მალე თბილისს ღია ცის ქვეშ მოწყობილი კინოთეატრი ექნება

მალე თბილისს ღია ცის ქვეშ მოწყობილი კინოთეატრი ექნება

74
გაზიარება

კინომოყვარულებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო სიახლეა: მართალია, ქართული კინოთეატრები პანდემიის გამო ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში ვერ აახლებენ მუშაობას, თუმცა მალე მაყურებლებს საქართველოს ორ დიდ ქალაქში Drive-In კინოთეატრებით სარგებლობა შეეძლებათ.

კინოთეატრების ქსელი „კავეა“ უახლოეს მომავალში აპირებს, რომ თბილისში ერთდროულად ორი ე.წ. Drive-In, იგივე ღია ცის ქვეშ მოწყობილი კინოთეატრი გახსნას.

როგორც On.ge-სთან საუბარში „კავეას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა დაადასტურა, ერთი კინოთეატრი ლისის ტბის მიმდებარედ, ახალ იპოდრომზე მოეწყობა.

“მალე, ლისის ტბაზე, ახალ იპოდრომზე კავეას ქსელი მანქანებისთვის კინოთეატრს გახსნის და მაყურებელი უახლეს რეპერტუართან და მსოფლიო პრემიერებთან ერთად, კინომარათონებს და სხვა თემატურ ღონიძიებებს იხილავს”, — აცხადებენ კავეაში.

Drive-In კინოთეატრი ივლისის დასაწყისში გაიხსნება და მაყურებელს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მინიმუმ 200 ავტომობილით მაინც შეეძლება, რომ კინოსეანსებს დაესწროს. ასევე ცალკე სივრცე ექნებათ სხვა ტრანსპორტით მისულ სტუმრებსაც (მაგალითად, სკუტერებითა და მოტოციკლებით).

კინოჩვენებები საღამოს რვა საათის შემდეგ მოეწყობა და დიდი ალბათობით, დღეში ორი სეანსი გაიმართება. ჩვენებაზე დასწრების ღირებულება ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

თბილისელ მაყურებელთან ერთად მალე ბათუმელ კინომანებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ ფილმებს Drive-In კინოთეატრში უყურონ: ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრის ცნობით, ბათუმის ახალი სტადიონის პარკინგზე მოეწყობა კინოთეატრი, სადაც მაყურებლებს ახალ მსოფლიო პრემიერებთან ერთად საყვარელი კინოსურათების ხილვა შეეძლებათ.

კომენტარი