პანდემიების გავლენა ქალაქგეგმარებაზე – რას შეცვლის COVID19 არქიტექტურასა და მშენებლობაში ?

პანდემიების გავლენა ქალაქგეგმარებაზე – რას შეცვლის COVID19 არქიტექტურასა და მშენებლობაში ?

211
გაზიარება

საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოსათვის ცნობილი და ფართოდ გავრცელებული პანდემიები აიძულებდნენ მშენებლებს, შეეცვალათ არქიტექტურა და ქალაქგეგმარება – შეიძლება ითქვას, ამ დაავადებებმა საკუთარი კურსი მისცა არქიტექტურის ევოლუციას.

ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში, როცა ევროპის მოსახლეობის თითქმის მესამედი ე.წ ბუბონურმა ჭირმა გაანადგურა, შეიმუშავეს საკარანტინე ობიექტები, გახსნეს დიდ სივრცეზე გაზრდილი საზოგადოებრივი ადგილები და თქვენ წარმოიდგინეთ, ქუჩებიც კი გააფართოვეს, მთლიანად შეიცვალა საცხოვრებელი კვარტლების გეგმარებაც.

მე-18-მე-19 საუკუნეებში ყვითელმა ცხელებამ და ქოლერამ ქალაქების საკომუნიკაციო ქსელების მოდერნიზაცია გამოიწვია – გარეუბნებიც კი დახურული ტიპის საკანალიზაციო სისტემაზე გადავიდნენ. ამავე პერიოდში შეიმუშავეს დაავადებათა რუკები და ასე ცდილობდნენ, ეპიდსიტუაცია უკეთ ემართათ.

მე-20 საუკუნე ეპიდემიებით საკმაოდ უხვი აღმოჩნდა, თუმცა მათგან ყველაზე მძიმე ესპანური გრიპი, ე.წ “ესპანკა” იყო. სწორედ ამ დაავადებამ შეცვალა ბევრი რამ, არა მხოლოდ მშენებლობის ტრადიციაში, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ ასპარეზზე – შეიცვალა ურბანული დაგეგმარება, შემოიღეს ბინადრობის რეფორმა, დაიწყო ნარჩენების მართვის პოლიტიკა და დიდი ქალაქები ფუნქციურ ზონებად დაიყო.

ნათელია, რომ ჩვენს ცხოვრებაზე კორონავირუსს მეტი თუ არა, მსგავსი გავლენა აუცილებლად ექნება. საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრი სფერო მოდერნიზაციას განიცდის და ეცდება, ახალ გამოწვევებს სათანადოდ მომზადებული დახვდეს. რასაკვირველია, ცვლილება შეეხება არქიტექტურასაც. ქვემოთ მოყვანილია 5 ტენდენცია, რაც “გარდიანის” აზრით, კორონავირუსის შემდეგ პერიოდში მსოფლიო მშენებლობას განსაზღვრავს.

  1. მოდულარული მშენებლობა  –პანდემიის პერიოდში არქიტექტურის მთავარი გამოწვევა სისწრაფე იყო: მაქსიმალურად მცირე დროში უნდა შექმნილიყო საავადმყოფოები, საკარანტინე სივრცეები და დროებითი საცხოვრებლები. სწორედ ამ გამოწვევის მთავარი პასუხია მოდულარული მშენებლობა – შენობის ცალკეული ელემენტები იწყობა სტანდარტიზებულ ასაწყობ ქარხანაში და შემდეგ “ლეგოს” პრინციპით მონტაჟდება ერთ ადგილას.

სწორედ ეს მეთოდი გამოიყენეს ჩინეთის ქალაქ უჰანში, როცა რამდენიმე დღეში შეძლეს სრულად აღჭურვილი საავადმყოფოს აშენება. შედარებისათვის უნდა ითქვას, რომ  ამ მასშტაბის საავადმყოფოს აშენებისათვის დაახლოებით ორი წელია საჭირო.

2. გამოწვევის მეორე პასუხი შენობის ადაპტური გამოყენებაა, რაც არსებული შენობის ფუნქციის ცვლილებას და მის ახალ მოთხოვნებთან მარტივ და სწრაფ ადაპტაციას გულისხმობს. ეს არის  ყველაზე ეფექტური გზა სასწრაფო დახმარების ობიექტების შესაქმნელად. ამის ნათელი მაგალითი ნიუ-იორკის სავაჭრო ცეტრი ან ლონდონის საგამოფენო სივრცეა, პირველი მათგანი – 2900, ხოლო მეორე 3000-საწოლიან სამედიცინო დაწესებულებად 48 საათში იქცა.

3. ე.წ მსუბუქი არქიტექტურა – მშენებლობის პროცესში მსუბუქი მასალების გამოყენება აადვილებს როგორც ტრანსპორტირების პროცესს, ასევე აშენებას. ყველას გვინახავს სწრაფი კვების ობიექტების მარტივი, მინის ან სხვა მსუბუქი მასალის კონსტრუქციებით აგებული შენობა. შეიძლება ითქვას, დაახლოებით ასე გამოყურება მსუბუქი მასალებით აგებული სახლი, რომელიც, რასაკვირველია, მორგებული უნდა იყოს ლანდაშაფტურ და სეისმურ პირობებს.

მსუბუქ მშენებლობაში იგულისხმება ასევე საველე საავადმყოფოებიც და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ე.წ გასაბერი ჰოსპიტალიც, რაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე წარმატებით გამოიყენეს.

4. ჯანმრთელი მშენებლობა – კარანტინში გატარებულმა დღეებმა ცხადყო, რომ სახლის დაგეგმარებასა და მოწყობაზე დროის, ენერგიისა და ფინანსების დაზოგვა არ ღირს. ასევე არ ღირს, უგულებელვყოთ ეკოლოგია და სახლი მავნე ნივთიერებების შემცველი მასალებით გავარემონტოთ, მიუხედავად იმისა, რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ეს უკანასკნელი ვარიანტი.

უფრო მეტი ბუნებრივი სინათლე, გაუმჯობესებული ვენტილაცია, ნაკლები ტოქსიკური ნივთიერება, მცენარეებისა სხვა ბუნებრივი მასალის შეყვანა, დიდი ფანჯრები, გადახურული ტერასები, აივნები და ეზოები, სავარჯიშო და მედიტაციის ადგილები – ეს ჩამონათვალი თქვენს არა მხოლოდ კარანტინს, არამედ ნებისმიერ ჩვეულებრივ დღეს გაცილებით პროდუქტიულს გახდის. რაც მთავარია, სახლი შედარებით ეკომეგობრული იქნება

თუმცა, კოვიდ19-ის პირობებში ამ კრიტერიუმის მთავარი გამოწვევა მაინც სათანადო ვენტილაციაა.

5. კომუნიკაციური სისტემა – დისტანციურ კომუნიკაციაზე გაზრდილმა მოთხოვნამ, შესაძლოა გავლენა იქონიოს ქალაქების ცხოვრების სტილზე. სახლიდან გასვლაზე დაზოგილი დრო, დისტანციური სწავლება, ინტერნეტმაღაზიები და ონლაინგართობის უამრავი შეთავაზება – თუკი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კოსმოსიდან გადაღებული ფოტოები ნახეთ, დაგვეთანხმებით, რომ ამ ყველაფერმა ეკოლოგიურ გარემოზე ძალზე დადებიტად იმოქმედა. დისტანციურმა კომუნიკაციამ სხვა ცვლილებამდეც მიგვიყვანა – მაგალითად ნიუ-იორკში დასაქმებული ადამიანების თითქმის 30% მეტროპოლიიდან გარეუბანში, ან სულაც სხვა ქალაქში გადავიდა, სადაც მისი ყოველთვიური ხარჯი გაცილებით ნაკლები იქნებოდა. მართალია, ეს მხოლოდ ვარაუდია, თუმცა დემოგრაფები ვირუსის ერთ-ერთ გავლენად განსახლების ადგილების გეოგრაფიულ განშლას ასახელებენ. სწორედ ამიტომ, მომავალი წლების განმავლობაში კომპანიებმა მომხმარებლებს გარეუბნებსა და პატარა ქალაქებში დისტანციურ კომუნიკაციაზე მაქსიმალურად ადაპტირებული შენებლობა უნდა შესთავაზონ.

არქიტექტურა ცოცხალი სფეროა, იგი მუდამ ვითარდება, ფეხს უწყობს სიახლეებსა და გამოწვევებს და ქმნის ეპოქის ამსახველ ნაგებობებს. ქრისტეშობიდან მესამე ათასწლეულის პირველი სერიოზული გამოწვევა, რასაკვირველია, ამ და სხვა სფეროს საკუთარ კვალს დაატყობს.

წყარო: http://kartuli.kvira.ge/

კომენტარი