კლუბები ძველ თბილისში

კლუბები ძველ თბილისში

216
გაზიარება

ვებგვერდი „მადათოვი“ მკითხველს ძველი თბილისის შესახებ არაერთ საინტერესო ამბავს უზიარებს. გვერდზე გამოქვეყნებული იმდროინდელი გაზეთების ამონარიდებიდან, ფაქტობრივად, თავად პუბლიკაციების ავტორები გვესაუბრებიან მაშინდელი ენით, სტილით, ფიქრებითა და საჭიროებებით.

მათი წაკითხვა განსაკუთრებით საინტერესოა მისთვის, ვისაც თბილისის ისტორია, კულტურა და ყოველდღიური ცხოვრება იმდენად უყვარს, რომ არასდროს ამბობს უარს, რამდენიმე წუთით იმოგზაუროს წარსულში და ძველი თბილისის თვალით დაინახოს ქალაქის იმჟამინდელი ყოფა. ძველი გაზეთები სხვადასხვა სახის ამბავს ინახავენ და რაღა თქმა უნდა, რომ ამ ყველაფერში ერთ-ერთი მთავარი ადგილი გაზეთ „დროებას“ უკავია. ეს ამბავიც სწორედ ამ გაზეთიდანაა.

გაზეთი „დროება“, 1875 წ.

„ამბობენ, რომ როდესაც მეთექვსმეტე საუკუნეში პირველი ყავახანები გაიხსნა სტამბოლს, რაც ახალგაზდა, წარმატებისა და თავისუფლების მოყვარე ხალხი იყო, იქ დაიარებოდაო და ამ ყავახანებში ხშირად საზოგადო საქმეებზე გაცხარებული ბაასი ჩამოვარდებოდაო.

ამბობენ, რომ მაშინდელი ოსმალოს მმართებლობა ძალიან ეჭვიანად და დაუნდობლად უყურებდა ყავახანების კრებებს, სადაც ყავის სმის დროს მოქალაქენი სახელმწიფო საქმეებზე და საზოგადოთ ისეთს საგნებზე სჯიდნენ, რომელნიც მმართებლობას სრულიად არ მოსწონდა.

ამნაირივე მნიშვნელობა აქვს პარიჟის ამ დროინდელს ყავახანებს. აქ თითქმის ყოველ დღე იკრიბებიან ნაცნობები, თავისუფლად მუსაიფობენ და სჯიან სხვა და სხვა საერო საგნებზე და ხშირად აქვე თავიანთ კერძო საქმეებსაც არიგებენ.

კლუბებსაც ადრე იმნაირივე დანიშნულება ჰქონდათ და ევროპაში ეხლაცა აქვსთ. აქაც საზოგადო ლაპარაკით, საუბრით, ბაასით და სხვა და სხვა თავის შექცევით დროებას ატარებენ და ატარებდნენ. საფრანგეთში და ინგლისში უანგარიშო კლუბებია რომლების წევრთაც ერთი რამ განსაკუთრებული საგანი ამოურჩევიათ და უმთავრესად იმის აღსრულებას მისდევენ.

მაგრამ სამზღვარ გარეთ ერთს იმისთანა კლუბს ვერ ნახავთ, რომ თავის მოქმედების მიზნათა და დროების გასატარებელ საშუალებად მხოლოდ ქაღალდის თამაშობა და ტანცაობა მიაჩნდეთ ისე, როგორც თითქმის ყველა ჩვენებურ კლუბებშია.

პირველად, გახსნისა თანავე, თფილისის არტისტიულ წრეს ჩინებული პროგრამა ჰქონდა თავის დანიშნულობისა: კლუბის დამაარსებელნი აცხადებდნენ, რომ, ჩვეულებრივს საღამოებისა და ბალების გარდა, ჩვენი კლუბიც ეცდება რაც შეიძლება უფრო ხშირად ლიტერატურული საღამოები, კონცერტები და სხვა ამ გვარი კეთილშობილური და სასიამოვნო რამეები გავმართოთო.

ეს კეთილი განზრახვა განზრახვად დარჩათ: სისრულეში მოყვანა კი არავის უფიქრნია, და ეს წრეც ისეთივე კლუბათ გადაიქცა, როგორც ჩვენი ინგლისის კლუბი და თფილისის კრება, რომლებშიაც ქაღალდის თამაშობისა და ბალების გამართვის მეტს ვერას ვხედავთ.

როდესაც კლუბს ამნაირი დანიშნულება აქვს, როდესაც წევრნი მხოლოდ ქაღალდის სათამაშოთ და საცეკვავად მიდიან თავიანთ კლუბში, მაშინ, უეჭველია, არავის არ უნდა ჰქონოდა უფლება მოეთხოვა, რომ ესა და ეს პირი შეიძლება იყოს კლუბშიო და ესა და ეს არაო, რადგან ქაღალდის სათამაშოდ და ხტუნვისთვის ყველანი გამოდგებიან.

გარჩევა წევრად მისაღები პირებისა მაშინ უნდა ჰყოფილიყო, როდესაც კლუბს სხვა ისეთი დროს გასატარებელი საშუალება და ან სხვა ისეთი რამე საქმეები ჰქონდეს, რომელშიაც ზოგ გვარი ხალხის გარევა შეიძლება მავნებელი იყოს. მაგრამ ტანციობაში და ქაღალდის თამაშობაში!..

თუ ჩვენს კლუბებს ამ თვალით შევხედავთ, მაშინ, უეჭველია, გაგვიკვირდება ის გარემოება, რომ ამ უკანასკნელ დროს ორმა აქაურმა კლუბმა ერთი წევრი გამორიცხა ვითომც რაღაც „საძრახი ყოფაქცევისთვის“…

კაცმა არ იცის – რა არის ჩვენი კლუბებისთვის ეს „საძრახისი ყოფაქცევა“. ჩვენ არ ვამართლებთ გამორიცხულ წევრს; ვსთქვათ, იმას მართლა და ნამდვილად რომელიმე საძრახი ყოფა-ქცევა ჰქონდა; მაგრამ ზემოხსენებული კლუბების ყველა წევრებს ვსთხოვთ, გულზე ხელი დაიდონ და წრფელი სინდისით გვიპასუხონ: რომელია იმათში ისეთი უმანკო, რომელსაც რომელიმე საძრახი მოქმედება არ ჩაედინოს?

ამნაირის ლოგიკით რომ მოიქცნენ, ხომ ყველა კლუბები ერთ დღეს დასაკეტი შეიქნება!..“

კომენტარი