიდები. გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი გვეხმარება, რომ ავტობუსების ქსელები და მიმართულებები იყოს შემუშავებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული კვლევების ფარგლებში, ვმუშაობდით იმაზე, რომ თბილისთან ახლოს მყოფი ქალაქები მოგვეკვლია და მასთან კავშირები განგვესაზღვრა. ერთ-ერთი ასეთია თბილისი-რუსთავის კავშირი, რომელიც საკმაოდ დატვირთულია. დღის განმავლობაში, ამ მიმართულებით, 30 000 ადამიანი გადაადგილდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისი-რუსთავის მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნის შესახებ დედაქალაქის მერიაში არაერთი მოთხოვნა შედის.

„ბევრი წერილი შემოდის ახალგაზრდების მხრიდან, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა თბილისი-რუსთავის გზაზე სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს თბილისიდან რუსთავში ჩამოსვლა და პირიქით, რუსთავიდან თბილისში გადაადგილება. მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, ძალიან სწრაფად იქნეს წარმოდგენილი სრულყოფილი გეგმა და წერტილები, საიდან უნდა მოხდეს ავტობუსების გასვლა რუსთავის მიმართულებით. დედაქალაქის მერია აიღებს ამ პასუხისმგებლობას და თბილისი-რუსთავის მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი – განახლებული, ახალი ავტობუსები იმოძრავებს, როგორიც თბილისის მოსახლეობას ემსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკის განახლების გეგმას კიდევ ერთხელ შეეხო და შესყიდვების პროცესის შეფერხების მიზეზები განმარტა.

„შესყიდვები დაწყებული გვაქვს და ახლა ველოდებით 12-მეტრიან ავტობუსებს, რომელიც დედაქალაქში შემოსვლას მალე დაიწყებს. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში, ვაპირებთ კიდევ 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას და შემდეგი იქნება უკვე 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვა. ყველა ამ ღონისძიებით მოწესრიგდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და იქნება ისეთი, როგორც არასდროს. ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც შეძლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად მოწესრიგებას. გარდა ამისა, მიკროავტობუსების ჩანაცვლება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილებაც მიღებული იყო და პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, ტენდერი დროებით შევაჩერეთ. მიკროავტობუსების შესყიდვის პროცესი აუცილებლად განახლდება და მიკროავტობუსებიც იქნება მოწესრიგებული. ამ პროექტების განხორციელების პარალელურად, ასევე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, შეიქმნას საავტობუსე ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეფერხების გარეშე იმოძრაოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარი