როგორ უნდა დაიწყოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ფუნქციონირება – გელა კვაშილავას მოსაზრება

როგორ უნდა დაიწყოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ფუნქციონირება – გელა კვაშილავას მოსაზრება

165
გაზიარება

ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარის,  გელა კვაშილავას განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებით არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიჭედოს. ამის შესახებ კვაშილავამ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

კვაშილავა გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ავტობუსებში ამ ეტაპზე მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ იქნება.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა დიდი იქნება. როგორც კვაშილავა აცხადებს, დამატებით ავტობუსების მობილიზება განსაკუთრებით პიკის საათებში უნდა მოხდეს.

„ევროპის ქალაქებში ადამიანები თავს არიდებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას. იქ უმრავლესობას ავტომობილი ჰყავს. ჩვენთან, დაახლოებით, 25 %-ს ჰყავს მანქანა.

ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაინც მოსალოდნელია, რომ მეტი დატვირთვა მოვა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ტრანსპორტში გადაჭედვა და ჭყლეტა არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. შეიძლება, 2-მეტრიანი დისტანცია ვერ დაიცვა, მაგრამ ნახევარი მეტრის, ერთი მეტრის დაცვა შესაძლებელია.

სხვადასხვა ქვეყანაში, ვინც ტრანსპორტის სფეროში საქმიანობს, ბევრთან მაქვს კავშირი. იმ ქვეყნებში, სადაც ინფიცირების მაღალი რიცხვია, ტრანსპროტში ჯვარედინად სხედან, გვერდიგვერდ ჯდომა არ შეიძლება. ჩვენთან არაა ინფიცირების საგანგაშო მაჩვენებელი, მაგრამ ჭყლეტა არ უნდა იყოს. მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიის წარმოება, ხალხს უნდა აუხსნან, რომ რაღაც დისტანციის დაცვა აუცილებელია.

მნიშვნელოვანია, მეტროსა და ავტობუსებში სანიტაიზერები განთავსდეს; მეტროს ბაქანზე, ავტობუსის გაჩერებებზე სტიკერები დაიკრას, რომელიც მიანიშნებს, რომ გევრდიგვერდ არ დადგნენ ადამიანები. გაჩერებებზე უნდა იყოს კონტროლი, ადამიანს უნდა აუხსნან, რომ 5-10 წუთში მეორე ავტობუსიც მოვა.
მერიისთვის ხომ არის ცნობილი, სად და რომელ საათებშია ყველაზე დიდი მოთხოვნა? იქ უნდა იყოს ყურადღება. გადატანილი ყველა ტრანსპორტის მაქსიმალურად მობილიზება პიკის საათებში უნდა მოხდეს.
ითქვა, რომ დღის ბოლოს დეზინფექცია ჩაუტარდება ტრანსპორტს. შესაძლებელია, შუადღეზეც ჩატარდეს დეზინფექცია.

ასევე, მნიშვნელოვანია, დროებითი ველობილიკები გაკეთდეს. ხალხის დადის ველოსიპედებით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ტრანსპროტში გადატვირთვა არ მოხდეს. მოკლე მანძილებზე ვინც გადაადგილდება, ისინი გამოიყენებენ ველობილიკებს“, – განაცხადა კვაშილავამ „კვირასთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, ხვალიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. როგორც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტრანსპორტში კონდიცირება ჩართული არ უნდა იყოს.
„არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონდიცირება ჩართული და ფანჯრები უნდა იყოს ღია, მეტროს არ აქვს ამის აუცილებლობა, ისედაც ჰაერი ფანჯრებიდან ნიავდება“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მიკროავტობუსებში მგზავრები ფეხზე ვეღარ დადგებიან.

თამუნა შეყილაძე

კომენტარი