საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ვირუსი

საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ვირუსი

76
გაზიარება

მსოფლიოში განვითარებული მოვლებიდან გამომდინარე, დღეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შესაბამისად, covid-19-ის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების საფუძველზე რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • მუნიციპალიტეტებში გაზარდეთ ავტობუსების რაოდენობა, მინიმუმ, ორჯერ. რაოდენობის გასაზრდელად გამოიყენეთ საქალაქთაშორისო ავტობუსები, აგრეთვე ტურისტულ კომპანიებზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებები. ცნობისთვის: საქართველოში რეგისტრირებულია 23 000-ზე მეტი ავტობუსი;

ამ გზით შემცირდება ლოდინის დრო, აგრეთვე, საზ-ტრანსპორტში შემცირდება მგზავრებს შორის სიმჭიდროვე; მაგალითად, დედაქალაქში ავტობუსების რაოდენობა გაზარდეთ 1 500-მდე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ხარჯზე; საზ-ტრანსპორტი მგზავრებით უნდა დაიტვირთოს მხოლოდ 50 %-ით.

  • ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და ტაქსიშიც დაამონტაჟეთ მძღოლის სივრცის მგზავრებისგან გამოსაყოფი დამცავი. უზრუნველყავით მძღოლები ყველა საჭირო დამცავი საშუალებით;
  • ჩამოაყალიბეთ დროებითი სამსახური: „მგზავრის დამხმარე პერსონალი“, რომლის მთავარი ფუნქციაა, მგზავრებს ადგილზე მიაწოდოს რეკომენდაციები, გააცნოს საგანგებო წესები და მიუთითოს წესების დაცვისკენ. ჩვენ შემთხვევაში, ასეთი ფუნქცია გადამზადების შემდეგ შეიძლება შეასრულონ „კონტროლიორებმა“;
  • დააწესეთ ყოველდღიური კონტროლი მძღოლების ჯანმრთელობაზე;
  • განალაგეთ სპეციალური ნიშნულები და დისტანციის მიმთითებელი ნიშნები ყველა სატრანსპორტო საშუალებაში, ავტობუსში, მიკროავტობუსში, ავტოსადგურში, გაჩერებაზე, მეტროს მოსაცდელ სადგურსა თუ მატარებლის ვაგონში;
  • მონიშნეთ დასაჯდომი ადგილები, რათა მგზავრებმა დაიცვან მოთხოვნილი მანძილი. შეამოწმეთ ნიშნულები ყოველდღიურად, რომ მისი დაზიანების ან მოძრობის შემთხვევაში დროულად შეცვალოთ ახლით;
  • > მგზავრები ავტობუსში ჩასხდომა/გადმოსხდომისას სარგებლობენ სხვადასხვა კარით;
  • > საზ-ტრანსპორტში დაამონტაჟეთ მოწყობილობა (სანიტაიზერი) ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარის მისაღებად;
  • ჩაატარეთ სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ავტობუსების გაჩერებებზე, ავტოსადგურებში, მეტროსადგურებში და თავად სატრანსპორტო საშუალებებში. აგრეთვე მეტროსა და მატარებლების ვაგონები დაამუშავეთ შესაბამისი ხსნარით.

დავით მესხიშვილის სვეტი.

წყარო: GVIBA-ინსპექტირება საქართველოს მასშტაბით.

კომენტარი